რთულია, იმის გარკვევა აქვს თუ არა მცირეწლოვან ბავშვს აუტიზმი, რადგან ბევრ მათგანს ამ მდგომარეობის გარეშეც აქვს მსგავსი ქცევები. ამიტომ ხშირად აუტიზმის სპექტრის დიაგნოზის დასმა 4 წლამდე ვერ ხერხდება. თუმცა, სავარაუდო დიაგნოზი 2 წლის ასაკშიც შეიძლება დაისვას. ბევრი მშობელი 12-18 თვისთვის უკვე ამჩნევს ნიშნებს.
ადრეულ ჩარევას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს, მიმართეთ სპეციალისტს.
აუტიმის ნიშნები 12 თვემდე ნაკლები ასაკის ბავშვებში
- არ გამოხატავს ინტერესს სახეების მიმართ.
- არ გიყურებთ თვალებში, არ იღიმება და შეიძლება ჩანდეს, რომ სწორად თქვენს მიღმა იყურება.
- ყოველთვის არ რეაგირებს ხმებზე. არ აბრუნებს თავს მისი სახელის გაგონებისას. არ აინტერესებს, საიდან მოდის ხმა და არ ეშინია უეცარი ძლიერი ხმაურის. ამავდროულად, სხვა სიტუაციებში მას კარგად ესმის.
- არ მოსწონს ჩახუტება ან შეხება.
- არ აინტერესებს ბავშვური ტიპური თამაშები, მაგალითად „ჭიტა“.
- არ გამოსცემს ბგერებს და არც ლაპარაკის სხვა ადრეულ ნიშნებს აჩვენებს.
- არ იყენებს ჟესტებს, მაგალითად, არ გამოგიწვდით ხელებს, როცა ჩახუტება უნდა.
აუტიზმის ნიშნები 12-24 თვემდე ასაკის ბავშვებში
- არ იყენებს ჟესტებს. არ აქნევს თავს თანხმობის ან უარის ნიშნად. არ გემშვიდობებათ ხელის დაქნევით და არ მიგანიშნებთ თითით სასურველ საგანზე.
- 16 თვისთვის არ ამბობს სიტყვებს, ხოლო 24 თვისთვის 2 სიტყვიან წინადადებებს.
- არ მიაქვს საჩვენებლად სხვადასხვა საგნები მშობლებთან, მაგალითად ახალი სათამაშოები.
- ვერბალური ან სოციალური უნარების დაკარგვა. ადრე ღუღუნებდა ან რამდენიმე სიტყვას ლაპარაკობდა, ან ხალხისადმი ინტერესს გამოხატავდა, ახლა კი არა.
- ხალხისგან შორს იჭერს თავს და თავის სამყაროში ცხოვრობს.
- დადის ფეხის თითებზე ან საერთოდ არ დადის.
აუტიზმის ნიშნები 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის
- აქვს მეტყველების შეფერხება. უჭირს საკუთარი საჭიროებების გამოხატვა. საერთოდ ვერ ლაპარაკობს ან უარს ამბობს საუბარზე.
- აქვს ლაპარაკის უჩვეულო მანერა, მაგალითად იმეორებს სიტყვებს, ლაპარაკობს ზედმეტად დაბალი ან მაღალი ხმით. შეიძლება გაიმეოროს კითხვა პასუხის გაცემის ნაცვლად.
- ისე ჩანს, თითქოს არ ესმის, რას ეუბნებიან. შეიძლება ვერ უპასუხოს მის სახელს ან ვერ შეძლოს მითითებების შესრულება. ტირის, იცინის ან ყვირის მიზეზგარეშე.
- მთელ ყურადღებას რამდენიმე საგანს ან კონკრეტულ ნაწილს უთმობს, მაგალითად მანქანის ბორბალს.
- წარმოსახვითი ან სოციალური თამაშის უნარები დაქვეითებული აქვს. იშვიათად გბაძავთ იმაში, რასაც აკეთებთ და არ მოსწონს „ვითომ-ვითომ“ თამაშები.
- მარტო თამაში ურჩევნია და ხშირად, არ ინტერესდება ბავშვებით და თავს არიდებს მათ.
- მიჯაჭვულია კონკრეტულ რუტინებსა და რიტუალებზე. არ უყვარს გეგმების არევა. ეს მის ტანტრუმს ან სასოწარკვეთილებას იწვევს.
- არადანიშნულებისამებრ იყენებს საგნებს და სათამაშოებს.
- იზიანებს საკუთარ თავს.
- აქვს განმეორებადი ქცევები.
- ზედმეტად მგრძნობიარეა სხვადასხვა სახის სტიმულაციის მიმართ. მაგალითად, შეიძლება გააღიზიანოს სუნმა და უარი თქვა ჭამაზე.
- შეიძლება ეშინოდეს იმის, რაც არაა საშიში და პირიქით, ვერ ხვდებოდეს სახიფათო მდგომარეობას. მაგალითად, მას შეიძლება ეშინოდეს ისეთი უვნებელი საგნის, როგორიცაა ბუშტი, მაგრამ არ შეეშინდეს სიმაღლის.
- აქვს ძილის დარღვევა. აუტიზმის მქონე ბევრ ბავშვს უჭირს დაძინება და ხშირად იღვიძებს ღამით ან დილით ძალიან ადრე.
- ავლენს ქცევის პრობლემებს.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება და მხოლოდ 1 სიმპტომი არ ნიშნავს აუტიზმის დიაგნოზს.
წყარო: www.babycenter.com