Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ზოგიერთი ახალშობილის კანი და თვალები მოყვითალო შეფერილობისაა. ამ მდგომარეობას ახალშობილთა სიყვითლეს უწოდებენ და ის ჩნდება იმის გამო, რომ ბავშვის სისხლი შეიცავს ჭარბი რაოდენობით ბილირუბინს – სისხლის წითელი უჯრედების ყვითელ პიგმენტს.

ახალშობილთა სიყვითლე განსაკუთრებით გავრცელებულია ახალშობილებში, რომლებიც დაიბადნენ ორსულობის 38 კვირამდე  და ზოგიერთ ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში. ამ დროს  ღვიძლი არ არის საკმარისად მომწიფებული იმისთვის, რომ სისხლიდან გაიტანოს ბილირუბინი. ზოგჯერ, სხვა ძირითადი დაავადება იწვევს სიყვითლეს.

ორსულობის 35 კვირის შემდეგ დაბადებულ ახალშობილთა უმეტესობას არ სჭირდება სიყვითლის მკურნალობა. იშვიათად, ბილირუბინის ძალიან მაღალმა დონემ შეიძლება ახალშობილს ტვინის დაზიანების საშიშროება შეუქმნას.

ახალშობილთა სიყვითლის სიმპტომები

კანისა და თვალის სკლერის  გაყვითლება – ჩვილის სიყვითლის მთავარი ნიშანი – ჩვეულებრივ ჩნდება დაბადებიდან მე-2-მე-4 დღეს.

ჩვილის სიყვითლის შესამოწმებლად, კარგი განათების ქვეშ (სასურველია დღის ბუნებრივ შუქზე), ნაზად დააჭირეთ მის შუბლს ან ცხვირს. თუ თითის აღების შემდეგ, კანი ყვითელი რჩება, თქვენს ბავშვს აქვს მსუბუქი სიყვითლე.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, ახალშობილებს უნდა ჩაუტარდეთ სიყვითლის გამოკვლევა რუტინული სამედიცინო შემოწმების დროს და არანაკლებ ყოველ 8-12 საათში სამშობიაროში ყოფნის დროს.

თქვენი ბავშვი უნდა გამოიკვლიონ სიყვითლეზე დაბადებიდან მე-3-მე-7 დღეს, როდესაც ბილირუბინის დონე პიკს აღწევს. თუ თქვენი ბავშვი გაწერეს დაბადებიდან 72 საათზე ადრე, დანიშნეთ შემდგომი შეხვედრა გაწერიდან 2 დღეში.

შემდეგი ნიშნები ან სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს მწვავე სიყვითლეზე. დაურეკეთ ექიმს, თუ:

  • თქვენი ბავშვის კანი უფრო ყვითლდება;
  • თქვენი ბავშვის კანი მუცელზე, ხელებზე ან ფეხებზე გაყვითლდება;
  • თქვენი ბავშვის თვალების სკლერა ყვითლად გამოიყურება;
  • თქვენი ბავშვი მივარდნილია ან უჭირს გაღვიძება;
  • თქვენი ბავშვი არ იმატებს წონაში ან ცუდად ჭამს;
  • თქვენი ბავშვი ძლიერად ტირის;
  • თქვენს ბავშვს უვითარდება სხვა ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გაშინებთ.

ახალშობილთა სიყვითლის მიზეზები

სისხლში ბილირუბინის მომატება (ჰიპერბილირუბინემია) სიყვითლის ძირითადი მიზეზია. ბილირუბინი, რომელიც პასუხისმგებელია კანის ყვითელ ფერზე სიყვითლის დროს, არის პიგმენტი, რომელიც „გამოყენებული“ სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად წარმოიქმნება.

