“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი სალომე მურღულია.
რა ნიშნებით ვლინდება აუტიზმი ბავშვებში?
აუტიზმის სპექტრის აშლილობა მდგომარეობაა, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევასთან. ძირითადი ნიშნები, რომელიც ახასიათებს აუტიზმს არის გამოხატული სირთულეები სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, შეზღუდული ინტერესები და განმეორებადი ქცევები.
აღნიშნულ სფეროებში გამოვლენილი ნიშნები მერყეობს მსუბუქიდან ძლიერ გამოხატულებამდე. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების გარკვეულ ნაწილს არ შეუძლია მეტყველება, ნაწილს შეუძლია, თუმცა მეტყველებას იყენებს განსხვავებული ფორმით, კონკრეტულად – ზოგი მეტყველებას იყენებს კომუნიკაციის მიზნით, ნაწილი ვერ იყენებს; მეტყველება თავისებურია (ინტონაცია და მანერა განსხვავებულია, უჭირს იუმორის და გადატანითი მნიშვნელობის გაგება და ა.შ.). ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები ნაკლებად არიან კომუნიკაციის ინიციატორები. ძირითადად თამაშობენ მარტო, ნაკლებად იწვევენ სხვა ბავშვებს სათამაშოდ, უჭირთ ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა.
რა ასაკში ვლინდება აუტიზმის ნიშნები?
სიმპტომები/ნიშნები განსხვავებულია როგორც სხვადასხვა ასაკში, ასევე სხვადასხვა ინდივიდში. აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში ცვლილებები ვითარდება თავის ტვინის განვითარების ადრეულ სტადიაზე, კერძოდ სიმპტომები ვლინდება და თვალსაჩინო ხდება 3 წლამდე. თუმცა ჩვილობის ასაკიდანვე შესაძლებელია მშობელმა მიაქციოს ყურადღება გარკვეულ ნიშნებს, კერძოდ 2-3 თვის ასაკიდან, ტიპური განვითარების შემთხვევაში ბავშვები ემოციაზე ემოციით გპასუხობენ, აკვირდებიან სახეებს, რაც აუტიზმის შემთხვევაში განსხვავებულია. კლინიკური ნიშნები უფრო გამოხატულად შეინიშნება 8-10 თვიდან, როდესაც ბავშვები არ ინტერესდებიან ადამიანებით, არ რეაგირებენ სახელზე, არ ღუღუნებენ, არ მიანიშნებენ საგნებზე, არ იმეორებენ ბგერებს, ვლინდება სოციალური ინტერაქციის დეფიციტი.
12 თვიდან 24 თვემდე კი ვლინდება სოციალური თამაშების სიმწირე, ბავშვი არ ცდილობს სხვისი მოქმედებების მიბაძვას, ურჩევნია განმარტოებით თამაში, არ ითხოვს დამშვიდებას, როდესაც რამეს იტკენს ან აღელვებულია და სხვ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის განვითარება მიმდინარეობს ტიპურად 18-24 თვემდე და შემდეგ ვითარდება ე.წ. უნარების რეგრესი, როდესაც ბავშვი კარგავს მანამდე განვითარებულ სამეტყველო თუ სოციალურ უნარებს.
როდის უნდა მიიტანოს ეჭვი მშობელმა აუტიზმზე?
როგორც მოგეხსენებათ განვითარება რთული და მრავალმხრივი პროცესია. მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მაგ: ფიზიკური განვითარება, შემეცნებითი განვითარება, სოციალურ-ემოციური განვითარება. მნიშვნელოვანია, მშობელი აკვირდებოდეს ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფეროს და ქმნიდეს შესაბამის პირობებს, ვგულისხმობ, პოზიტიურ მხარდაჭერასა და მათთვის მრავალფეროვანი გამოცდილების შეთავაზებას.
