პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება აკადემიური უნარების თერაპევტი, ბაღის, სკოლის, პროფესიული სასწავლებლის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და სპეციალური განათლების პედაგოგი თინანო დობორჯგინიძე.
პირველკლასელი ბავშვის ლექსიკური მარაგი პირდაპირ კავშირშია ზეპირმეტყველების უნართან. ეს უკანასკნელი შედის აკადემიურ უნარებში, წერის, კითხვის და ანგარიშის უნართან ერთად. სასკოლო ასაკის ბავშვს უნდა შეეძლოს ძირითადი საბაზისო ემოციების ამსახველი ზედსართავი სახელების გამოყენება, ყველა ყოფითი საგნის სახელდება, მოქმედებების ამსახველი სიტყვების ანუ ზმნების სწორი ფორმით გამოყენება. როდესაც, ბავშვს ვაჩვენებთ სურათს, სადაც ბიჭი ზღვის სანაპიროზე ქვიშით აწყობს კოშკს და ჩვენს კითხვაზე – რას აკეთებს ბიჭი? – მხოლოდ შემოიფარგლება ერთი სიტყვით – თამაშობს –
და ვერ განავრცობს აზრს, შეიძლება ვივარაუდოთ ლექსიკური მარაგის სიმწირეზე.
როგორც მოგახსენეთ, სიტყვათა მარაგის გამდიდრებას ვიწყებთ იმ საბაზისო სიტყვებიდან, რაც ბავშვმა იცის. თუ ბავშვმა იცის სიტყვა – გაბრაზებული, შეგვიძლია ვასწავლოთ ახალი სიტყვა – განრისხებული, თუ ბავშვი იყენებს სიტყვას ბედნიერი, შეგვიძლია ვასწავლოთ სიტყვა – აღფრთოვანებული.
როგორ შევასწავლოთ ბავშვს ახალი სიტყვები?
იმისათვის, რომ ბავშვს შევასწავლოთ ახალი სიტყვები, ვიყენებ სიტყვის რუკას.
ვწერთ ძირითად სიტყვას, მაგ: განრისხებული
სიტყვის მნიშვნელობა – გაბრაზებული
ვინ შეიძლება იყოს გაბრაზებული?
გოგო, ბიჭი, ცხოველი…
როგორია განრისხებული გოგო, ბიჭი ან ცხოველი?
დავხატოთ, გამოვძერწოთ ერთად ბავშვის სურვილის შესაბამისად.
შემდეგი აქტივობა ახალი სიტყვების შესასწავლად: ჩავსვათ სიტყვა წინადადებაში
განრისხებული ლომი ეცა ირემს და გადასანსლა.
კარგი იქნება, თუ ამ დროს ბავშვი დაამყარებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, მაგალითად ასე:
ნიკოლოზი განრისხებულია, იმიტომ რომ კლასელებმა ჩანთა გადაუგდეს.
მესამე აქტივობა: ვწერთ საპირისპირო სიტყვას და ვსწავლობთ ახალ სიტყვებს.
მოვძებნოთ “მშვიდის” საპირისპირო სიტყვა.
იმავე წესით ვადგენთ სიტყვის რუკას და ვცდილობთ ახალი სიტყვების მოძებნას.
გთავაზობთ კიდევ ერთ აქტივობას – მებაღე რწყავს. ჩვენ ბავშვს ვეკითხებით, თუ რას რწყავს მებაღე, სად რწყავს, როდის რწყავს და რისთვის რწყავს. აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმი ასევე ეხმარება ბავშვს დაისწავლოს და დაიხსომოს ახალი სიტყვები.
მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელ ასაკში მშობელმა თამაშით იმუშაოს ბავშვთან ზეპირმეტყველების განვითარებაზე და ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სრულიად უბრალო თამაშებიც კი, რომლის შედეგებსაც საგრძნობლად მალე დავინახავთ.
მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ლექსიკური მარაგის სიმწირე საგრძნობლად ართულებს თხრობას, აზრის გავრცობას ხშირად თან ახლავს აგრამატიზმიც და შემდგომში უკვე იწვევს დასწავლის სირთულეებს. როდესაც მეორე, მესამეკლასელი ბავშვი ვერ გადმოსცემს აზრს, იწყება ფრუსტრაცია, შფოთვა და ემოციური დისბალანსი. ამიტომ პრევენციისთვის საჭიროა, ბავშვის სამეტყველო გარემო იყოს მდიდარი, მრავალფეროვანი და ცოცხალი.