პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
გვესაუბრეთ რა სიმპტომები ახასიათებს ბავშვთა ასაკში ასთმურ მოვლენებს.
ბავშვთა ასაკის ასთმური მოვლენების მთავარი, წამყვანი სიმპტომი არის მორეციდივე, განმეორებითი ხასიათის, მსტვინავი ხასიათის სუნთქვა. თუ ბავშვს უფიქსირდება სკოლამდელ ასაკში მსტვინავი ხასიათის სუნთქვა, ჩვენ ვამბობთ, რომ მას აქვს ასთმისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. მნიშვნელოვანია, ყველა პედიატრმა, მშობელმა და ბავშვთან მომუშავე პირმა ვიცოდეთ, ბავშვებს, რომლებსაც მსტვინავი ხასიათის სუნთქვა უფიქსირდება, აქვს თუ არა რისკი, რომ მოზარდობის ასაკში გაჰყვეს ეს ყველაფერი და ჩამოყალიბდეს, როგორც ასთმა თუ ასეთი სუნთქვა ინფექციური პროცესის ნაწილია და ეს სიმპტომები ბავშვს ეწყება ვირუსულ დაავადებასთან შეხვედრის შემდეგ ან გაციებითი დაავადების პარალელურად, ასეთი ფორმები სამ წლამდე ასაკში ძალიან ხშირად გვხვდება, მაგრამ მათი 80-90%-ი სკოლის ასაკისთვის უკვე დაკარგულია და ასთმაში არ გადაიზრდება. მსტვინავი სუნთქვის გამომწვევი ასეთ დროს ცალსახად ვირუსია და ის აპროვოცირებს ასთმისთვის დამახასიათებელი მსტვინავი ხასიათის სუნთქვის ეპიზოდებს.
როდის იზრდება ასთმის განვითარების რისკები ბავშვებში?
შეიძლება ბავშვს აქვს მსტვინავი ხასიათის სუნთქვა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ასთმის რისკად შევაფასოთ, რადგან აუცილებელია ამ ეპიზოდის წელიწადში 3-4-ჯერ განმეორება და დამატებითი რისკფაქტორი, მაგალითად ატოპიური დერმატიტი, გარემო ალერგენზე ალერგია ან თუ რომელიმე მშობელს აქვს ბრონქული ასთმა. თუ ჩამოთვლილთაგან ერთი ნიშანი დადებითია და პლუს ეს მსტვინავი სუნთქვები წელიწადში სამჯერ ან მეტჯერ, მეორდება, ასეთი ბავშვების ძალიან დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, მოზრდილობის ასაკშიც მიჰყვება ასთმა.
როდის ისმევა ასთმის დიაგნოზი?
ჩვენ ასთმის დიაგნოზის დასმას ექვს წლამდე ვერიდებით, რადგან ამ ასაკამდე ვერ კეთდება ასთმის დიაგნოზის მთავარი ტესტი, რომელსაც ჰქვია სპირომეტრია. ის არის სუნთქვითი სისტემის შეფასების ტესტი, რომელიც ჩაბერვით კეთდება და ბავშვები ამას სკოლის ასაკამდე ვერ აკეთებენ. ამიტომ ჩვენ ამ ასაკობრივ ჯგუფში რისკებს განვსაზღვრავთ იმის მიხედვით, თუ ვხედავთ რომ ორნახევარი და სამი წლის ბავშვს აქვს ყოველგვარი გაციების გარეშე, ალერგენთან შეხებისას მსტვინავი ხასიათის სუნთქვა, ან მშობელი ჰყავს ასთმიანი და ა.შ. რასაკვირველია, ასეთი ბავშვების დიდი ნაწილი, 8-9 წლის ასაკში იმავეს ავლენენ. ასთმური მოვლენების დაკარგვის ალბათობა აქვთ იმ ბავშვებს, რომელთა სიმპტომების უკან მოიაზრება რესპირაციულ-გაციებითი დაავადებები.
როგორ ხდება ასთმური მოვლენების მართვა და მკურნალობა?
ასთმის მართვა და მკურნალობა, ვირუსულია თუ ალერგიული, დროის მონაკვეთში ერთი და იგივეა. არსებობს საფეხურებრივი მკურნალობა, საინჰალაციო ჰორმონების დანიშვნა გვჭირდება და ბევრი სხვადასხვა სახეობის წამლები გვაქვს ასთმის დროს. ექვსი წლიდან ვიყენებთ საპრევენციოდ აცრას ალერგიის მიმართ, თუ ალერგიასთან ასოცირებული აცრაა. სკოლის ასაკამდე ყველა ბავშვს აქვს ხიხინი, მსტვინავი ხასიათის სუნთქვა, მათგან მხოლოდ 20%-ს აქვს მოზრდილობის ასაკში დარჩენის ალბათობა, 80% კი კარგავს ამ რისკებს გარდატეხის ასაკამდე. ეს ასაკობრივი ზღვარი 12-13 წელი არის გოგონებისთვის და 14-15 წელი – ბიჭებისთვის. ადრეულ ასაკობრივ პერიოდში ასთმური მოვლენები უფრო ბიჭებისთვის არის დამახასიათებელი და 30-35 წლის ასაკიდან უფრო ქალებისთვის, სადაც ასთმის ბევრ ფორმას ვხვდებით. ასთმისთვის მთავარი ვირუსული აგენტებიდან, რომლებიც აპროვოცირებენ ყველაზე ხშირად ასთმურ მოვლენებს, ნომერ პირველი არის რინოვირუსი, უბრალო, მარტივი გაციების ვირუსი, რომელიც სექტემბრის ბოლოდან ჩნდება.
როგორ მოქმედებს კოვიდი იმ ბავშვებზე, რომელთაც ასთმა აქვთ?
ცნობილია, რომ ასთმისკენ მიდრეკილი, მსტვინავი ხასიათის სუნთქვის მქონე ბავშვების ბრონქოსპაზმისკენ მიდრეკილებას კოვიდი არ აძლიერებს, საბედნიეროდ და ეს არ არის მისთვის დამახასიათებელი. ჩამოყალიბებული ასთმა ვისაც აქვს და ჰორმონალურ წამლებზეა, რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ ბავშვები, საბედნიეროდ, არა. კოვიდისთვის დამახასიათებელია ფილტვების დაზიანება და არ ეხება ბრონქს და ზედა სასუნთქ გზებს. თუმცა, ერთადერთი რაც უნდა იცოდეს ყველა მშობელმა და რასაც ამ სიტუაციაში ვითვალისწინებთ არის ის, რომ თუ ალერგიულ ბავშვს შეხვდა ახალი კორონავირუსი, ასეთ შემთხვევაში ბაზისური წამლების არცერთი დოზა არ უნდა მოაკლდეს, რადგან ეს არ წაადგება არც კოვიდის მიმდინარეობას და არც მის ძირითად დაავადებას. ის, რომ ბავშვს ასთმა აქვს და კოვიდი დაემართა, არ ნიშნავს, რომ ჰოსპიტალიზაცია აუცილებლად საჭირო გახდება.