Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ადრეული განვითარების სპეციალისტი მარიამ ზაქაშვილი.

გვესაუბრეთ, რა როლი ენიჭება ადრეული განვითარების სპეციალისტს ბავშვის განვითარებაში და რა არის თქვენი ფუნქცია?

ადრეული განვითარების სპეციალისტის როლი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვის განვითარებაში ასევე ოჯახის გაძლიერებაში.  ამ მიმართულებით საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს „საქართველოს პორტიჯის ასოციაცია“, რომლის მთავარი მისია ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ჩვენ, ადრეული განვითარების სპეციალისტები, აქტიურად    ვუწყობთ ხელს ბავშვის ინკლუზიურ სკოლამდელ ან სასკოლო განათლებაში  ტრანზიციას და ვეხმარებით ახალ გარემოსთან შეგუებასა და ჩართულობაში. მაგ:  მშობლის სურვილის შემთხვევაში თერაპიები  ხორციელდება საბავშვო ბაღშიც, მონაწილეობას ვიღებთ ბაღის ან სკოლის მულტიდისციპლინური გუნდის შეკრებებში და ა.შ. 

არავისთვისაა უცხო, რომ ბავშვები ყველაზე კარგად ნაცნობ ადამიანებთან და გარემოში ყველაზე კარგად ვითარდებიან და  სწავლობენ. თუმცა, ხშირად, შესაძლოა მშობელს/მომვლელს არ ჰქონდეს დრო, რესურსი ან შესაბამისი სპეციფიკური ცოდნა, რომ ბავშვის თანმიმდევრული განვითარება ეფექტური და საინტერესო გახადოს.  ადრეული განვითარების სპეციალისტის მთავარი ფუნქცია სწორედ ესაა, რომ ოჯახს მხარი დაუჭიროს, შესძინოს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და  ბავშვს შეუქმნას განვითარების ხელშემწყობი პოზიტიური გარემო. დაანახოს, რომ რესურსი და დრო ყოველთვის არსებობს, მთავარია სწორად გავანაწილოთ და დავინახოთ არსებული მდგომარეობა. 

რა ასაკის ბავშვებთან მუშაობთ და რა არის წამყვანი აქტივობა ამ მიმართულებით?

ადრეული განვითარების სპეციალისტი მუშაობს 0-დან 7 წლამდე ბავშვთან და მის ოჯახთან, ნებისმიერ ადგილზე, სადაც არსებობს სპეციალისტის ჩართულობის საჭიროება. შესაძლოა ეს იყოს სახლი, ბაღი, გასართობი პარკი, ცენტრი…  

ადრეულ განვითარებაში განსაკუთრებული როლი უკავია თამაშს, რომელიც ყველაზე ეფექტური და ამავე დროს ბავშვისათვის ყველაზე საინტერესო სწავლების მეთოდია. ხშირად სწორედ ამ მიმართულებით აკრიტიკებენ ადრეული განვითარების სპეციალისტებს, რადგან საქართველოს რეალობაში თამაში არაფრისმომცემ საქმიანობადაა აღქმული. რეალურად კი, ის  ყველაზე ეფექტური გზაა იმისათვის, რომ ბავშვმა და ოჯახის სხვა წევრებმა სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარონ დრო. 

ადრეული განვითარების სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, და ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, ბავშვის მშობლის/მომვლელის მხარდაჭერა და მასთან ეფექტური კომუნიკაციაა. თუკი  მშობელი ენდობა სპეციალისტს, თუკი მათ შორის არსებობს პოზიტიური კომუნიკაცია, ყოველთვის რეალური მიზნები და მოლოდინი ისახება და შედეგით კმაყოფილია როგორც ოჯახი, ისე სპეციალისტი. 

ადრეული განვითარების სპეციალისტის მუშაობაში, თავდაპირველად,  განსაკუთრებული როლი უჭირავს  ბავშვის, ოჯახის და გარემოს შეფასებას, საშუალო პერიოდი დაახლოებით 14-16 ვიზიტია.  ხშირად ამის გამოც გვაკრიტიკებენ, თუმცა მინდა თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გავიაზროთ ამ შეფასებების საჭიროება. კარგად რომ დავფიქრდეთ, ყველანი შევთანხმდებით, რომ ნამდვილად არაა საკმარისი 16 საათი ერთმანეთის გასაცნობად. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ბავშვის განვითარებას ეხება. თუკი გვინდა, რომ მიზნები დაისახოს სწორად, თუკი გვინდა ჩვენი (სპეციალისტის და ოჯახის) მუშაობა ეფექტური იყოს, აუცილებელი და საჭიროა, ერთმანეთი კარგად გავიცნოთ. გავიაზროთ საჭიროებები და ძლიერი მხარეები, რათა საბოლოოდ შევძლოთ ძლიერი მხარეების დახმარებით ჩვენი საჭიროებების ძლიერ მხარეებად გადაქცევა. 

