„დედამიცისს“ ესაუბრება ფსიქოლოგი ლიკა ბუწაშვილი.
რა არის ასერტულობა?
ასერტულობა არის ადამიანის უნარი, მკაფიოდ გამოხატოს საკუთარი სურვილები და პოზიცია იმგვარად, რომ ამავდროულად პატივი სცეს სხვებს. ასერტული კომუნიკაციის სტილის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს და მიიჩნევს, რომ თავისი აზრები, განცდები და სურვილები მნიშვნელოვანია და, ამავდროულად, პატივისცემით ეკიდება განსხვავებულ პოზიციას თუ სურვილებს.
ხანდახან ადამიანები პასიურ სტილს მიმართავენ – ნაცვლად იმისა, რომ გამოხატონ საკუთარი სურვილები, პასიურად თანხმდებიან სხვების შემოთავაზებებს. ან იყენებენ აგრესიულ სტილს – უხეშად მოითხოვენ თავიანთი სურვილების შესრულებას და შეურაცხყოფას აყენებენ ან ამცირებენ სხვას.
ამათგან განსხვავებით, ასერტული კომუნიკაციის სტილი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ახერხებს უარის თქმას, თუკი მისი სურვილები განსხვავდება მეორე ადამიანის სურვილებისგან; ახერხებს პოზიციის დაფიქსირებას, თუნდაც მისი პოზიცია არ ემთხვეოდეს გარშემომყოფთა პოზიციას; ახერხებს მეორე ადამიანისთვის საკუთარი ემოციების გაზიარებას და მოტივირებულია, რომ გადაჭრას სირთულეები თუ კონფლიქტები ურთიერთობაში.
რაში ეხმარება ასერტულობის უნარი ბავშვებს?
ასერტულობა როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს, ეხმარება იმაში, რომ მეტად ეფექტურად მოახერხონ შეთანხმების მიღწევა სხვა ადამიანებთან; თავი დაიცვან ბულინგისგან; ზოგადად – ჰქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობები, სადაც მოახერხებენ საკუთარი სურვილების, საჭიროებების, საზღვრების დაცვას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასერტულობა გრძელვადიან პერსპექტივაში გვეხმარება იმაში, რომ კომპეტენტურად ვიგრძნოთ თავი, გვქონდეს ჯანსაღი თვითშეფასება, ნაკლები შფოთვა დაგვეუფლოს სოციალურ სიტუაციებში და სხვ. თუმცა, მეორეს მხრივ, ასერტული უნარების გამოვლენა თავის მხრივ საჭიროებს ჯანსაღ თვითშეფასებას. მაგალითისთვის, როდესაც ვინმე დამამცირებლად გვექცევა, თუკი ჩვენც უღირსად მივიჩნევთ თავს, არც კი ვეცდებით თავის დაცვას. ან როდესაც ვინმე გამუდმებით გვთხოვს ისეთი რამის შესრულებას, რაც საფრთხის პირობებში გვაყენებს, გაგვიჭირდება უარის თქმა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, თუკი გვეშინია უარყოფის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ იმისათვის, რათა ჩვენ შევძლოთ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სურვილები, პოზიცია და მოვუფრთხილდეთ ჩვენს საზღვრებს, მნიშვნელოვანია თავად ვერკვეოდეთ საკუთარ სურვილებში, აზრებსა და საზღვრებში. ასევე ჩვენი ღირებულებითი სისტემისთვის მნიშვნელოვანი იყოს სხვისი პატივისცემაც.
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ასერტულობა?
ზოგიერთი ადამიანი ბუნებრივად ახერხებს ასერტულობის გამოვლენას. თუმცა, ვისაც ურთულდება, შესაძლებელია ამ უნარში გავარჯიშება – ადეკვატური სწავლებისა და პრაქტიკის შედეგად იხვეწება. თუმცა, მშობლებისა და გარემოცვის მხრიდან ხანგრძლივ და ეფექტურ მუშაობას საჭიროებს ასევე ის, რასაც ასერტულობის უნარი ემყარება – ჯანსაღი თვითშეფასება, სხვა ადამიანის პატივისცემა, საკუთარი სურვილებისა და ემოციების გაცნობიერება და სხვების ემოციებზე დაკვირვების უნარი და სხვა.
არსებობს სხვადასხვა სტრატეგია და რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოვიმუშაოთ ან გავიუმჯობესოთ კომუნიკაციის ასერტული სტილი. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რეკომენდაცია, რასაც შეგიძლიათ მიმართოთ, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილებს/აღსაზრდელებს ასერტულობის გაზრდაში:
- დაეხმარეთ საკუთარი აზრების, ემოციებისა და სურვილების გაცნობიერებაში. იმისათვის, რათა შეძლოს მათი გაჟღერება, ჯერ თავად უნდა ფლობდეს მათ შესახებ ინფორმაციას;
- დაეხმარეთ გააცნობიერონ, რომ ისეთივე მნიშვნელოვნები არიან, როგორც სხვები;
- ასწავლეთ ე.წ. „მე შეტყობინებების“ გამოყენება. მაგ. „მე მეწყინა, როცა შენ გამოავლინე ესა და ეს ქცევა“;
- გაივარჯიშონ „არას“ თქმაში;
- დაეხმარეთ ემოციების მართვის უნარების გაუმჯობესებაში. იმისათვის, რომ მათ შეძლონ პოზიციის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ დაიცვან საკუთარი ინტერესები, მათ სჭირდებათ იმის სწავლა, როგორ დაუბრუნდნენ სიმშვიდის მდგომარეობას – როგორ გაუმკლავდნენ შფოთვას, შიშს და სხვა უსიამოვნო ემოციებს;
- თავად მიეცით ასერტული კომუნიკაციის მაგალითი;
- მოიფიქრეთ და ჩართეთ როლურ თამაშებში, სხვადასხვა სცენარით. მაგ. ვიღაც სთხოვს ისეთი რამის შესრულებას, რისი რესურსიც არ აქვს; ასევე, ვიღაც უკეთებს უსიამოვნო, დამამცირებელ კომენტარებს და სხვ.