Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას”დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ლიკა მალანია. 

ზაფხულის არდადეგები ასოცირდება დასვენებასთან, დროის ხალისიანად გატარებასთან, თამაშთან, ამიტომ ასაკის მიუხედავად ყველანი ველოდებით არდადეგებს. ეს არის პერიოდი, როდესაც  გარკვეული რუტინული მოქმედებები დროებით უნდა შევაჩეროთ და დრო დავუთმოთ დასვენებას, ძალების აღდგენას… ამ მხრივ, ბავშვები არ არიან გამონაკლისები. არდადეგებზე ხდება მთელი წლის მანძილზე დახარჯული ფიზიკური, ემოციური, მორალური, პიროვნული რესურსების აღდგენა. ამ დროს, მშობლებისთვის მთავარი გამოწვევაა როგორ შეძლონ, რომ შვილებს დასვენების საშუალებაც მისცენ და ამავდროულად გონებრივი უნარების მოდუნების საშიშროება აიცილონ თავიდან. მნიშვნელოვანია, არდადეგებზე ბავშვებს არ შევუქმნათ დირექტიული გარემო და არ მოვთხოვოთ მეცადინეობა. შეგვიძლია დავგეგმოთ აქტივობები, რომლებიც ბავშვის კოგნიტურ, ფიზიკურ, სოციალურ-ემოციურ, ესთეტიკურ, ეკოლოგიურ, მორალურ  განვითარებას მოემსახურება. ამაზე დაწვრილებით დაბლა ვისაუბრებ.

ძალიან რთულია რეკომენდაციების გაცემა თუ როგორ, სად, ვისთან გაატარო არდადეგები, რადგან ეს ძალიან ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული: ინდივიდუალურ გემოვნებაზე, მატერიალურ შესაძლებლობაზე, მშობლების შვებულების ხანგრძლივობაზე და ა. შ. 

არდადეგების პერიოდი  მაქსიმალურად სახალისო, დადებითი ემოციებით  და სიახლეებით სავსე უნდა იყოს.  არდადეგების დაწყებამდე მშობელს შეუძლია ბავშვთან შეთანხმებულად დაგეგმოს ზაფხულის დასვენების პერიოდი, მოისმინოს ბავშვის სურვილები თუ რისი გაკეთება სურს მას  ამ პერიოდში.                                                                                                                                                               

ზაფხულში შეგვიძლია მთავარი აქცენტი გადავიტანოთ ბავშვის ფიზიკურ, ეკოლოგიურ, ესთეტიკურ, შრომით, მორალურ აღზრდაზე. ეს ის დროა, როცა შეგვიძლია ბავშვებთან მეტი დრო გავატაროთ და მათთან ერთად ვიაროთ სხვადასხვა ადგილებში. მშობელს შეუძლია დაგეგმოს ლაშქრობები, ექსკურსიები ბავშვთან შეთანხმებულად. ბუნებაში გასვლით ხელს შევუწყობთ მის ინტეგრირებას ბუნებასთან, ბუნებაში (ექსკურსიები, ლაშქრობები) გასვლის პროცესი პოზიტიურ გავლენას მოახდენს : 1) ფიზიკურ განვითარებაზე 2) ემოციური სფეროს ჩამოყალიბებაზე 3) ბავშვის ადაპტაცია ბუნებასთან და  ბუნებაზე ზრუნვის უნარის გამომუშავებაზე. კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვებს, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ბუნებაში, მათ: უფრო კარგი გუნება-განწყობილება და აკადემიური მოსწრება აქვთ, ასევე უჩნდებათ სხვადასხვა ინტერესები. 

ზაფხულის არდადეგებზე შეგვიძლია მეტი დრო დავუთმოთ თეატრში, კინოში და  ოპერაში სიარულს, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის ესთეტიკურ განვითარებას, მისი შემოქმედებითი, წარმოსახვითი უნარების განვითარებას, სულიერი და მატერიალური კულტურის განვითარებას.

ზაფხულში მივცეთ ბავშვებს უფლება ითამაშონ, ვინაიდან თამაში ხელს უწყობს და მნიშვნელოვანია სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის. თამაში იძლევა შესაძლებლობას ბავშვმა გამოხატოს ძლიერი ემოციები. თამაშის პროცესში ბავშვებს უვითარდებათ წვრილი და მსხვილი მოტორიკა. სირბილის, გაძრომის, ხტუნვის დროს მაგრდება მსხვილი კუნთები. ჩაიდნიდან წყლის ჭიქებში ჩამოსხმისას, კუბურებით შენებისას და ვითომ წერის დროს ვითარდება ნატიფი მოტორიკა და კოორდინაცია. თამაში ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას, მაგ“მაღაზიობანას“ თამაშის დროს ბავშვები წონიან, ზომავენ, ანგარიშობენ, ახარისხებენ სხვადასხვა საგნებს. ექიმობანას თამაშის დროს კი გამოცდიან თავიანთ წარმოდგენებს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, ავარჯიშებენ მეხსიერებას, სააზროვნო და პრობლემის გადაჭრის უნარებს. თამაში ავითარებს მეტყველების და კომუნიკაციის უნარებს. როლური თამაშების დაწყებამდე შესაძლებელია სიუჟეტის მოყოლა და როლების გადანაწილება. თამაშის პროცესში ბავშვები სწავლობენ დახვეწილი სიტყვებისა  და ფრაზების გამოყენებას. 

მშობლები განიცდიან, რომ დასვენების პერიოდში ბავშვები მთელ დროს დაუთმობენ ეკრანებს, კომპიუტერულ თამაშებს. ამ დროს მშობელს  შეუძლია  შეარჩიოს ასაკისთვის შესაფერისი, სხვადასხვა უნარის განვითარებაზე ორიენტირებული კომპიუტერული თამაში. მნიშვნელოვანია კომპიუტერულ თამაშებზე დაწესდეს ლიმიტი და მათ ჰქონდეთ საგანმანათლებლო, სოციალური უნარების განმავითარებელი პოტენციალი (მაგ: წყვილში თამაში). მშობლებს შეუძლიათ შეარჩიონ საბავშვო ლიტერატურის ციფრული წიგნები. ციფრული წიგნები იძლევა საშუალებას ბავშვმა თვალი მიადევნოს სიტყვებს და ნახატებს. 

მშობლების დიდი სურვილია ბავშვები დაკავდნენ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვით. თუ გვინდა ბავშვები აღვზარდოთ აქტიურ მკითხველებად, მნიშვნელოვანია ამას ჩვენგან ხედავდნენ. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მშობელი დასვენების, დღის გარკვეულ პერიოდს კითხვას უთმობს და შემდეგ წაკითხულს ოჯახის წევრებს, შვილს უზიარებს, რაც ზრდის ალბათობას იმისა, რომ ბავშვიც დაინტერესდეს გარკვეული მოთხრობების წაკითხვით. ასევე შესაძლებელია მცირე ზომის მოთხრობები ოჯახის წევრებმა ერთად წაიკითხონ, გაარჩიონ, გაითამაშონ, რაც კითხვის პროცესს სასიამოვნოს გახდის და კითხვისადმი ბავშვის შინაგანი მოტივაციაც გაიზრდება.

თუ გვინდა ბავშვმა ჩვენ მიერ შეთავაზებული აქტივობა ან ინსტრუქცია გააკეთოს, არ აქვს მნიშვნელობა წლის რომელი პერიოდია, ეს აქტივობა თუ ინსტრუქცია უნდა იყოს მისთვის გასაგები, სახალისო და, რაც მთავარია, არაძალადობრივი. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5