როგორ მიმდინარეობს თერაპიის პროცესი, იმყოფებიან თუ არა ასეთ დროს მშობლებიც  ოთახში და რა როლი აქვს ოჯახის და მშობლების მხარდაჭერას?

თერაპიის პროცესში სპეციალისტი და ბავშვი არ რჩებიან ოთახში მარტოები, სესიის დროს მშობელი/მომვლელი უნდა იყოს წამყვანი და თერაპევტი მხარდამჭერი, რომელიც  აძლევს უკუკავშირს, საჭიროების შემთხვევაში აჩვენებს. სპეციალისტი და მშობელი/მომვლელი ერთობლივად გეგმავენ და ცვლიან ინფორმაციას. ქართულ რეალობაში თერაპევტი აღქმულია, როგორც პირი, რომელიც სესიას ატარებს ბავშვთან ერთი-ერთზე. ადრეული ინტერვენციის სესიის პროცესში ჩართული უნდა იყოს მთელი ოჯახი: მშობლები, დედმამიშვილები, ბებია-ბაბუა. არ ვგულისხმობ, რომ ყოველ სესიას ყველა ესწრებოდეს, თუმცა საჭიროა თითოეულმა მათგანმა დაინახოს საკუთარი როლი ბავშვის განვითარებაში. 

ადრეული განვითარების სპეციალისტმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს სახლში ბავშვის სათამაშო სივრცის მოწყობაში, რესურსების შეძენაში, დედმამიშვილებთან ურთიერთობის ხელშეწყობაში, თანატოლებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაუმჯობესებაში… ადრეული განვითარების სპეციალისტის როლი იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რამდენადაც ოჯახი მისცემს მას ამის შესაძლებლობას. გვახსოვდეს, რომ სპეციალისტი აკეთებს მხოლოდ იმას, რაც ოჯახისთვის პრიორიტეტია, თუმცა ცდილობს საჭიროებები დაანახოს და მხარი დაუჭიროს მიზნების სწორად დასახვაში. ამისთვის კი აუცილებელია ხშირი საუბარი, რაც თერაპიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. 

ასევე, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ნებისმიერი უნარის განვითარებისთვის სულაც არაა საჭირო რაიმე განსაკუთრებული სათამაშოს ან გარემოს მოწყობა. ადრეულ ინტერვენციაში დიდ როლს თამაშობს ოჯახის რუტინა და ის, თუ როგორაა ბავშვი ჩართული ამ ყოველდღიურ საქმიანობებში. ნებისმიერ საქმეში შესაძლებელია განვავითაროთ ბავშვის უნარები და შევუწყოთ ხელი მის პოზიტიურ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. 

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველა ოჯახთან განსხვავებული, მათი ცხოვრების წესზე მორგებულად, ინდივიდუალურად მიმდინარეობს თერაპიული პროცესი.  ასევე,  ძალიან ხშირად, პირველ ეტაპზე ბავშვზე მეტად,  მშობელს სჭირდება ემოციური მხარდაჭერა,  რაც ჩემთვის, როგორც ადრეული განვითარების სპეციალისტისთვის  მოტივაციის მომცემია,  თუმცა ზოგჯერ გამოწვევაცაა. 

ჩემი ძალიან დიდი თხოვნა და რჩევა იქნება, როცა რაიმე თერაპიაში ჩართვას გადაწყვეტთ, იქამდე აუცილებლად გაარკვიეთ, რას გულისხმობს ესა თუ ის თერაპია. მინდა გაგიზიაროთ Facebook გვერდი და ასევე ვებგვერდი, სადაც შეძლებთ უფრო დეტალურად გაეცნოთ ადრეული განვითარების პრინციპებსა და თითოეულ ორგანიზაციას, რომელსაც აღნიშნული სერვისი აქვს.  

https://www.facebook.com/ECIGeorgia

http://adreuli.ge/ka

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5