Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის ანემია? როგორ გამოვლინდება ის? რა ნიშნებზე დაყრდნობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ბავშვს ანემია აქვს? – კითხვებზე გვპასუხობს პედიატრი, მედიცინის დოქტორი დავით ჩახუნაშვილი. 

გვესაუბრეთ რა არის ანემია, როგორ უნდა ამოვიცნოთ  და რა არის მისი გამომწვევი  მიზეზები? 

ანემია არის სისხლში ერითროციტების რაოდენობის ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება. ანემიის გამოვლინებები შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს, რისთვისაც აუცილებელია ბავშვის ანამნეზის დეტალური გამოკითხვა, კარგი ფიზიკური გასინჯვა და მისი ზოგადი მდგომარეობის დეტალური შეფასება. ანემიის დროს შესაძლოა გამოხატული იყოს სიფერმკრთალე, თეთრი და კოვზის მსგავსი თითები, გაღიზიანებადობა, მივარდნილობა, გულისცემის სიხშირის მომატება, საკვების მიღების შემცირება. შარდის ფერის ცვლილება, სკლერების და ტანის სხვადასხვა მიდამოში გამოხატული სიყვითლე, სისხლჩაქცევები, ღვიძლის და ელენთის ზომის გადიდება ჰემოლიზური პროცესების მანიშნებელი შეიძლება იყოს. შესაძლებელია შეგვხვდეს გაუკუღმართებული მადაც, რაც გამოიხატება ყინულის, ქვის, ტალახის და ქაღალდის ჭამით. საჭიროა ოჯახური ანამნეზის დეტალური გამოკითხვაც, რათა დადგინდეს ჰქონია თუ არა რომელიმე ოჯახის წევრს ოდესმე სიყვითლე, სპლენომეგალია, ან ნაღველკენჭოვანი დაავადება.

რა არის ანემიის  ყველაზე ხშირი მიზეზი?

ანემიის მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავთა ანთებითი დაავადებები, ცელიაკია, სისხლდენა, ჰემოფილია, რექტალური მიდამოს სიმსივნური წარმონაქმნი, რეზუს კონფლიქტი, თანდაყოლილი ინფექციები, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თალასემია, კრინადეფიციტური ანემია, მალაბსორბცია, წამლის მიერ ტოქსიკური ზემოქმედება, ვიტამინების დეფიციტი, არასწორი კვება, ტყვიით მოწამვლა, ნეფროლოგიური დაავადებები და ა.შ. ახალშობილებში ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზი არის “ფიზიოლოგიური ანემია”, რომელიც დაბადებიდან 2-3 თვეში ვითარდება, არ წარმოადგენს არანაირ საშიშროებას და განპირობებულია დაბადების შემდეგ ერითროპოეტინის წარმოქმნის დაქვეითებით.

რა კვლევებია საჭირო ანემიის მიზეზის დასადგენად?

კლინიკური გამოვლინებების მიხედვით სპეციალისტმა შესაძლოა მოითხოვოს სხვადასხვა კვლევები. მაგალითად: გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი და ჩატარდეს მისი მიკროსკოპია, განისაზღვროს რეტიკულოტციტები, ფერიტინი, ტრანსფერინი, შრატის რკინა, ლაქტატდეჰიდროგენაზა, არაპირდაპირი ბილირუბინი, ჰაპტოგლობინი, ჩატარდეს განავლის და შარდის ანალიზი, მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ძვლის ტვინის ბიოფსია და ა.შ.

როგორ ხდება ანემიის მკურნალობა?

ანემიის მკურნალობა ხდება მხოლოდ გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ, ზოგადი პედიატრის ან ბავშვთა ჰემატოლოგის მიერ. მაგალითისათვის, რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში ინიშნება რკინის პრეპარატები, ვიტამინების ნაკლებობის შემთხვევაში – მათი დეფიციტის შევსება ხდება, სისხლდენების შემთხვევაში – სისხლდენის შეჩერება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5