აუტიზმის ადრეული ნიშნების გამოვლენის მნიშვნელობასა და დროული ინტერვენციის დაწყებაზე პლატფორმის “დედამიცის” კითხვებს უპასუხებს ფსიქოლოგი ლიკა მალანია.
თავდაპირველად გვესაუბრეთ რა არის აუტიზმი და როგორ ხდება აუტიზმის ადრეული ნიშნების გამოვლენა.
აუტიზმის სპექტრის აშლილობა ეწოდება იმ მდგომარეობებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია სოციალური კომუნიკაციის თვისებრივი ცვლილება, შეზღუდული ინტერესები, რიგიდული და განმეორებადი ქცევა, ცვლილებებისადმი რეზისტენტობა.
აუტიზმის სპეციფიკური ნიშნების გარდა, შესაძლოა გამოვლინდეს სამედიცინო, სენსორული, კოგნიტური, ენისა და მეტყველების, ემოციური და ქცევის პრობლემები. მისი ნიშნებია: ძილისა და კვების დარღვევა, თვითდამაზიანებელი ან აგრესიული, რთული ქცევები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. აუტიზმი არის ქრონიკული მდგომარეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. აუტიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი კლინიკურად ადრეულ ასაკში ვლინდება, მაგრამ შესაძლებელია გარემოს ცვლილებების, მაგ: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეყვანისას მიიქციოს ყურადღება. როცა საკითხი ეხება აუტიზმს, რთულია თქვა, რომ ამ საკითხში ბოლომდე კომპეტენტური ხარ, რადგან მისი კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია აუტიზმის სიმძიმეზე, თანმხლებ დარღვევებსა და კოგნიტურ უნარებზე. ასევე ასაკზე, გარემოს ცვლილებებზე და ახალ მოთხოვნებზე, ინტერვენციაზე (ჩარევაზე). ამ ფაქტორთა ცვლილება ცვლის აუტიზმის კლინიკურ გამოვლენას.
რა არის აუტიზმის მიზეზი?
აუტიზმი თავის ტვინის ანომალიური ფუნქციონირების შედეგია, რისი მიზეზიც უცნობია. სხვადასხვა კლინიკური კვლევების მონაცემები ცალსახად მიუთითებს, რომ არ არსებობს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მხოლოდ ერთი ეტიოლოგიური ფაქტორი, მოცემული მდგომარეობა განიხილება როგორც მულტიფაქტორული. აუტიზმის ეტიოლოგიის დასადგენი კვლევები მიუთითებს გენეტიკურ, მეტაბოლურ, იმუნურ და ვირუსულ ფაქტორებზე. დღესდღეობით ზუსტი მონაცემები თუ რა იწვევს აუტიზმს უცნობია.
რა არის კონკრეტულ ასაკში აუტიზმის სპექტრის აშლილობის გამაფრთხილებელი ნიშნები?
აუტიზმის ადრეული ნიშნების გამოვლენის ასაკი განსხვავებულია. ზოგ შემთხვევაში ის შეიძლება თვალსაჩინო იყოს პირველივე თვეებშივე, ზოგი 2-3 წლის ასაკისთვის. ყველაზე ხშირად მშობლები 18 თვიდან 30 თვემდე პერიოდში ამჩნევენ განვითარების პრობლემებს. აუტიზმის გამაფრთხილებელი ნიშნებია:
6 თვის ასაკისთვის სოციალური ღიმილის არარსებობა ან ნაკლებობა, თვალით კონტაქტის ნაკლებობა ან არარსებობა. 9 თვის ასაკისთვის ბგერების, ღიმილით ან მიმიკით ურთიერთობის ნაკლებობა ან არარსებობა. 12 თვის ასაკისთვის ტიტინის ნაკლებობა ან არარსებობა. ჟესტების ნაკლებობა ან არ არსებობა, როგორებიცაა თითით მინიშნება, ხელის აყვანის მოთხოვნის შემთხვევაში ხელების გაშვერა, დამშვიდობებისას ხელების დაქნევა, სახელით დაძახებისას იშვიათი რეაგირება ან რეაგირების არქონა.
16 თვის ასაკისთვის ერთეული სიტყვების არარსებობა. 2 წლის ასაკისთვის ორსიტყვიანი მარტივი ფრაზების არარსებობა, უკვე არსებული სამეტყველო (სიტყვები) ან სოციალური უნარების დაკარგვა. უპირატესად მარტო ყოფნის მოთხოვნილება, სამეტყველო ენის განვითარების შეფერხება. სიტყვებისა და ფრაზების მუდმივი გამეორება (ექოლალია). რუტინისა და გარემოს მცირედი ცვლილების აუტანლობა. შეზღუდული ინტერესები, განმეორებადი ქცევა და მოძრაობები (მაგ: რწევა, ერთ წრეზე ბრუნვა, და ა.შ.). უცნაური და ძლიერი რეაქცია ხმებზე, სუნზე, გემოზე, ყნოსვაზე, სინათლეზე ან ფერზე.
აუტიზმის სპექტრის აშლილობის ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს წარმოსახვითი თამაშის არარსებობა ან სათამაშოებით არაფუნქციური თამაში (მაგ: მანქანების მწკრივში დაწყობა, გვერდზე დაწოლილი მანქანის ბორბლების ბრუნვის ყურება, ვიზუალური შეგრძნებების გაძლიერება და ა.შ.).
როგორ დავეხმაროთ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს?
აუტიზმის ადრეული გამოვლენა მნიშვნელოვანია დროული და შესაბამისად სწორი ინტერვენციის დაწყებისთვის, რაც აუმჯობესებს აუტიზმის მიმდინარეობას და პროგნოზს. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების განვითარების ხელშესაწყობად არსებობს სხვადასხვა სახის თერაპია (ქცევის თერაპია, სენსორული თერაპია, ფიზიკური თერაპია და ა.შ.). კონკრეტულად რომელი თერაპიაა საჭირო, და რა ინტენსივობით, თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად წყდება. თერაპიებს და ოჯახის მხარდაჭერას ყოველთვის მოაქვს შედეგი, რაც უფრო ადრე იწყება ბავშვთან მუშაობა, მით უფრო გამოხატულია პროგრესი.