Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ინკლუზიური განათლების სპეციალისტი სალომე ჩარკვიანი.

მშობლებისთვის ერთგვარი დილემა არსებობს, რომელიც უკავშირდება არდადეგებს, არდადეგებზე სწავლას და რუტინულ სამეცადინო აქტივობებს. თუ არდადეგები ბავშვის დასვენებისთვის არის განკუთვნილი, როგორი უნდა იყოს ის, ნაყოფიერიც რომ გამოდგეს  და ბავშვს დასწავლილი მასალაც არ დაავიწყდეს?

ბევრ მასწავლებელს და მშობელს მიაჩნია, რომ რაც უფრო დატვირთულია მოსწავლე რუტინული სამეცადინო პროცესით, გინდ, სემესტრის განმავლობაში და გინდ, არდადეგებზე, უფრო პროდუქტიულია ის. თუმცა ეს ასე არ არის. თუ გინდათ, რომ ბავშვს არ დაავიწყდეს განვლილი მასალა, ახალნასწავლი წერა-კითხვა და ანგარიში, თვითგანვითარებაზე ზრუნვა გადაეზარდოს ჩვევაში და არ იყოს მიბმული გაკვეთილებთან, ამისთვის იდეალური ვარიანტია, რომ შეუმციროთ სავალდებულო რუტინული აქტივობები და გაზარდოთ თამაშით სწავლების დრო. “შეეშვი თამაშს და დაჯექი, გადაწერე ეს წინადადებები” არის ყველაზე მოკლე გზა მეცადინეობის შეძულებისკენ. სანაცვლოდ შეგიძლიათ დაგეგმოთ შემდეგი აქტივობები:

განსაზღვრულ დროს ერთად წავიკითხოთ ხოლმე წიგნის ერთი გვერდი. მე წაგიკითხავ ერთ აბზაცს, შენ წამიკითხე ერთი წინადადება.”

ასეთი აქტივობა ბავშვისთვის ატარებს პოზიტიურ ემოციურ დატვირთვას, იმიტომ რომ მოიაზრებს მშობელთან ერთად დროის გატარებას და ბავშვს სთხოვს მოიქცეს ისე, როგორც მშობელი, რაც დიდი პატივია ხოლმე მათთვის.არდადეგებზე სავალდებულოა სამი წიგნის წაკითხვა ბევრად უფრო დამთრგუნველად ჟღერს მათთვის, ვიდრე მშობლებთან ხარისხიანი დროის გატარება.

“რა ღირს შენი სასურველი სათამაშო? რამდენი ცალი 1 ლარიანი გვჭირდება საყიდლად? რამდენი გვაქვს შეგროვებული? კიდევ რამდენი დაგვრჩა?” ამგვარი აქტივობებით ბავშვს ბევრად მარტივად შეაყვარებთ რიცხვებით მანიპულაციას, ვიდრე რვეულთან დაჯდომით და არაფრისმეტყველი მაგალითების ამოხსნით. ამით ბავშვი სწავლობს არა მხოლოდ არითმეტიკულ ოპერაციებს, არამედ საკუთარი მიზნისკენ სიარულს, ბიუჯეტირებას, რომ ფული ულევად არ არის ოჯახში. ამგვარი უნარები მას არა მხოლოდ მათემატიკაში დაეხმარება.

შენი აზრით რა არის ამ თემაში საინტერესო? მაინტერესებს, რას ფიქრობ ამ პერსონაჟზე. გამიზიარე შენი აზრი, მაინტერესებს რამდენად ერთნაირად ვფიქრობთ.”  ამგვარი კითხვებით ბავშვს მისცემთ მოტივაციას, მეტად გაერკვეს იმ საკითხში, რომელიც გინდათ, რომ შეასრულოს. ოღონდ ამას არ აქვს დასჯის სახე, არამედ პირიქით, მას უმაღლდება თვითშეფასება, უჩნდება განცდა, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, ის მეცადინეობს არა იმისთვის, რომ მასწავლებელი და მშობელი თავიდან იშორებენ, არამედ იმისთვის, რომ ჩაერთოს დისკუსიაში სრულფასოვნად.

“კი ბატონო, გამოიყენე ინტერნეტი, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ დროის ნახევარს ითამაშებ, ხოლო ნახევარს შენ აირჩიე, ან უყურებ “იუთუბზე” შემეცნებით ვიდეოებს, ან წაიკითხავ ვიკიპედიაზე შენთვის საინტერესო თემაზე და მერე ერთმანეთს მოვუყვებით, რა გავიგეთ დღეს ახალი”. კიდევ ერთი შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ, არის მოზრდილ ასაკში ინტერნეტის შესაძლებლობების უგულებელყოფა. გახსოვდეთ, რომ ეს არის მრავალფეროვანი ინფორმაციის ზღვა და თუ ბავშვი გატაცებულია ეკრანთან ურთიერთობით, კი არ აუკრძალოთ, არამედ სწორად მიმართეთ მისი რესურსი. აკრძალვებს როგორც წესი, უკუეფექტი აქვს ხოლმე. გარდა ამისა, ინგლისურის სწავლის მოტივაციასაც ბავშვებს, როგორც წესი, ინტერნეტი აძლევს ხოლმე.

დაბოლოს, საკმაოდ პატარა ასაკიდან უჩნდებათ ბავშვებს უსამართლობის განცდა, რომ მასწავლებელი და მშობელი სთხოვენ იმას, რასაც თვითონ არ აკეთებენ. თუ თქვენ სმარტფონით ერთობით სულ, მას წიგნის კითხვას ვერ შეაყვარებთ. თუ თქვენ მეგობრებთან ლაპარაკით გაგყავთ დრო, მას რიცხვებით მანიპულაციებს ვერ შეაყვარებთ. “შენხელა რომ ვიყავი, მეც ეგრე ვშრომობდი” აღარაა არგუმენტი თანამედროვე ბავშვისთვის. ის ბევრად პრაგმატულად აღიქვამს სამყაროს, ვიდრე ინტერნეტამდელი ადამიანი.

მაგალითები შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს შვილებს მათი ასაკის, ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით. მთავარი რეცეპტია, რომ დავალებას ჰქონდეს დადებითი ემოციური დატვირთვა, რაც ბავშვს შეაყვარებს და არა შეაძულებს სწავლას. გახსოვდეთ, რომ თანამედროვე სამყაროში აღარაა აქტუალური ის მიდგომა, რომ აი, ძალით ვამეცადინებ, კარგ ნიშნებს მიიღებს და მერე იცხოვრებს დიდხანს და ბედნიერად. დღეს ჩვენი ნიშნები აღარავის აინტერესებს, სანაცვლოდ კი ძალიან ფასობს დამოუკიდებელი სწავლა-განათლების უნარები და თვითგანათლების სიყვარული, რომელიც იძულებას არ მოაქვს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5