პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება #მოსწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი.
გიორგი, თქვენ ხელოვნებას ასწავლით ბავშვებს და ერთად ქმნით ბევრ საინტერესო ნივთს, ასწავლით მათ ჩხირკედელაობას, ფიქრს და ზრუნავთ მათ შემოქმედებით განვითარებაზე.
გვესაუბრეთ როგორ შეიძლება გაატაროს ზაფხული ბავშვმა საინტერესოდ ისე, რომ ეს დრო მისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი და სასიამოვნო გახდეს?
ჩემი აზრით, ბავშვმა რომ ზაფხული საინტერესოდ გაატაროს, თავისუფლება უნდა იგრძნოს. პატარ-პატარა დამოუკიდებლობებისკენ გადადგას ნაბიჯები. თანატოლებთან, მშობელთან თამაშისა და ურთიერთობის დრო ჰქონდეს.
მშობლებს ხშირად გვავიწყდება, რომ ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ, მშობელთან ურთიერთობა და მისი მხარდაჭერაა.
მშობლისგან დახმარების თხოვნაც მნიშვნელოვანია, რითაც ბავშვს თავდაჯერება ემატება, თავს თვითონაც მნიშვნელოვან ადამიანად გრძნობს. თან კითხვებიც დავუსვათ და პასუხამდე მისვლა ვაცადოთ.
მაგ. ეს თუ იცი რა არის? … კარგია. ამას როგორ მიამაგრებ, რასაც მოძვრა? კარგია, აბა სცადე.
დაბოლოს, შევაფასებთ და დავამთავროთ: რა გამოუვიდა კარგად და როგორ გაართვა თავი პრობლემის მოგვარებას, კონკრეტული ქცევის გამო შევაქოთ. ამ თამაშს “პრობლემობანა” დავარქვი. ერთ-ერთ სკოლაში იყენებენ აქტიურად პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას.
უნდა დავივიწყოთ სიტყვა „არ შეიძლება“ – ავუხსნათ რისი გაკეთება ჯობია, რა არის საფრთხილო და საზიანო და რა – კარგი და სასურველი.
მშობლებს გვავიწყდება, რომ ჩვენ მასწავლებლები ვართ, ყველა მშობელი, ყველა ზრდასრული მასწავლებელია. მასწავლებლობა ბაღში და სკოლაში არც იწყება და არც მთავრდება. ჩვენ ჩვენი მაგალითით ვასწავლით შვილებს, ბავშვებს. თვითონაც მასწავლებლები არიან, თანატოლებს ასწავლიან ახალ-ახალ უნარებს.
თამაშია ბავშვის საქმე. ზაფხულში მხოლოდ კითხვა და დავალებები ბავშვს დროს წაართმევს და გულს აუცრუებს, კითხვაც თამაშით ჯობია და მეცადინეობაც. მაგ. მოდი, დავითვალოთ, რამდენ უცხო სიტყვას დავიჭერთ ამ სიმღერის მოსმენისას. მერე ამ სიტყვებით წინადადებებიც შევადგინოთ. მოდი ეს ძველი ნივთები, ან ხის ქერქები, ტოტები, ან ძველი ფანქრები ერთმანეთთან დავაკავშიროთ და ვნახოთ, რა გამოვა…
“წაიკითხეს” ნაცვლად – “მოდი, წავიკითხოთ” – შევთავაზოთ, ან ამას მე წაგიკითხავ, რითაც კარგ მსმენელადაც ვაქცევთ, თუ წიგნი ერთი შეხედვით არ დააინტერესებს, სხვა გზა ვცადოთ, მოდი 60 წამი მომეცი, თუ გინდა მერე გამაჩერე… როგორც წესი, ამ დროის შემდეგ კითხვა გრძელდება…
რამდენი რამის თამაში შეგვიძლია ბავშვთან. მათი მადლობელი უნდა ვიყოთ, ჩვენს ბავშვობას გვინახავენ, გვინარჩუნებენ, გვახსენებენ და ჩვენც აგვათამაშებენ, სხვანაირად გვაფიქრებენ და კომპლექსებისგან გვათავისუფლებენ.
მე ზაფხულის რუკის დაგეგმვას ვთავაზობ ბავშვებს, დახატონ რუკა, თუ უნდათ, საქართველოს ან მსოფლიოს რუკა და მონიშნონ ადგილები, ამბები, რაც უნდათ მოასწრონ ამ ერთ ზაფხულს – ველოსიპედით გასეირნებები, სოფელი, მთა, ზღვა, ბანაკი, წიგნები, მეგობრები, რამე ახლის სწავლა, ბუნებაზე დაკვირვება, ხატვა, ფოთლების, ქვების ტოტების, ძველი ნივთების შეგროვება, ფოტოების გადაღება, ჩანაწერების გაკეთება, მუსიკა, ცეკვა, სპორტი, მუზეუმები, გალერეები, გამოფენები, ფილმები, ანიმაციები, თამაში, თამაში და ისევ თამაში… თავისი საყვარელი ამბების დაკონკრეტებითა და მიხატვ-მიწერით. მერე ამ რუკის გამოსაჩენ ადგილზე გამოკვრითა და ხშირად ჩაჭყეტითა და შესრულებით.
ასე უფრო გამარტივდება, ზაფხულიც უფრო დიიიდი და მრავალფეროვანი, თამაშიანი და საქმიანი, ფიქრიანი და ხალისიანი, ადგილებიანი და ამბებიანი გამოვა…
ზაფხული ჩიტს ჰგავს, თავისუფლებისმოყვარე ჩიტს, ჩვენც, ბავშვებთან ერთად, ჩიტივით თავისუფალი ზაფხული უნდა დავგეგმოთ და ვცადოთ შთაბეჭდილებების გამოწვევა ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრებას ყოველდღე აღმოაჩენენ…