Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი აღზრდის სტილი იყოს თქვენი შვილის ჯანსაღი ზრდისა და განვითარების მხარდამჭერი, რადგან მას შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზეც კი, თუ რამდენს იწონის თქვენი შვილი ან რას ფიქრობს საკუთარი თავის შესახებ. მკვლევრები განასხვავებენ აღზრდის 4 სტილს:

ავტორიტარული მშობლობა

ჩამოთვლილთაგან რომელიმეში საკუთარ თავს ამოიცნობთ?

  • თქვენ გწამთ, რომ ბავშვებს უნდა ხედავდე და არ გესმოდეს მათი.
  • როცა ჯერი წესებზე მიდგება, თქვენ გწამთ, რომ მხოლოდ თქვენი აზრია მნიშვნელოვანი.
  • თქვენ მხედველობაში არ იღებთ შვილების განცდებს.

თუ რომელიმეს ეთანხმებით, შესაძლოა, თქვენ ავტორიტარი მშობელი იყოთ. ასეთ მშობლებს სჯერათ, რომ ბავშვები მხოლოდ წესებს უნდა მიყვნენ, გამონაკლისის გარეშე.

შვილების კითხვაზე „რატომ?“ მათი საყვარელი პასუხია: „იმიტომ, რომ მე ვთქვი ასე“. ისინი ირჩევენ მორჩილებას მოლაპარაკების ნაცვლად.

ისინი ასევე არ აძლევენ შვილებს უფლებას ჩაერთონ პრობლემების გადაჭრაში ან სირთულეების დაძლევაში. ამის ნაცვლად, ისინი ადგენენ წესებს, მიმართავენ იძულებას და ყურადღებას არ აქცევენ ბავშვის აზრს.

ავტორიტარი მშობლები დისციპლინის ნაცვლად დასჯის მეთოდს ირჩევენ, ამიტომ ისინი არ ასწავლიან შვილებს უკეთესი არჩევანის გაკეთებას და აიძულებენ მათ თავი დამნაშავედ იგრძნონ საკუთარი შეცდომების გამო.

ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ავტორიტარული სტილის ოჯახში, მიდრეკილი არიან წესების მიყოლისკენ, თუმცა მათ მორჩილებას საკუთარი ფასი აქვს. იმის გამო, რომ მათი აზრი უმნიშვნელოა, მათ აქვთ თვითშეფასების პრობლემები.

ისინი ასევე შეიძლება გახდნენ მტრულები ან აგრესიულები. იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ, თუ როგორ გააკეთონ რამე უკეთ მომავალში, ისინი ხშირად ფოკუსირდებიან ბრაზზე, რომელსაც მშობლების მიმართ განიცდიან. რადგანაც ავტორიტარი მშობლები ხშირად მკაცრები არიან, მათი შვილები შეიძლება კარგ მატყუარებად გაიზარდონ, სასჯელისათვის თავის არიდების მიზნით.

ავტორიტეტული მშობლობა

ჩამოთვლილთაგან რომელიმეში საკუთარ თავს ამოიცნობთ?

  • თქვენ დიდ ძალისხმევას ხარჯავთ თქვენს შვილთან პოზიტიური დამოკიდებულების დასამყარებლად და შესანარჩუნებლად.
  • თქვენ განმარტავთ თქვენი წესების მიზეზებს.
  • თქვენ უზრუნველყოფთ წესების დაცვას და შესაბამის სანქციებს, მაგრამ მხედველობაში იღებთ თქვენი შვილის განცდებს.

თუ ეს დებულებები თქვენთვის ნაცნობია, თქვენ შეიძლება ავტორიტეტული მშობელი იყოთ. ამ ტიპის მშობლებს აქვთ წესები და იყენებენ სანქციებს, მაგრამ ისინი ასევე მხედველობაში იღებენ მათი შვილების მოსაზრებებს. ისინი აფასებენ ბავშვების გრძნობებს, მაგრამ ნათლად განუმარტავენ, რომ უპირატესობა მაინც უფროსებს ენიჭებათ.

ავტორიტეტული მშობლები ხარჯავენ დროსა და ენერგიას, რათა თავიდან აიცილონ ქცევის პრობლემები მათ წარმოქმნამდე. ისინი კარგი ქცევის წასახალისებლად ასევე იყენებენ პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიებს, როგორიცაა შექებისა და დაჯილდოების სისტემა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ავტორიტეტული მშობლების შვილები დიდი ალბათობით პასუხისმგებლიან ზრდასრულებად გაიზრდებიან, ვისაც არ უჭირს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა.

ავტორიტეტული დისციპლინით აღზრდილი ბავშვები მიდრეკილნი არიან ბედნიერებისა და წარმატებისაკენ. მათ ასევე, დიდი ალბათობით, არ გაუჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება და უსაფრთხოების რისკების დამოუკიდებლად შეფასება.

მომთმენი (პერმისიული) მშობლობა

ჩამოთვლილთაგან რომელიმეში საკუთარ თავს ამოიცნობთ?

