“დედამიცის” – ს ესაუბრება ფსიქოლოგი ნათია იოჰანესენი.
გვესაუბრეთ, აგრესიის ფენომენზე. როგორ ვლინდება ის ბავშვებში, რატომ მიმართავენ ბავშვები მტრულ ქცევას?
ზოგადი განმარტების თანახმად, აგრესია არის მიზანმიმართული და ნებელობითი (ნებაყოფლობითი) ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს სხვისთვის ტკივილის, ზიანის, უსიამოვნების მიყენებას. აგრესია არის ფიზიკური და ვერბალური. მას ხშირად ინსტრუმენტული სახე აქვს, როცა ადამიანი აგრესიით იკმაყოფილებს მოთხოვნილებებს. ის ასევე შესაძლოა იყოს დასწავლილი და გარემო ფაქტორების ზეგავლენის შედეგი, როცა ადამიანს მიზნის მიღწევის და საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სხვა ფორმის არსენალი უბრალოდ არ აქვს.
როცა ბავშვი ან მოზარდი მიმართავს აგრესიას, ხშირად ქცევით პრობლემებზე ვიწყებთ საუბარს და გვავიწყდება, რომ ეს ბავშვი საკუთარი გარემოს ნაყოფია. გარემოში მხოლოდ ოჯახი არ იგულისხმება, სამეზობლოს, სკოლას, სოციუმს არსებით როლი ენიჭება. წახალისებულია თუ არა აგრესია საზოგადეობაში? როგორია აგრესიის ამტანობის ზღურბლი იმ სოციუმში, სადაც ბავშვი იზრდება?
ამას გარდა, ბავშვში და მოზარდში აგრესიით კომუნიკაცია შესაძლოა ბევრად უფრო სიღრმისეულ პრობლემებზე მიუთითებდეს, ვიდრე მხოლოდ დასწავლილი ქცევა. როცა მშობელი ან აღმზრდელი ვერ ახერხებს ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ბავშვს ამით ბევრი რამ აკლდება. ვსაუბრობ ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. როცა ბავშვს გარემოში სოციალური პრობლემა ექმნება და ცუდ ხასიათზეა, რა მოთხოვნილებაა ამ დროს ყველაზე აქტუალური? უსაფრთხოების, ხომ ასეა? ამასთან ვეხმარებით ბავშვს მისი ემოციის ვალიდაციაში და ვეუბნებით, რომ ის, რომ თავს ცუდად გრძნობს ამ დროს, ჩვეულებრივი მოვლენაა და რომ მას აქვს უფლება ის ემოცია იგრძნოს, რასაც ამ წუთას განიცდის. ამის შემდეგ ვეკითხებით ბავშვს – რას ისურვებდა, ისურვებდა თუ არა საუბარს, სეირნობას, თამაშს, ფილმის ყურებას. ანუ ვაღიარებთ ბავშვის ემოციას, ვაჩვენებთ, რომ ჩვენ მისი გვესმის და მის დაძლევაში ვეხმარებით. ამ გზით უმნიშვნელოვანესი უნარების გამომუშავებაში ვეხმარებით, როგორიცაა ემოციების მართვა, საკუთარი თავის მართვა და მოქნილობის გავარჯიშება პრობლემების გადაჭრის გზაზე.
როცა მშობელი ბავშვს ეუბნება «რა გატირებს… კარგი რა, ამისთვის ტირი?», უფრო უხეში ვარიანტებიც გვხვდება «რა ქალივით ღნავი… არ გრცხვენია?» – ამ გზით ბავშვს ვაჩვენებთ, რომ მისი ემოცია და მისი გამოცდილება სულაც არ არის მნიშვნელოვანი. და როცა მშობელი ამ მეთოდს ხშირად მიმართავს, ბავშვში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები გროვდება, ამასთან მისი თვითშეფასება მნიშვნელოვნად ეცემა, ცდილობს რაც შეიძლება უჩინარი იყოს და მცირე ადგილი დაიკავოს ოჯახში/საზოგადოებაში ან, მისი მოთხოვნილებები აგრესიით გამოხატოს, იმიტომ რომ არსენალში მხოლოდ ეს მეთოდი აქვს. ეს არის ერთგვარი ქვეცნობიერი ქცევა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.
მქონია შემთხვევა პრაქტიკაში, როცა 12 წლის შვილი იმიტომ მოიყვანა დედამ ფსიქიატრიულში, რომ ის დედას გამეტებით ურტყამდა და ქალს სხეულზე ჰემატომები აღენიშნებოდა. ფსიქიატრიული გამოკვლევისას აღმოჩნდა რომ ბავშვი საშინელ ფსიქო-ემოციურ შიმშილს და ჩაგვრას განიცდიდა. მისი აგრესია მიმართული იყოს მშობლის გამოღვიძებისკენ.
როდესაც ბავშვი აგრესიით ურთიერთობს, თავდასხმაზე გადადის და ვერ ახერხებს საკუთარი ემოციების ვერბალურად გამოხატვას, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მშობელი?
არავითარ შემთხვევაში არ უპასუხოს აგრესიით, არ უყვიროს, არ ესაუბროს ხმამაღლა, აკონტროლოს სიტყვები. ამ დროს რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ერთი წამით წარმოიდგინეთ, თქვენი შვილი როგორი უსუსური იყო ახალდაბადებული, როგორი ქორფა და სრულად თქვენზე დამოკიდებული. ის ისევეა თქვენზე დამოკიდებული, ოღონდ უფრო მეტად ემოციურად. მას არ შეუძლია საკუთარი ემოციების და აგრესიის მართვა მარტო, თქვენგან დამოუკიდებლად. მას სჭირდება მყარი, სტაბილური უფროსი, რომელსაც შესწევს უნარი ბავშვის ემოცია დაიტიოს და მის აგრესიულ ქცევას ყვირილით არ უპასუხოს. რაც უფრო ხმამაღლა ყვირის თქვენი შვილი, მით უფრო მეტად მყარი და თავდაჯერებული ტონით ესაუბრეთ, და რაც შეიძლება ხმადაბლა. აგრძნობინეთ, რომ მისი აგრესიისაც გესმით და რომ ამ ყველაფერს ერთად გადალახავთ. ბავშვისთვის აგრესია არ არის იდეალური ქცევა, დამღლელია, მაგრამ მან არ იცის სხვანაირად როგორ მოიქცეს. აი, აქ სჭირდება დახმარება, აქ სჭირდება სტაბილური უფროსი, რომელიც თავისი სიმშვიდით სწორ გზას უჩვენებს.
თუკი ბავშვის აგრესიის დროს შემხვედრი რეაქცია მშობლის მხრიდან აგრესიაა, რას სწავლობს ბავშვი ასეთ დროს?
ამ დროს ბავშვი და მშობელი ერთმანეთის კონკურენციაში ექცევიან, თუ ვინ უფრო ხმამაღლა იყვირებს. მშობლის მხრიდან აგრესიის დროს ბავშვი სწავლობს იმას, რომ ის უმნიშვნელოა, რომ მისი მოთხოვნილებები არ არის ღირებული, რომ ის ემოციურად სრულიად მარტოა.