იმისათვის, რომ ბავშვმა ასოებისა და ციფრების წერა შეძლოს, საჭიროა განვითარებული ჰქონდეს წვრილი მოტორიკა. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა სახალისო თამაშებით დაეხმაროთ თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვს ნატიფი მოტორული უნარების დახვეწაში. რადგან ბავშვები სხვადასხვა გზით სწავლობენ, ეს აქტივობები 3 კატეგორიად დავყავით.
ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ მოსმენით
კარნახი
მეგობრის დაბადების დღეა ან რომელიმე დღესასწაული? სთხოვეთ თქვენს შვილს, გიკარნახოთ ტექსტი მისალოცი ბარათისთვის. ის აუცილებლად დააკვირდება, თუ როგორ დაწერთ მის ნათქვამს. ეს შესანიშნავი გზაა წარმოთქმულ და დაწერილ სიტყვას შორის კავშირის აღმოსაჩენად.
აღწერეთ სურათები
დაათვალიერეთ სურათები ჟურნალებში, კატალოგებში ან ზღაპრების წიგნებში. სთხოვეთ თქვენს შვილს, გითხრათ რას ფიქრობს ან აკეთებს ხალხი ამ სურათებზე და დააწერეთ მისი სიტყვები წარწერად.
ერთად გამოეცით წიგნი
სთხოვეთ აღწეროს საკუთარი ნახატები, დაასათაურეთ, აკინძეთ ნამდვილი წიგნივით და მიუჩინეთ ადგილი წიგნების თაროზე.
ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ ფიზიკურად
დაწერეთ ერთად
ყოველთვის, როცა დაჯდებით წერილის ან საყიდლების სიის დასაწერად, სთხოვეთ თქვენს შვილს შემოგიერთდეთ და მიეცით მას რამდენიმე ფურცელი, რომ თვითონაც „დაწეროს“. თქვენი ბავშვი გაიგებს, რომ წერა ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
გამოიყენეთ ქვიშა სიტყვების “დასაწერად”
წაახალისეთ თქვენი შვილი გამოიყვანოს ასოები და ციფრები ქვიშაში, ცომში, პლასტელინში და ა.შ.
ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ დანახვით
დაამზადეთ ფოტო-ჟურნალი
იყიდეთ ალბომი ბავშვთან ერთად, ჩააკარით შიგნით მისთვის ნაცნობი ადამიანების სურათები, ჩამოათვლევინეთ მათი სახელები, რომ დააწეროთ შესაბამის ფოტოებს.
აწარმოეთ დღიური
ბავშვებს უყვართ საკუთარ თავზე ლაპარაკი. ჩაწერეთ რვეულში თქვენი შვილის თანდასწრებით მისი თავგადასავლები და სთხოვეთ, თვითონაც ჩაწეროს რამე. დღიურის წარმოება გახადეთ მისი ყოველდღიური რუტინის ხალისიანი ნაწილი, მაგალითად ძილის წინ.
წყარო: www.babycenter.com