Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ანტიმიკრობული საშუალებები – მათ შორის ანტიბიოტიკები, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული პრეპარატები – არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ინფექციების თავიდან არიდებისა და მკურნალობისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ანტიმიკრობული რეზისტენტობა ჯანდაცვის გლობალური საფრთხეების ათეულში შეიყვანა და 18-24 ნოემბერს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს აღნიშნავს. 2022 წლის თემაა: „გავერთიანდეთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის!”

ანტიბიოტიკები არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და სერიოზული გართულებების შესამცირებლად. მაგრამ ზოგიერთი მედიკამენტი, რომლითაც ადრე მკურნალობდნენ ბაქტერიულ ინფექციებს, ამჟამად ნაკლებად ეფექტურია ან საერთოდ არ მუშაობს. როდესაც ანტიბიოტიკი აღარ მოქმედებს ბაქტერიების გარკვეულ შტამზე, ამბობენ, რომ ეს ბაქტერია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულია.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) ხდება მაშინ, როდესაც ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტები დროთა განმავლობაში იცვლება და აღარ ემორჩილება წამლებს. ეს  ართულებს ინფექციების მკურნალობას და ზრდის დაავადების გავრცელების, მძიმე ავადმყოფობის და სიკვდილის რისკს. ამ პრობლემის გამო ანტიბიოტიკები სულ უფრო არაეფექტური ხდება და სასწრაფოდ საჭიროა ახალი ანტიბაქტერიული საშუალებების შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისთვისაც მკურნალობა წარუმატებელია. სამედიცინო პროცედურები, როგორიცაა ქირურგია, მათ შორის საკეისრო კვეთა ან მენჯ-ბარძაყის ხელოვნური სახსარი, კიბოს ქიმიოთერაპია და ორგანოების გადანერგვა, უფრო სარისკო გახდება.

თუმცა, თუ ადამიანები  არ შეცვლიან ანტიბიოტიკების მოხმარების მეთოდს, ამ ახალ ანტიმიკრობულ საშუალებებსაც იგივე ბედი ეწევა, როგორც ახლანდელებს და დაკარგავს ეფექტურობას. ანტიბიოტიკების გადაჭარბებული და არასათანადო გამოყენება ხელს უწყობს ანტიბიოტიკორეზისტენტობას – ანტიმიკრობული რეზისტენტობის დიდი პრობლემის ერთ-ერთ ნაწილს.

ზოგადად, ანტიბიოტიკები  უსაფრთხო და ეფექტურია, როდესაც ინიშნება შესაბამისი დაავადებისთვის შესაბამისი დოზითა და ხანგრძლივობით.

ანტიბიოტიკები არ არის ეფექტური საშუალება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, მაგალითად  გაციების, გრიპის და ყელის ტკივილის წინააღმდეგ. თუ თქვენ იღებთ ანტიბიოტიკს ვირუსული ინფექციის დროს, ის  ესხმის თქვენს ორგანიზმში არსებულ ბაქტერიებს, რომლებიც სასარგებლოა ან არ იწვევს დაავადებას. ამ არასწორმა მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუწყოს სასარგებლო ბაქტერიებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ თვისებებს, და მავნე ბაქტერიებს შეუქმნას სასარგებლო ბაქტერიების ჩანაცვლების შესაძლებლობა.

ზოგიერთი ადამიანი ანტიბიოტიკის მიღებას წყვეტს, როგორც კი თავს უკეთ იგრძნობს. მაგრამ მკურნალობის სრული კურსის გავლა აუცილებელია დაავადების გამომწვევი ბაქტერიების მოსაკლავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის განახლება, ეს კი ხელს უწყობს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული თვისებების გავრცელებას მავნე ბაქტერიებს შორის.

წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია; მეიოს კლინიკა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5