Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქიატრი და ბავშვთა ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი.

მერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აუტიზმის სიხშირიანობის გაზრდაზეც არის საუბარი. კონკრეტულად რა დეტალები გამოიკვეთა ამ კვლევის შედეგად და რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ საქართველოში?

ნამდვილად, 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით “აუტიზმის სიხშირე კვლავ მზარდია”- ნათქვამია ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციაში. უახლესი კვლევებით, ამერიკის მოსახლეობის 2 %-ზე მეტ ბავშვს  აქვს განვითარების სხვადასხვა დარღვევა. თუ 2020 წლის მონაცემებით, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ 54 ბავშვში 1-ს აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა, 2021 წლის განაცხადში უკვე საუბრობენ – 44-ში 1 გავრცელებით  სიხშირეზე (2.3%).

აღსანიშნავია,რომ გოგოსა და ბიჭს შორის გავრცელების სიხშირე არ შეცვლილა, ბალანსი არ დარღვეულა, 4:1-თანაა, მნიშვნელოვანია, რომ წინა წლებთან შედარებით სულ უფრო მეტს საუბრობენ გოგონებში აუტიზმის  ამოცნობის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებზე (აქ მნიშვნელოვანია ჩვენს მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ გოგონებში აუტიზმის სპექტრის აშლილობის კლინიკის ამოცნობა რთულია, რადგან ისინი „ფუთავენ“ საკუთარ  პრობლემებს. აღმოჩნდა, რომ ბიჭებთან შედარებით, მათ მეტად შესწევთ უნარი, ჩასწვდნენ სოციალურ კონტექსტს, “ფეხი აუწყონ“ თანატოლებს, რის საფუძველზეც ისინი ახერხებენ იმიტაციურ ურთიერთობებს (თუმცა უფრო მეტად მაშინ, როცა ინიციატივა სხვისგან მოდის და არა საკუთარი ინიციატივის ხარჯზე). როგორც წესი, ჰყავთ სულ მცირე ერთი მეგობარი, რომელსაც ეჯაჭვებიან და მასზე დამოკიდებულნი ხდებიან. ასაკის მატებასთან ერთად გოგონები მეტად ხვდებიან თავიანთ განსხვავებულობას თანატოლებთან შედარებით და იმისათვის, რომ სხვებისათვის ნაკლებად გამოირჩეოდნენ, მიმართავენ ისეთ ხერხებს, როგორიცაა: ნაკლები აქტიურობა საუბრის დროს, ზედმეტად მოწესრიგებულობა, რომ არ დაიმსახურონ შენიშვნები და ასევე, მეტად ემორჩილებიან იმ სოციალური გარემოს წესებს, სადაც ხშირად უხდებათ ყოფნა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კარგად ნიღბავენ საკუთარ აუტისტურ სიმპტომებს.)
ასევე საყურადღებო მონაცემი ახალი კვლევით, ეხება გავრცელების სხვადასხვა სიხშირეს ამერიკის  შტატებში. აღმოჩნდა, რომ აუტიზმის გავრცელება შედარებით  იშვიათია მისურის შტატში – 60-ში 1 (ან 1.7%), ხოლო ხშირია კალიფორნიაში 26-ში 1 (3.9%).
არ მკითხოთ სიხშირიანობის გაზრდის ზუსტი მიზეზი, რატომ? უბრალოდ არ იციან, თუმცა საუბრობენ სავარაუდო მიზეზებზე, რომლებიც აქამდეც აქტუალური იყო:  კარგი დიაგნოსტირება, მოსახლეობის უკეთესი ინფორმირება, ცნობადობის ამაღლების კამპანიების არსებობა, სერვისების გაუმჯობესება და მიმართვიანობის გაზრდა.

რაც შეეხება საქართველოს: დღემდე დადასტურებული სტატისტიკა აუტიზმის სპექტრის აშლილობების გავრცელების შესახებ არ არსებობს, თუმცა მალე იქნება, რადგან  ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის საქართველოს აკადემიამ, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „გამმასთან“ ერთად, რუსთაველის ეროვნული ფონდის და ჩეხეთის კარიტასის დახმარებით,  2019 წლიდან დავიწყეთ ეპიდემიოლოგიური კვლევა აუტიზმის სპექტრის აშლილობის გავრცელების სიხშირის დასადგენად ქვეყანაში. სკრინინგის ეტაპზე, კვლევაში მონაწილეობდნენ თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმისა და თელავის 211 საჯარო სკოლის მესამეკლასელები (8-9 წლის ასაკის), ჯამში 16 654 ბავშვი. ამ დროისთვის კვლევის შედეგები სტატისტიკურ დამუშავებას გადის და ზაფხულისთვის გვექნება  აუტიზმის სპექტრის აშლილობის საქართველოში გავრცელების ზუსტი მონაცემი.

რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ მეტი აუტიზმის შესახებ პრევენციისთვის და დროული დიაგნოზისთვის?

ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მაღალი ინფორმირებულობა აუტიზმის სპექტრის აშლილობის სიმპტომებთან დაკავშირებით. რადგან ისინი არიან ფლაგმანები, რომლებმაც უნდა შეამჩნიონ პრობლემა და ბავშვის ჩართვას ხელი შეუწყონ რეაბილიტაციურ სერვისებში. აუტიზმის სპექტრის აშლილობა მიეკუთვნება მდგომარეობების ჩამონათვალს, სადაც მულტიდისციპლინური თერაპიული გუნდის  ადრეული დიაგნოსტირება და ადრეული ჩართულობა რადიკალურად ცვლის პროგნოზს. 

ადრეული ნიშნები უცვლელია:

  • ბავშვი არ უყურებს გარშემომყოფებს თვალებში;
  • სახელზე არ ან ცუდად რეაგირებს;
  • არ ეცვლება სახის გამომეტყველება ემოციების შესაბამისად;
  • აქვს ჟესტების გამოყენების დეფიციტი (არ არის თითით ჩვენება, თავის დაქნევის, უარყოფის ნიშნად – გაქნევის ჟესტი, ხელის აწევა ნაცნობის დანახვისას.);
  • სოციალური ღიმილის არარსებობა;
  • არ უზიარებს გარშემომყოფებს ინტერესებს;
  • არ თამაშობს წარმოსახვით თამაშებს;
  • არ აქცევს ყურადღებას გარშემომყოფებს;
  • უჭირს სხვისი ემოციების გაგება და საკუთარი ემოციების  გამოხატვა;
  • აგვიანებს მეტყველების დაწყებას;
  • ამწკრივებს სათამაშოებს, უჭირს საგნების ფუნქციურად გამოყენება/თამაში;
  • აქვს ხელებით რიტუალური მოძრაობები ძლიერი ემოციის დროს;
  • რიგიდულია გარემო ცვლილებებთან მიმართებაში;
  • აქვს განმეორებადად ერთი და იმავე სიტყვების გამოყენება, ვერბალური რიტუალები. სპეციფიკური ინტონაცია საუბრისას, სხვისი ნათქვამის მყისიერი გამეორება, წარსულში გაგონილი ფრაზების აწმყოში გადმოტანა. დიალოგის წარმოების სირთულე;
  • ინტერესდება საგნების დეტალებით;
  • აქვს სენსორული დეზინტეგრაციის ნიშნები.
  • რაც უფრო ადრეულ ასაკში შეამჩნევს მშობელი პრობლემას, მიმართავს პროფესიონალს და დაიწყებს მიზანმიმართულ, ადეკვატურ, ინტენსიურ ჩარევას, მით უკეთესი იქნება გამოსავალი გრძელვადიანი პერსპექტივით. ადრეული ამოცნობა, დიაგნოსტირება და რეაბილიტაციის ადრეული დაწყება, კარგი ინტელექტუალური და კომუნიკაციური შესაძლებლობების ფონზე იძლევა საუკეთესო გამოსავალს პროგნოზულად.

როგორია ჩვენს ქვეყანაში აუტიზმის დიაგნოზის შესახებ დაგროვილი გამოცდილება? ხომ არ არის დაგვიანებული დიაგნოზის აღმოჩენა და რა არ კეთდება სწორად?

ჩვენს ქვეყანაში პრობლემა ისაა, რომ მიუხედავად წინა წლებთან შედარებით გაზრდილი ცნობადობისა აუტიზმთან დაკავშირებით, რეალურად გაიზარდა ცნობადობა მკვეთრად გამოხატული სიმპტომების ამოცნობის კუთხით, რაც შეეხება მსუბუქ დიაგნოზებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ცოდნის დეფიციტია, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში, შესაბამისად პრობლემის ამოცნობა და მომართვიანობა უბრალოდ არ ხდება, ან ხდება იმდენად მოგვიანებით ასაკში, რომ პროფესიონალები ვეღარაფერს ვცვლით. ზემოთ აღნიშნული ეპიდემიოლოგიური კვლევის ფარგლებში, რომელიც სან ფრანცისკოს უნივერსიტეტთან ერთად ჩავატარეთ, ჩვენ მიერ დასმული დიაგნოზებიდან, 75 %-ში დიაგნოზი პირველადად დავსვით, ეს იმას ნიშნავს,რომ ბავშვი ისე მოვიდა 8 წლამდე, რომ ეჭვი აუტიზმზე პრაქტიკულად არ გასჩენიათ ოჯახში.  ბავშვი თუ საუბრობს, აღარავინ აქცევს ყურადღებას მის უცნაურ ქცევებს და ინტერესებს, ხმის სპეციფიკურ ტემბრს და ინტონაციას, სოციალური უნარების დეფიციტს თანატოლებთან ურთიერთობებისას. მეგობრის არ ყოლას, ან ზედაპირულ ურთიერთობებს, მის ფამილიარობას, პრაგმატული ენის დარღვევებს, თუ სად რა თქვას, როგორ თქვას, ვისთან და როდის დაიწყოს საუბარი, რა თემაზე.

