Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალბედა მშობლებს წინ ბევრი გამოწვევა ელოდებათ, მათ შორისაა შფოთვა ბავშვის ჯანმრთელობაზე. ხშირად, ისინი უამრავი მითის გავლენის ქვეშ არიან და შეიძლება შეეშინდეთ ისეთი რამის, რაც ბუნებრივია ახალშობილისთვის. “დედამ იცის” წარმოგიდგენთ ჩვილის მოვლასთან დაკავშირებულ 10 გამოწვევას, რაზეც აღელვება არ ღირს.

1. სლოკინი და წამოქაფება

სლოკინი მშობლებს უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე ბავშვებს. ახალშობილისთვის სლოკინი სავსებით ნორმალურია. ზოგიერთი ბავშვი მუცელში ყოფნის დროსაც კი ასლოკინებს, დაახლოებით 6 თვისთვის, როცა მისი ფილტვები იწყებს ჩამოყალიბებას. თქვენ ამას ორსულობის დროს მუცელში რეგულარული ბიძგებით იგრძნობდით.

ჩვილები ამოქარვების დროს და ხანდახან მის გარეშეც აღებინებენ ხოლმე, რაც აფრთხობს ახალბედა მშობლებს. ამას რეფლუქსი ჰქვია და არ წარმოადგენს პრობლემას, თუ ბავშვი წონაში კარგად მატულობს. როგორც წესი, 6 თვისთვის თავისით გაივლის.

2. ბავშვის წონა

დაბადებიდან 5-7 დღეში ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში ნორმაა დაბადების წონის 7-10%-ით კლება, ხოლო იმ ბავშვებში, რომლებიც ხელოვნურ კვებაზე არიან – 5%-ით. დაბადების წონის ასანაზღაურებლად, მათ როგორც წესი, 10-14 დღე სჭირდებათ. თუმცა, თუ ნორმაზე მეტი დაიკლეს, ავად ან დღენაკლულები არიან, ეს შეიძლება 3 კვირაზე მოახერხონ.  არ არის სასურველი ჯანმრთელი ბავშვის ყოველდღიურად აწონვა, რადგან ეს ზრდის თქვენს შფოთვას, რომელიც ისედაც არ გაკლიათ ამ პერიოდში. საკმარისია თვეში ერთხელ ერთსა და იმავე სასწორზე აწონოთ ტანსაცმლის გარეშე, 6 თვემდე მაინც. 1-იდან 3 წლამდე ასაკში წონის კონტროლი საჭიროა 3-6 თვეში ერთხელ, 3-6 წლამდე 6 თვის ინტერვალით, ხოლო 6 წლის შემდეგ ყოველწლიურად.

(წყარო:  https://www.unicef.org/georgia/sites/unicef.org.georgia/files/2019-05/zrdisa_da_ganvitarebis_monitoringi.pdf, https://www.moh.gov.ge/uploads/guidelines/2017/06/07/74ddd1c2d2588dc5a43cc9e050eb24ab.pdf)

3. თქვენი  წონა

შესაძლოა, თქვენ ელოდით, რომ ორსულობამდელი წონით გამოხვიდოდით სამშობიაროდან და იმედები გაგიცრუვდათ. გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია.

4. ძუძუთი კვება

იმის გამო, რომ ზუსტად ვერ ითვლიან რამდენ გრამ დედის რძეს სვამს პატარა, დედებს ხშირად ეპარებათ ეჭვი, აქვთ თუ არა საკმარისი რძე შვილის გამოსაკვებად. პირველი 6 თვის განმავლობაში, დედის რძე უზრუნველყოფს ბავშვს მისი ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საკვები ინგრედიენტით.  თუ ბავშვი სწორად ეჭიდება ძუძუს, ბოლომდე ცლის მას და იკვებება მოთხოვნის მიხედვით, აუცილებლად მიიღებს მისთვის საკმარის დედის რძეს. ეს შეიძლება გაარკვიოთ სველი საფენების რაოდენობის  მიხედვით, დაახლოებით 6-ჯერ თუ შარდავს, ე.ი. მისთვის საკმარისი რძე გაქვთ. პირველი თვის ბოლოს ის 600 გრამით მეტი უნდა იყოს სამშობიაროდან გამოყვანის წონიდან.

