Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალშობილთა ჰიპოგლიკემია ვითარდება მაშინ, როდესაც ჩვილის  სისხლში გლუკოზის (შაქრის) დონე იმაზე დაბალია, ვიდრე ბავშვის ორგანიზმს სჭირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალშობილთა ჰიპოგლიკემიად ითვლება სისხლში გლუკოზის 2.6 მმოლ/ლ-ზე ნაკლები შემცველობა. ამ მდგომარეობას მრავალი მიზეზი აქვს და შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული პრობლემებიც, მაგალითად სუნთქვის ან კვების.

ნაყოფი  დედისგან იღებს გლუკოზას პლაცენტის საშუალებით, დაბადების შემდეგ კი ახალშობილის გლუკოზის წყაროა დედის რძე ან მისი შემცვლელი ხელოვნური ნარევი. გლუკოზა ასევე წარმოიქმნება ღვიძლში. შაქრის დონე  შეიძლება დაეცეს სისხლში, თუ ბავშვის ორგანიზმი

  • გამოიმუშავებს ბევრ ინსულინს (ჰორმონი, რომელიც გამოაქვს გლუკოზა სისხლიდან);
  • საკმარისად არ გამოიმუშავებს ინსულინს;
  • ძალიან ბევრს ინსულინს იყენებს;
  • თუ  ბავშვი ვერ ჭამს.

ახალშობილთა ჰიპოგლიკემიის რისკ-ფაქტორები

  • დღენაკლულობა;
  • ინფექცია;
  • მშობიარობის შემდეგ ჟანგბადის საჭიროება;
  • დედის შაქრიანი დიაბეტი;
  • საშვილოსნოში ყოფნის დროს ნელი ზრდა;
  • დაბადების დიდი ან მცირე წონა.

ახალშობილთა ჰიპოგლიკემიის სიმპტომები

ახალშობილებში ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ყოველთვის თვალსაჩინო არ არის. უფრო მეტიც, თითოეულ ახალშობილს შეიძლება განსხვავებულად განუვითარდეს სიმპტომები.

  • მოლურჯო ან მკრთალი კანის ფერი;
  • აპნოე (პაუზები სუნთქვაში) ან სწრაფი სუნთქვა;
  • ჰიპოთერმია (სხეულის დაბალი ტემპერატურა);
  • წუწუნი და / ან გაღიზიანება;
  • წოვის უუნარობა ან ღებინება;
  • ლეთარგია (ღრმა ძილი);
  • ტრემორი ან კრუნჩხვები.

თუ თქვენს ახალშობილს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, მიმართეთ ექიმს. მაშინაც კი, თუ ახალშობილს სიმპტომები არ აქვს და იცით, რომ არსებობს ზემოხსენებული რისკ-ფაქტორები, მოუყევით ექიმს მათ შესახებ.

ახალშობილთა ჰიპოგლიკემიის მკურნალობა

ახალშობილთა ჰიპოგლიკემიის მკურნალობა დამოკიდებულია  სიმპტომებზე და კვების ტიპზე. სისხლში დაბალი შაქრის შემცველობის მქონე ახალშობილებს დასჭირდებათ დამატებით დედის რძე ან ხელოვნური ნარევი. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა შაქრის ხსნარის  (გლუკოზა) მიწოდება ინტრავენურად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ცუდად წოვს.

მკურნალობა გაგრძელდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში,  სანამ ახალშობილი შეძლებს  შეინარჩუნოს სისხლში შაქრის ნორმალური დონე. დღენაკლული, მცირე წონის ან ინფექციის მქონე ჩვილების მკურნალობას შეიძლება უფრო დიდი ხანი დასჭირდეს.

ახალშობილთა ჰიპოგლიკემიის პრევენცია

ახალშობილის სისხლში გლუკოზის შემცველობა დამოკიდებულია კვების დროულ დაწყებაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით , ახალშობილმა დაბადებიდან 1 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს დედის რძე.

ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და რისკის ჯგუფის ახალშობილთა დროული გამოვლენა და გამოკვლევა.

წყარო: www.verywellfamily.com, www.medportal.ge

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5