ხშირად ამ ბავშვებისთვის რთულია კომუნიკაციის წამოწყება და მისი წარმართვა. ვერ იგებენ, რა თემაზე ილაპარაკონ, როდის დაიწყონ ან დაასრულონ საუბარი. ვერ იგებენ ხუმრობას, სარკაზმს ან მეტაფორას. ახასიათებთ ზედმიწევნით პირდაპირი მეტყველება და სხვისი საუბრის პირდაპირი აღქმა. ახასიათებთ პრობლემები ენის სწორად გამოყენებაში. ამ ბავშვებს უჭირთ თემაზე საუბრის წამოწყება, მსჯელობა და საკითხის გააზრება, ვერ გადადიან თემიდან თემაზე, მათთვის რთულია სხვადასხვა ისტორიის მოყოლა. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა მიაქციოს ყურადღება: 

  • რამდენად ადეკვატურად ცვლის ბავშვი მსმენელი-მთქმელის როლს, აკეთებს თუ არა კომენტარებს და სვამს თუ არა დამაზუსტებელ შეკითხვებს;
  • შესამჩნევია თუ არა მეტყველების სტილის ცვლილება, სიტუაციის შესაბამისად;
  • რამდენად იწყებს გარემოს და განხილვადი თემის ირგვლივ საუბარს, ლაპარაკობს თუ არა კონკრეტულ სიტუაციასთან, ან ისტორიასთან დაკავშირებულ თემაზე;
  • პასუხობს თუ არა დასმულ შეკითხვებს და განავრცობს თუ არა თემას;
  • გადადის თუ არა სიტუაციურად თემიდან თემაზე, რომელიც კონკრეტულ შემთხვევას, სიტუაციას ან აქტივობას უკავშირდება;
  • ხომ არ აქვს ხშირი ენათა მონაცვლეობა, გაუფრთხილებლად ცვლის ენებს ყოველდღიური საუბრისას;
  • იწყებს თუ არა რაიმე მოქმედებას რიგის განსაზღვრის შემდეგ, მაგ. პასუხობს თუ არა დასმულ კითხვას ადეკვატურად, ერთი თემიდან მეორეზე გადასვლამდე იყენებს თუ არა პაუზას; აცდის თუ არა მოსაუბრეს კითხვის დასმას და ამის შემდეგ პასუხობს თუ არა მას; აზუსტებს თუ არა გაგონილს და გამოთქვამს თუ არა თავის მოსაზრებას და შეფასებას; რამდენად ლაკონიურად გადმოსცემს თავის აზრს. რამდენად მოქნილია საუბრის დროს. როგორია არავერბალური ასპექტები.

ძალიან ხშირად ისეც  ხდება, რომ უკვე დასმული დიაგნოზის შემთხვევაში, არაკვალიფიციური სპეციალისტები ხსნიან დიაგნოზს მშობლის კეთილგანწყობის მოპოვების კუთხით, ან ცოდნის დეფიციტის გამო. არ ხდება ამის გამო ბავშვთან მუშაობა და ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილი სოციალურ-კომუნიკაციური უნარების მოთხოვნების ფონზე ბავშვს ვერ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ასაკით დაკისრებულ სოციუმის მოთხოვნებს და ჩნდება ძალიან ბევრი სირთულე, როგორც სოციალურ- კომუნიკაციური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით.

აპრილი აუტიზმის სპექტრის აშლილობების შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა. გამოვიდეთ ჩვენი ბავშვების და მოზარდების საუკეთესო ინტერესებიდან, გვქონდეს ინფორმაცია აღნიშნული მდგომარეობის მრავალფეროვანი გამოვლინებების შესახებ, არ მოვუხუჭოთ თვალი პრობლემას, ვეცადოთ გავაკეთოთ მაქსიმუმი ამ ადამიანების სოციუმში ინკლუზიისთვის, საზოგადოების მხრიდან მეტი მიმღებლობისთვის და მეტად ვიზრუნოთ მათი „ბედნიერი მოგზაურობისთვის ცხოვრებაში“.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5