Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ანაფილაქსია არის სიცოცხლისთვის საშიში, სწრაფი და მძიმე ალერგიული რეაქცია. ალერგიული რეაქციები არაპროგნოზირებადია იმის მიხედვით, თუ როდის შეიძლება დაემართოს ის ბავშვს,  რა სიმპტომებით და რამდენად მძიმედ; ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ჩვილობაშიც.

ალერგიული რეაქციის ნიშნების ცოდნამ შეიძლება გადაარჩინოს ბავშვის სიცოცხლე. ნებისმიერ ასაკში, ანაფილაქსია შეიძლება მომაკვდინებელი იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე.

ანაფილაქსია მოიცავს სიმპტომების ფართო სპექტრს, რომლებიც შეიძლება სწრაფად დაიწყოს – რამდენიმე წუთში ან რამდენიმე საათში ალერგიის გამომწვევთან ურთიერთქმედების შემდეგ.

ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, განსაკუთრებით თუ ის მოულოდნელად გამოჩნდება:

  • ქოშინი, ხრიალი, ხველა, დაწოლის შეგრძნება გულ-მკერდზე;
  • სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;
  • კანის ცვლილებები, როგორიცაა გამონაყარი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, სიფერმკრთალე ან მოლურჯო ფერი;
  • ტუჩების ან ენის შეშუპება;
  • ცემინება, გაჭედილი ცხვირი, სურდო;
  • ყელის შევიწროება, ყლაპვის გაძნელება, ხმის ჩახლეჩა;
  • სუსტი პულსი, შოკის სიმპტომები;
  • ღებინება, ფაღარათი (თუ მძიმეა ან სხვა სიმპტომებთან ერთად);
  • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა;
  • დაბნეულობა, ძილიანობა ან აღგზნებულობა.

ჩვილებში შეინიშნება სხვა სიმპტომებიც:

  • გაღიზიანებულობა ან უკონტროლო ტირილი;
  • უეცარი ნერწყვდენა;
  • უჩვეულო ძილიანობა.

ეპინეფრინი არის რეკომენდებული ანაფილაქსიის ნიშნების დროს გადაუდებელი მკურნალობისთვის. ის ხელს უწყობს სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომების სწრაფად აღმოფხვრას. გაუკეთეთ ეპინეფრინი ბავშვს (სასურველია ბარძაყის გარეთა ნაწილის კუნთებში), თუ გაქვთ სახლში და დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ეპინეფრინის აუტოინექტორები უნდა დაენიშნოს ყველას, ვისაც ოდესმე ჰქონდა ანაფილაქსიური შეტევა და იმ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ანაფილაქსიის მაღალი რისკი.  იმის გამო, რომ შეიძლება საჭირო გახდეს მეორე დოზა, თუ სიმპტომები სწრაფად არ გაქრება, ანაფილაქსიის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ორი აუტოინექტორი.

ეპინეფრინის აუტოინექტორები ხელმისაწვდომი უნდა იყოს სკოლაში ან ბავშვთა მოვლის დაწესებულებებში და პერსონალი მზად უნდა იყოს რეაქციის შემთხვევაში სწრაფად მოქმედებისთვის.

რა უნდა გააკეთოთ ეპინეფრინის მიცემის შემდეგ?

  • დაიხსომეთ, რომელ საათზე მიეცით ეპინეფრინი და დარეკეთ 112-ში. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
  • დარჩით ბავშვთან ერთად და მიეცით ეპინეფრინის მეორე დოზა, თუ: სიმპტომები გაუარესდება, გრძელდება ან არ გაუმჯობესდება 5 წუთში.
  • დააწვინეთ ბავშვი ზურგზე. თუ ბავშვს აქვს ღებინება ან უჭირს სუნთქვა, დააწვინეთ გვერდზე.
  • მიეცით სხვა რეცეპტით გაცემული წამალი (როგორიცაა ბავშვის ინჰალატორი/ბრონქოდილატორი ან ექიმის მიერ დანიშნული ანტიჰისტამინი), მაგრამ არასოდეს გამოიყენოთ სხვა წამალი ეპინეფრინის ნაცვლად.

ყველაზე ძლიერი ალერგენები:

საკვები:

  • მიწისთხილი;
  • რძე;
  • კვერცხი;
  • თხილეული;
  • მოლუსკები;
  • თევზებიდან: თინუსი, ორაგული, ვირთევზა (თუმცა, როგორც მიწისთხილის შემთხვევაში, კვლევების თანახმად,  თევზის მოხმარება ადრეულ ასაკში შეიძლება დაეხმაროს ისეთი ალერგიული დაავადებების თავიდან აცილებას, როგორიცაა ასთმა და ეგზემა). 

მწერების ნაკბენი:

  • ფუტკარი;
  • კრაზანა;
  • ონავარი (დიდი ზომის კრაზანა);
  • წითელი ჭიანჭველა;
  • ბზიკი (Yellow jacket).

წამლები:

ანტიბიოტიკები და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები ანაფილაქსიის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მედიკამენტებია. თუმცა, ნებისმიერ წამალს, თუნდაც ასპირინს და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, შეუძლია გამოიწვიოს მძიმე რეაქცია.

წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5