ახალშობილები უფრო მეტ ბილირუბინს აწარმოებენ, ვიდრე მოზრდილები, სიცოცხლის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში სისხლის წითელი უჯრედების უფრო მეტი წარმოქმნისა და უფრო სწრაფად დაშლის გამო. ჩვეულებრივ, ღვიძლი ფილტრავს ბილირუბინს სისხლიდან და ათავისუფლებს მას ნაწლავის ტრაქტში. როდესაც ახალშობილის ღვიძლს ხშირად არ შეუძლია ბილირუბინის გამოტანა საკმარისად სწრაფად, რაც იწვევს მის სიჭარბეს.

სხვა მიზეზები

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიოლოგიური სიყვითლე ჩნდება მე-2-მე-4 დღეს. პათოლოგიური სიყვითლის დროს კი  –  გაცილებით ადრე ან ბევრად უფრო გვიან. ქვემოთ ჩამოთვლილია დაავადებები ან მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე:

  • შინაგანი სისხლდენა;
  • ინფექცია თქვენი ბავშვის სისხლში (სეფსისი);
  • სხვა ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები;
  • შეუთავსებლობა დედისა და ბავშვის სისხლს შორის;
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
  • სანაღვლე გზების ატრეზია, მდგომარეობა, როდესაც ბავშვის ნაღვლის სადინრები გადაკეტილია;
  • ფერმენტის უკმარისობა;
  • თქვენი ბავშვის სისხლის წითელი უჯრედების ანომალია, რაც იწვევს მათ სწრაფ დაშლას.

ახალშობილთა სიყვითლის რისკ-ფაქტორები

დღენაკლულობა

38 კვირამდე დაბადებულ ბავშვები შესაძლოა ვერ ახერხებდნენ ბილირუბინის სწრაფად დამუშავებას.

სისხლჩაქცევები დაბადების დროს.

სისხლის ტიპი

როდესაც დედის და ახალშობილის სისხლის ჯგუფური შეუთავსებლობაა, დედის იმუნური სისტემა აღიქვამს ჩვილის ერითროციტებს, როგორც უცხოს.

ძუძუთი კვება

თუ ბავშვები ვერ იღებენ საკმარის რძეს, რადგან არ წოვენ სწორად, შესაძლებელია განვითარდეს სიყვითლე გაუწყლოვანებისა და ნაკლები კალორიების მიღების გამო. ამასთან, ძუძუთი კვების უპირატესობის გამო, ექსპერტები მის გაგრძელებას მაინც გირჩევენ. მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბავშვი იღებს საკმარის საკვებს.

რასა

კვლევების თანახმად, აღმოსავლეთ აზიელები მეტად არიან მიდრეკილნი სიყვითლისკენ.

ახალშობილთა სიყვითლის გართულებები

ბილირუბინის მაღალმა დონემ, რომელიც იწვევს ძლიერ სიყვითლეს, მკურნალობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მაგალითად მწვავე ბილირუბინული ენცეფალოპათია. როდესაც ბავშვს აქვს ძლიერი სიყვითლე, არსებობს ბილირუბინის ტვინში გადასვლის რისკი. დროულმა მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუშალოს მნიშვნელოვან ხანგრძლივ ზიანს.

მწვავე ბილირუბინული ენცეფალოპათიის ნიშნები ჩვილებში:

  • მოდუნებულობა
  • გაღვიძების გაძნელება
  • გადაჭარბებული ტირილი
  • სუსტი წოვა
  • სიცხე
  • კერნიქტერუსი (მოტორული, სმენის და მხედველობის დარღვევები)

ახალშობილთა სიყვითლის პრევენცია

ახალშობილთა სიყვითლის საუკეთესო პროფილაქტიკაა ადეკვატური კვება. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებს სიცოცხლის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა შესთავაზოთ ძუძუ მინიმუმ 8-12-ჯერ.  ხელოვნურ კვებაზე მყოფ ახალშობილებს კი პირველი კვირის განმავლობაში სჭირდებათ დაახლოებით 30–60 მლ  ხელოვნური ნარევი ყოველ 2-3 საათში.

წყარო: www.mayoclinic.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5