პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე.
გვესაუბრეთ ამბროზიის ალერგიაზე, რომელიც ზაფხულის მიწურულს ხდება აქტუალური, რადგან სწორედ ამ პერიოდში იწყებს ყვავილობა ეს მეტად მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარე. უმეტესად რა ასაკობრივ კატეგორიაში გვხვდება ალერგიული გამოვლინებები?
ამბროზია არის ძალიან მაღალი ალერგენობის მქონე სარეველა მცენარე, ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, წარმოქნის მტვერს, რომელიც შედგება უმცირესი ზომის, თვალისთვის უხილავი მარცვლებისგან. საყურადღებოა, რომ ერთმა ამბროზიის მცენარემ შესაძლებელია მილიონობით მარცვალი წარმოქმნას. სწორედ მცენარის ეს მარცვლები შეიცავენ დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს, რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. ამბროზიის მცენარეული მტვრის კონცენტრაცია ჰაერში სხვადასხვა ინტენსივობით აღინიშნება აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ამბროზიის მიმართ ალერგია სიცოცხლის სხავადასხვა ეტაპზე ვლინდება, თუმცა ხშირად დასაწყისი დაწყებითი კლასის ასაკია, პიკი 20-40 წელი, ასევე შესაძლებელია 60 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც შეგხვდეს.
რა ალერგიული დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ამბროზიამ?
ამბროზიამ შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი ალერგიული დაავადებები, როგორიცაა ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი, სეზონური ბრონქული ასთმა.
რა სიმპტომები ახასიათებს ამბროზიის შედეგად გამოწვეულ ალერგიას?
ამბროზიის მტვრის მიმართ ალერგიის გამოვლინებებია: ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის, სასის, ყურების, თვალების ქავილი, შეიძლება ასევე აღინიშნოს სუნთქვის გაძნელება და ბრონქოსპაზმი.
საყურადღებოა, რომ სიმპტომები განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება ტემპერატურის ცვალებადობის დროს, როდესაც დღე ცხელი და მზიანია ხოლო ღამე – გრილი, ასევე ქარიანი ამინდის დროს.
რამდენად მნიშვნელოვანია ალერგოლოგთან დროული ვიზიტი და დაგვიანების შემთხვევაში რა საფრთხე შეიძლება წარმოიშვას პაციენტისთვის?
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ექიმთან დროულად მივიდეს, რომ სიმპტომები არ გაურთულდეს. ის ადამიანები, რომლებსაც შარშან უკვე ჰქონდათ ალერგია და უკვე იციან, რომ ამ დროს ეწყებათ სიმპტომები, აუცილებელია მომზადებულები დახვდნენ სეზონს. ამბროზიის მიმართ ალერგიის დროს სასურველია პაციენტი ალერგოლოგთან მივიდეს ამბროზიის ყვავილობდამდე 10-14 დღით ადრე დანიშნულების მისაღებად, რადგან თუ მკურნალობა ამბროზიის ყვავილობამდე დაიწყო, ადამიანი გაცილებით მსუბუქად გაივლის ალერგიულ სეზონს, ხოლო ვისაც პირველად დაეწყო და არ იცის, რომ აქვს ამ მცენარის მიმართ ალერგია, მისთვის მნიშვნელოვანია გამოკვლევის ჩატარება.
რა შეიძლება იყოს პრევენცია?
- უმჯობესია ამბროზიის ყვავილობის დროს დავკეტოთ ფანჯრები სახლსა და მანქანაში და ჩავრთოთ კონდენციონერი, რომ მცენარეული მტვერი გარედან არ შემოვიდეს.
- მოვერიდოთ დღის პირველ ნახევარში, როდესაც მცენარეების კონცენტრაცია ძალიან მაღალია, შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას, მაგალითად ვარჯიშს – ვარჯიშის დროს ორგანიზმი შეისუნთქავს მეტ ჰაერს და შესაბამისად მეტი ალერგენი (ალერგიის გამომწვევი ყვავილის მტვრის ნაწილაკი) მოხვდება სასუნთქ სისტემაში;
- ვიყოთ შენობაში განსაკუთრებით ქარიან ამინდში;
- მოვერიდოთ ქარიან ამინდში ტანსაცმლის გარეთ გაშრობას;
- სახლში დაბრუნების შემდეგ დავიბანოთ სახე და ხელები, რომ ჩამოვირეცხოთ დალექილი მცენარეული მტვერი.
არის თუ არა განკურნებადი ამბროზიის მიმართ ალერგია?
ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ხშირ შემთხვევაში განკურნებადია. წინასწარი გამოკვლევის შემდეგ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად პაციენტს ენიშნება იმუნოთერაპიის კურსი, რაც გულისხმობს პაციენტის ორგანიზმში აღმავალი დოზით მის ალერგიაში დამნაშავე მცენარის (ამბროზიის ალერგენის ) შეყვანას, რომლის მიზანია ორგანიზმის შეგუება მისი ალერგიის გამომწვევ მიზეზთან.