მშობელი აუცილებლად დაინახავს ისეთ სიგნალებს, რომელიც არ არის დამახასიათებელი გარკვეულ ასაკობრივ ჭრილში; მაგალითად, 6 თვიდან ბავშვებში დეფიციტურია კონტექსტის შესაბამისი ემოციის გამოხატულება (ფართო ღიმილი, კმაყოფილების შეგრძნება); არ იყენებს ბავშვი 12 თვისთვის ნიშნების ენას (მაგალითად სასურველი ნივთის მისაღებად ხელით ჩვენება, თითით მინიშნება); არ რეაგირებს სახელზე, არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს და მარტივ ფრაზებს 18 თვემდე და ა.შ. 2 წლის ასაკისათვის უმეტესად არ რეაგირებენ ან რეაგირებენ შერჩევითად სახელით მიმართვაზე, შეინიშნება მზერითი კონტაქტის სრული ან ნაწილობრივი დეფიციტი, არ იჩენენ ინტერესს ბავშვების მიმართ, უჭირთ მარტივი ინსტრუქციის გაგება, არ უზიარებენ ემოციებს ოჯახის წევრებს, არ თამაშობენ ფუნქციურ, იმიტაციურ თამაშებს. არ აქვთ თითით მინიშნება და თანხმობა-უარყოფის ჟესტები.
შესაძლებელია იყოს სტერეოტიპული თამაში (როგორიცაა ნივთების მწკრივში განლაგება, საგნების ჩაყრა-გადმოყრა, საგნების/ბორბლების დატრიალება, და ა.შ.) და სტერეოტიპული მოძრაობები (ხტუნვა, უმიზნოდ სირბილი, ტრიალი, რწევა, ხელის მტევნების ქნევა/ფრთისებრი მოძრაობები და ა.შ.). ასევე მშობელმა უნდა დააფიქსიროს ისეთი ფაქტები, როგორიცაა ხმაურის დროს ყურებზე ხელების აფარება, ტირილი ან გაქცევა; უჩვეულო და ასაკის შეუსაბამო ინტერესები, სასურველის არშესრულების შემთხვევაში გადამეტებულად ტირილი, ყვირილი, კივილი, ტანტრუმის (მრისხანების შეტევა) განვითარება.
ყველაზე ადრე, რა ასაკიდან შეიძლება განხორციელდეს ინტერვენცია და თერაპიული ჩარევა?
სასიგნალო ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ბავშვთა ფსიქოლოგს/ფსიქიატრს, რათა დროულად შეფასდეს აუტიზმის სპექტრის აშლილობის განვითარების რისკი. დიაგნოსტიკის პროცესი მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასებას. დიაგნოზის დასმის შემდეგ გუნდის მიერ იგეგმება ინტერვენციის პროცესი (სხვადასხვა თერაპია-ქცევის, სენსორული, მეტყველების, ფიზიკური და სხვ.). თუმცა, ჩარევის ეფექტიანობა დამოკიდებულია ბავშვის რესურსებზე, სიმპტომთა ინტენსივობაზე და რა თქმა უნდა თერაპიის ეფექტურობაზე. კვლევებმა ცხადყო, რომ აუტიზმის მქონე ბავშვთა დიდი რაოდენობა უფრო კომუნიკაბელური გახდა, როცა მათ გარშემო არსებული სამყაროს სწორად გაგება ისწავლეს.
თერაპიული ჩარევის ეფექტურობა კი დამოკიდებულია მდგომარეობის დიაგნოსტირებაზე ადრეულ ასაკში და მიზანმიმართული თერაპიის დროულ დაწყებაზე. რადგან ყველაზე ეფექტურად და სწრაფად ბავშვები მცირეწლოვან ასაკში სწავლობენ. ამდენად მნიშვნელოვანია მშობელს ადრეული ასაკიდანვე არ გამორჩეს გარკვეული ინდიკატორები, რომელთა არსებობა ბადებს ეჭვს აუტიზმის სპექტრის არსებობაზე.