უნდა გავაღვიძოთ თუ არა მძინარე ჩვილი კვებისთვის, ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, წონასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ახალშობილები სწრაფად იზრდებიან, რის გამოც ისინი ხშირად ითხოვენ ჭამას. მათ სხეულს დიდი შუალედის გაკეთება არ შეუძლია და ეს არც თქვენთვის იქნება კარგი. სწორედ ამიტომ, ამერიკის პედიატრიის აკადემია გირჩევთ, გააღვიძოთ ბავშვი, თუ ის ჯერ არ არის 2 კვირის და 4 საათზე დიდხანს სძინავს.
მაინც რატომ სჭირდება ახალშობილს შეღვიძება კვებისთვის? აი, რამდენიმე მიზეზი:
ახალშობილის კუჭი სწრაფად ცარიელდება. ჩვილები ადვილად და სწრაფად გადაამუშავებენ დედის რძე. ეს სწრაფი მონელება კი თქვენი პატარას პაწაწინა მუცელთან ერთად (რომელიც 2 კვირისთვის სულ ოდნავ აღემატება პინგ-პონგის ბურთს) ნიშნავს, რომ მას ყოველ 2-3 საათში ერთხელ სჭირდება საჭმელი. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს შესაძლებელია 3-4 საათში ერთხელ მოუნდეს ჭამა, რადგან დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის მონელებას ახალშობილი უფრო მეტ დროს ანდომებს.
ახალშობილს შეიძლება დიდხანს ეძინოს შიმშილის გამო. უმეტეს შემთხვევაში, თქვენი ბავშვი გამოგიგზავნით შიმშილის სიგნალებს, როგორიცაა ტუჩებით წოვის იმიტაცია, თითის წოვა, რომ აღარაფერი ვთქვათ გულიან ტირილზე, როდესაც მისი მუცელი ცარიელი იქნება. მაგრამ პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ზოგიერთ ბავშვს შეიძლება მეტი ეძინოს (განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულ პატარებს). ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გააღვიძოთ ან აჭამოთ მძინარეს.
ბავშვმა უნდა მოიმატოს წონაში.ისინი ჩვეულებრივ კარგავენ სხეულის წონის 5-10%-ს დაბადების შემდეგ 5 დღეში და უნდა დაიბრუნონ დაბადების წონა 14 დღემდე. პირველ დღეებში არასაკმარისი საკვების მიღებამ შეიძლება შეანელოს ახალშობილის წონის მომატება და გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა სიყვითლე (ჰიპერბილირუბინემია) და სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია).
თქვენ უნდა მოიმატოთ რძის რაოდენობა. თქვენს სხეულში რძის წარმოება მოთხოვნა-მიწოდების პრინციპს ეფუძნება. თუ იშვიათად აწოვებთ ბავშვს ძუძუს, რძე შეიძლება შემცირდეს.
ამ მიზეზების გამო, შეეცადეთ ნაზად გააღვიძოთ მძინარე ბავშვი, როდესაც ის კვებას გამოტოვებს.
როგორ გავაღვიძოთ მძინარე ახალშობილი კვებისთვის?
გამოიყენეთ თვალების სწრაფი მოძრაობის – REM ძილის პერიოდი. ამ დროს მძინარე ბავშვი ამოძრავებს ხელ-ფეხს, იცვლის სახის გამომეტყველებას, არხევს ქუთუთოებს.
ნელ-ნელა ამოიყვანეთ საძილე ტომრიდან და თუ ეს არ გააღვიძებს, დაამყარეთ კანი-კანთან კონტაქტი – გახადეთ ტანსაცმელიც და საფენის ამარა დაიწვინეთ შიშველ მკერდზე.
გამოუცვალეთ საფენი სიმღერით ან ხელ-ფეხზე მოფერებით.
დაიჭირეთ ბავშვი ვერტიკალურად, რაც როგორც წესი, იწვევს ახალშობილის თვალების გახელას.
ჩააბნელეთ ოთახი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არალოგიკურად ჟღერდეს, თუ ოთახი ძალიან ნათელია, ახალშობილი შეიძლება უფრო კომფორტულად გრძნობდეს თავს მისი ჯერ განუვითარებელი მხედველობის გამო.
იყავით კომუნიკაბელური. ესაუბრეთ და უმღერეთ თქვენს პატარას და, როგორც კი ის თვალებს გაახელს, ჩახედეთ თვალებში.
გაუკეთეთ ბავშვს მასაჟი ხელებზე, ფეხებზე, მკლავებზე, ზურგზე და მხრებზე. თქვენი შეხება დაეხმარება მას გაღვიძებაში.
რამდენი ხანი სჭირდება ახალშობილს დასანაყრებლად?
თუ ბავშვი სწორად ეჭიდება ძუძუს, დარწმუნდით, რომ კვების დროს ის ბოლომდე ცლის ერთ ძუძუს მაინც, რათა მან მიიღოს ცხიმებით მდიდარი უკანა რძე, რომელიც აუცილებელია წონაში მატებისთვის. ზოგიერთ ახალშობილს ამისთვის 20 წუთი ან მეტი დრო სჭირდება, ზოგს კი ამ რთული სამუშაოს შესრულება 10 წუთში შეუძლია.
თუ ბოთლით კვებავთ, მიეცით მას ერთი სრული კვებისთვის სამყოფი ფორმულა ასაკის მიხედვით.
დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი კვების დროს არ იძინებს. დააკვირდით ლოყის, ყბისა და ყურების მოძრაობებს წოვა-ყლაპვა-სუნთქვის რიტმით. თუ მას წათვლემს, ამოაქარვებინეთ ან შეაცვლევინეთ პოზა, ფრთხილად გამოუღეთ ძუძუ ან ბოთლი პირიდან, წაუსვით რძე ტუჩებზე ან ნელი მოძრაობებით რამდენჯერმე მიუტანეთ ძუძუ/ბოთლი ტუჩებთან, რათა ფართოდ გააღოს პირი.
თუ ბავშვი მიუხედავად თქვენი მცდელობებისა არ იღვიძებს და რამდენჯერმე გამოტოვებს ზედიზედ 2 კვებას, მიმართეთ თქვენს პედიატრს. ალბათ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უმჯობესია, თუ ამას სპეციალისტთან გადაამოწმებთ. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, ბავშვი საკმარის საკვებს იღებს თუ არა, აჭამეთ მას 24 საათში 8-ჯერ მაინც და დათვალეთ სველი საფენების რაოდენობა – დაახლოებით 5-7 დღის ბავშვმა მინიმუმ 6-ჯერ უნდა მოშარდოს.
2 კვირის შემდეგ, თუ ბავშვმა დაბადების წონა აღიდგინა, შეგიძლიათ აღარ გააღვიძოთ ღამით და თქვენც დაიძინოთ მანამ, სანამ ის არ გაგაღვიძებთ ჭამისთვის.
წყარო: www.whattoexpect.com