Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რატომ არიან 1-3 წლამდე ბავშვები აგრესიულები?

აგრესიული ქცევა ბავშვის ნორმალური განვითარების  ნაწილია. ის იბრძვის დამოუკიდებლობისკენ, მისი ენობრივი უნარები და იმპულსების კონტროლის უნარი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, რაც უბიძგებს ფიზიკური აგრესიისკენ.  დარტყმა და კბენა სავსებით ნორმალურია ამ ასაკის ბავშვისთვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უყურადღებოდ დატოვოთ ეს ქცევა. უთხარით, რომ აგრესია მიუღებელია და ასწავლეთ განცდების გამოხატვის განსხვავებული გზები. 

რა მოვუხერხო ჩემი შვილის აგრესიას?

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყვირილი, დარტყმა ან „შენ ცუდი ხარ“ სიტყვები მისი მისამართით, დადებითად ვერ შეცვლის მის ქცევას, პირიქით – მას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ აგრესია ნებადართულია. მაგრამ იმის ჩვენება, თუ როგორ აკონტროლებთ თქვენს ბრაზს, ეხმარება მას საკუთარი თავის კონტროლის სწავლაში. 

დააწესეთ მკაფიო შეზღუდვები. დაუყოვნებლივ უპასუხეთ ბავშვის აგრესიულ ქცევას. „აიღეთ ტაიმ-აუტი“ – გაარიდეთ სიტუაციას რამდენიმე წუთით. ეს მას მისცემს დროს დამშვიდებისთვის და ასევე მოგვიანებით ის დააკავშირებს ამას მის ქცევასთან და მიხვდება, რომ დარტყმის ან კბენის გამო მოუწევს საქმიანობის შეწყვეტა. 

კარგი ქცევის განმტკიცება. იმის ნაცვლად, რომ ბავშვს ყურადღება მიაქციოთ, როცა ცუდად იქცევა, აღნიშნეთ მისი კარგი ქცევა. მაგ. როდესაც ის სთხოვს სხვას საქანელაზე რიგის დათმობას იმის ნაცვლად, რომ ძალით ჩამოიცილოს გზიდან, შეაქეთ თავისი სურვილების ვერბალიზებისათვის. წაახალისეთ კარგი ქცევა მისი საქანელას გაქანებით ან ერთად თამაშით. გავა დრო და ის მიხვდება, თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვებს.

გააცანით ლოგიკური შედეგები. თუ თქვენი შვილი ბურთის თამაშის დროს ბურთს ესვრის სხვა ბავშვებს, გაიყვანეთ დაუყოვნებლივ, დაჯექით მასთან ერთად, უყურეთ, როგორ თამაშობენ დანარჩენი ბავშვები და აუხსენით, რომ შეუძლია დაბრუნდეს უკან, თუ მზად იქნება იმისთვის, რომ ითამაშოს ბავშვების დაშავების გარეშე. თავი აარიდეთ ლექციის კითხვას: სავარაუდოდ, მას ჯერ კიდევ არ აქვს სხვის მდგომარეობაში თავის წარმოდგენის ან სიტყვიერი დასაბუთების შედეგად ქცევის შეცვლის უნარი, მაგრამ შეუძლია შედეგების გაცნობიერება. 

იყავით თანმიმდევრული. შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ერთნაირად უპასუხეთ მის ქცევებს. ამის შემდეგ ის უკვე აღიარებს  და ელოდება თქვენს რეაქციას. მან იცის, რომ თუ არასწორად მოიქცევა, ეს შედეგს გამოიწვევს.      

ასწავლეთ ალტერნატივები. მას შემდეგ, რაც თქვენი პატარა დამშვიდდება, მშვიდად და ფრთხილად განიხილეთ, რაც მოხდა. ჰკითხეთ მას, რამ გამოიწვია მისი აღელვება. 

მოკლედ უთხარით, რომ ბუნებრივია სიბრაზის შეგრძნება, მაგრამ მიღებული არ არის დარტყმა, კბენა ან პანღურის ამორტყმა. წაახალისეთ ის, მოძებნოს რეაგირების უფრო  ეფექტიანი საშუალება, მაგალითად სიტყვების გამოყენება საკუთარი თავის გამოსახატად ან უფროსისთვის დახმარების თხოვნა. სთხოვეთ, ბოდიში მოუხადოს, ვისაც აწყენინა. თავიდან შეიძლება ეს მობოდიშება არ იყოს გულწრფელი, მაგრამ დროთა განმავლობაში გაკვეთილი შედეგს გამოიღებს. 

აკონტროლეთ ეკრანთან გატარებული დრო. მულტფილმები, ციფრული თამაშები და ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვა მედია საშუალებები შეიძლება შეიცავდეს ყვირილს, მუქარას და ძალადობასაც კი. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ გადაჭარბებული დროით ეკრანის გამოყენება იწვევს ბავშვის ქცევის პრობლემებს და ხელს უშლის მათ სოციალურ და ემოციურ განვითარებას. 

ამერიკის პედიატრთა ასოციაცია გვირჩევს, არ მივცეთ ეკრანის სარგებლობის უფლება 18 თვემდე ბავშვებს.  გამონაკლისია, ხანმოკლე ვიდეოზარები ახლობლებთან. 

თუ თქვენი ბავშვი არის 18 თვემდე მეტი ასაკის, დაუწესეთ ეკრანის შეზღუდვა – მხოლოდ 1 საათი დღეში და მხოლოდ მაღალი ხარისხის, ასაკის შესაბამისი კონტენტი. აუცილებლად უყურეთ მასთან ერთად და აუხსენით, რა ხდება ეკრანზე. იმსჯელეთ, როგორ აგვარებენ პერსონაჟები კონფლიქტებს და როგორ შეიძლება სხვა გზებით მათი მოგვარება. არ ჩართოთ ტელევიზორი ფონად და დარწმუნდით, რომ ის არ უყურებს ზრდასრული ადამიანებისათვის განკუთვნილ გადაცემებს (კონტენტს).

უზრუნველყავით თქვენი შვილის აქტივობა. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თუ ჭარბ ენერგიას ვერ ხარჯავს, თქვენი შვილი ცუდად იქცევა სახლში. თუ თქვენი შვილი ფეთქებადი ხასიათისაა, მიეცით ბევრი თავისუფალი დრო, სასურველია გარეთ, რათა “ორთქლი გამოუშვას”.

ითხოვეთ დახმარება, თუ ეს გჭირდებათ. ზოგჯერ, ბავშვის აგრესიასთან გამკლავება მხოლოდ მშობელს არ შეუძლია. დაელაპარაკეთ მის პედიატრს, თუ:

  • თქვენი შვილი ჩვეულებრივზე მეტად აგრესიულია რამდენიმე კვირის განმავლობაში.

  • თუ ის აშინებს ან ეჩხუბება სხვა ბავშვებს.

  • ის თავს ესხმის უფროსებს.

  • მის ქცევაზე თქვენს რეაქციას უმნიშვნელო შედეგი აქვს.

ერთად შეგიძლიათ ივარაუდოთ მისი ქცევის პრობლემის მიზეზი და დაეხმაროთ ბავშვს მის გადალახვაში. საჭიროების შემთხვევაში, პედიატრი გირჩევთ ბავშვთა ფსიქოლოგსაც. 

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5