  • თქვენ ადგენთ წესებს, მაგრამ იშვიათად ასრულებთ მათ.
  • თქვენ არ იყენებთ სანქციებს ძალიან ხშირად.
  • თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი უკეთ ისწავლის, თუ თქვენ ნაკლებად ჩაერევით.

თუ ეს დებულებები გეცნობათ, თქვენ შეიძლება პერმისიული მშობელი იყოთ. ასეთი მშობლები დამთმობები არიან. ხშირად ისინი მხოლოდ მაშინ ერევიან, როცა სერიოზული პრობლემა წარმოიშობა.

ისინი საკმაოდ მიმტევებლები არიან და აქვთ დამოკიდებულება “ბავშვები ბავშვები არიან”. როდესაც სანქციებს იყენებენ, ეს სანქციები არ არის მუდმივი. შესაძლოა აპატიონ ბავშვებს, თუ ისინი სთხოვენ ან ჰპირდებიან, რომ კარგად მოიქცევიან.

ნებადამრთველი მშობლები, როგორც წესი ირჩევენ უფრო მეგობრის, ვიდრე მშობლის როლს. ისინი ხშირად ახალისებენ ბავშვებს, ესაუბრონ მათ პრობლემებზე, მაგრამ ხშირად ცოტა ძალისხმევას ახმარენ ცუდი გადაწყვეტილების ან ცუდი ქცევის აღმოფხვრას. ასეთი მშობლების შვილებს ხშირად აკადემიური სირთულეები აქვთ.

მათ შესაძლოა ქცევის მეტი პრობლემა გამოავლინონ, რადგან პატივს არ სცენენ ავტორიტეტებს და წესებს.ისინი ხშირად არიან სევდიანები და დაბალი თვითშეფასება აქვთ.

მათ ასევე აქვთ ჯანმრთელობის პრობლემების (მაგ. ჭარბი წონის) დიდი რისკი, რადგან ნებადამრთველ მშობლებს უჭირთ მავნე საკვების შეზღუდვა. მათ დიდი ალბათობით შეიძლება განუვითარდეთ კარიესი, რადგან მშობლები იშვიათად ახალისებენ კარგ ქცევას, მათ შორის კბილების გახეხვას.

უყურადღებო (ინდიფერენტული) მშობლობა

ჩამოთვლილთაგან რომელიმეში საკუთარ თავს ამოიცნობთ?

  • თქვენ არ ეკითხებით ბავშვს სკოლის ან საშინაო დავალების შესახებ.
  • თქვენ იშვიათად იცით, სად და ვისთან არის თქვენი შვილი.
  • თქვენ ცოტა დროს ატარებთ შვილთან.

თუ ეს დებულებები გეცნობათ, თქვენ შეიძლება ინდიფერენტული მშობელი იყოთ. ასეთმა მშობლებმა იშვიათად იციან, რას აკეთებს მათი შვილი. მათ ძალიან ცოტა წესი აქვთ. ბავშვები ვერ იღებენ ზრუნვას და მშობლის ყურადღებას.

გულგრილი მშობლები ელიან, რომ ბავშვები თვითონ აღზრდიან საკუთარ თავს. ისინი ბევრ დროსა და ენერგიას არ ახარჯავენ ბავშვების საბაზისო საჭიროებებს. ინდიფერენტული მშობელი შესაძლოა უყურადღებო იყოს, მაგრამ ეს ყოველთვის წინასწარ განზრახული არ არის. მაგ. მშობლებს მენტალური ჯანმრთელობის ან მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემებით შესაძლოა გაუჭირდეთ მუდმივად იზრუნონ ბავშვის ფიზიკურ ან ემოციურ საჭიროებებზე.

ხშირად, ინდიფერენტული მშობლები არ ფლობენ სათანადო ცოდნას ბავშვის განვითარების შესახებ. ან ისინი გადატვირთული არიან სხვა პრობლემებით, როგორიცაა სამუშაო, გადასახადები და საოჯახო მეურნეობა.

ინდიფერენტული მშობლების შვილებს ხშირად წარმოეშობათ თვითშეფასების პრობლემები. სკოლაში მათი მოსწრება ცუდია. ასევე ხშირად აქვთ ქცევის პრობლემები და ნაკლებად ბედნიერები არიან.

ზოგჯერ მშობლები არ ერგებიან მხოლოდ ერთ კატეგორიას, ასე რომ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, თუ ზოგჯერ პერმისიული მშობელი ხართ, ზოგჯერ კი უფრო ავტორიტეტული.

კვლევები ნათლად გვიჩვენებს, რომ ავტორიტეტული მშობლობა საუკეთესო სტილია. და მაშინაც კი, თუკი თქვენ სხვა სტილებთან აიგივებთ თავს, არის გზები, რათა უფრო ავტორიტეტული მშობელი გახდეთ.

გარკვეული ძალიხსხმევა დაგჭირდებათ, რათა იყოთ მაქსიმალურად კარგი მშობელი და შეინარჩუნოთ პოზიტიური ურთიერთობა შვილთან, ამასთან ჯანსაღი მეთოდებით განამტკიცოთ თქვენი ავტორიტეტი. გავა დრო და თქვენი შვილი ნახავს თქვენი ავტორიტეტული სტილის სარგებელს.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5