პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი თინათინ ქართველიშვილი.
რას ნიშნავს ადრეული წიგნიერება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარების პროცესში?
ადრეული წიგნიერება არის ცნება, რომელიც მოიაზრებს მცირე ასაკში ბავშვის სხვადასხვა სახის ტექსტთან ურთიერთობას, რაც კოგნიტური, სოციო-ემოციური თვალსაზრისით ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს. პატარებს უყალიბდებათ დადებითი განწყობები კითხვისა და წერის მიმართ, წიგნს აიგივებენ გართობასთან და კითხვას – დროის სასიამოვნოდ გატარებასთან.
რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვებისთვის წიგნების კითხვა?
ბავშვებს ყველა ასაკში შეიძლება შევთავაზოთ წიგნები სხვადასხვა მიზნით. 6 თვემდე ბავშვებს უნდა შევთავაზოთ წიგნები, რომლებიც გაფორმებულია იოლად აღსაქმელი შავ-თეთრი, კაშკაშა ფერადი, მარტივი ფიგურებით, რათა ჩვილის ყურადღება მიიპყროს და გააქტიუროს თავის ტვინის მხედველობის ცენტრი, რაც მხედველობის სიმახვილისა და ფოკუსის დაჭერის უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 12 თვიდან ზემოთ ბავშვებთან აქცენტი უნდა გავაკეთოთ მრავალფეროვანი, ილუსტრაციების მქონე წიგნებზე, ნაცნობი ნივთებისა და არსებების ამოცნობაში დავეხმაროთ, რაც მეტყველების წამოსვლას შეუწყობს ხელს. 18-24 თვიდან უკვე სასურველია შინაური და გარეული ცხოველებითა და ფრინველებით, ხილითა და ბოსტნეულით ილუსტრირებული წიგნები ავირჩიოთ.
თავდაპირველად, როდესაც წიგნს ვუკითხავთ ბავშვს, მას ჰგონია, რომ ნახატების შესახებ ვსაუბრობთ, შემდეგ თანდათანობით ხვდება, რომ სინამდვილეში მას დაწერილ ტექსტს ვუკითხავთ. რაღაც დროის შემდეგ თავად იწყებს ტექსტზე ფოკუსირებას და ნელ-ნელა თამაშისას თავად ცდილობს კითხვის იმიტაციას, რაც კითხვის დაწყების პირველი ნაბიჯია.
მოსმენილისა და წაკითხულის გააზრებისას ბავშვი სწავლობს საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებასა და გამოთქმას, რაც მომავალში მას თვითგამოხატვაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და პრობლემის ადვილად დაძლევაში დაეხმარება.
რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბავშვისთვის ადრეულ წიგნიერება?
წიგნებთან ჩვილობის ასაკიდანვე შეხება ბავშვებს მომავალში უმარტივებს წერა-კითხვის შესწავლას, უვითარებს ენობრივ და ზოგად სააზროვნო უნარებს.