თუ თქვენი არჩევანია ხელოვნური ნარევით კვებოთ პატარა ან რაიმე მიზეზის გამო ვერ აწოვებთ ძუძუს,  ნუ დაიდანაშაულებთ თავს. ბავშვი ირეკლავს თქვენს ემოციებს და თქვენი ბედნიერება მისთვის მნიშვნელოვანია.

5. ძილში კრთომები

ჩვილები ხშირად შეხტებიან ხოლმე ძილში, რაც აღვიძებთ კიდეც. ეს შემაწუხებელია თქვენთვის, თუმცა ნორმალურია. ბავშვები იბადებიან სხვადასხვა რეფლექსებით, მათ შორისაა მოროს რეფლექსი – თუ თქვენს პატარას ხმაური შეაკრთობს ან მისი თავის მდგომარეობა უცებ შეიცვლება, შესაძლოა მისი რეაქცია გამოიხატოს ხელებისა და ფეხების უეცარი გაშლით, შემდეგ კი მათი საწყის მდგომარეობაში დაბრუნებით.

6. ტირილი

ტირილის საშუალებით ბავშვი გელაპარაკებათ, გაცნობთ მის მოთხოვნილებებს. შეიძლება, ეს იყოს დასვრილი საფენი, მოწყენილობა, შიმშილი, თქვენთან ახლოს ყოფნის თხოვნა, კოლიკა და ა.შ.

7. ცემინება

გაცივდა? ვირუსი ხომ არ შეეყარა? არადა, ცემინება ამ ასაკში ნორმალურია და ბავშვები ასე ცდილობენ ცხვირი გაითავისუფლონ იქ მოხვედრილი უცხო ნაწილაკებისგან, მაგალითად გადაცდენილი რძისგან.

8. თანატოლებთან შედარება

რაც არ უნდა გააზრებული გქონდეთ, რომ თქვენი პატარა არავის შეადაროთ, ხანდახან მაინც გაგკრავთ გულში, რომ „პირველი შვილი ამ ასაკში თავს კარგად იჭერდა“ ან „მეზობლის ბავშვი ამ ასაკისაა და უკვე იღიმება“. გახსოვდეთ, რომ თითოეული ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება და მთავარია, განვითარების დადგენილ ნორმებს შეესაბამებოდეს.

9. სხვა დედებთან შედარება

როგორც ბავშვები, ასევე დედები განსხვავდებიან. ზოგიერთი ყველაფერს ასწრებს, ზოგი მთელი დღე ვერ ახერხებს თმის დავარცხნას.  არიან ქალები, რომლებსაც მუცელშივე უყვართ საკუთარი ნაყოფი და ისინი, რომლებსაც ამისთვის დრო სჭირდებათ.  ზოგი მარტო ზრდის ბავშვს, ზოგს კი რამდენიმე ადამიანი ეხმარება მის მოვლაში. ეს ყველაფერი ნორმალურია და ნუ დაიღლით თავს მძიმე ფიქრებით.

10. ძილი

“ვაიმე, რატომ არ იძინებს?”, “ვაიმე, რატომ სძინავს ამდენ ხანს?” – მშობლებს აწუხებთ, როცა ახალშობილებს მიღებულზე (14-17 საათი დღე-ღამეში) მეტ ან ნაკლებ ხანს სძინავთ, თუმცა შეიძლება ამ დროს ბავშვს ჰქონდეს “სწრაფი ზრდის დღეები”, კოლიკა… ეს არ არის საგანგაშო, თქვენ დროთა განმავლობაში ისწავლით, როგორ შეუწყოთ ხელი მის მშვიდ ძილს.

P.S. ახალბედა მშობლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა „კეთილისმსურველის“ დაჯერება. „3 შვილის დედა ვარ და დამეჯერება“, „ფრჩხილები 40 დღემდე არ უნდა დააჭრა“, „რძე არ ჰყოფნის ბავშვს“, „ეს რა თხლად ჩაგიცმევია“, „ხელში არ აიყვანო, გაუზნეურდება“ – თითქოს მთელმა მსოფლიომ პირი შეკრა, რომ თქვენ გასწავლოთ ბავშვის მოვლა და აღზრდა და გაგიზიაროთ გამოცდილება, თუნდაც ამას არ ითხოვდეთ. აუცილებლად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია პედიატრთან და მოიძიეთ სანდო რესურსები ინტერნეტში.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5