პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი ეკა კუცია.
ეკა, გვესაუბრეთ რატომ არის მნიშვნელოვანი ვესაუბროთ ახალშობილს, როგორ ვესაუბროთ მათ და რა გავლენას ახდენს საუბარი ახალშობილობის პერიოდიდან მათ განვითარებაზე?
ხშირად მშობლები არ თვლიან საჭიროდ ესაუბრონ თავიანთ ახალშობილს, რადგან თვლიან, რომ მათ მაინც არაფერი ესმით. მაგრამ, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ მთავარი არ არის თითოეული სიტყვის მნიშვნელობა გაიგოს ბავშვმა, არამედ აღიქვას კომუნიკაცია, შეაჩვიოს ყური სხვადასხვა სიტყვებს, ინტონაციას და ჰქონდეს კომუნიკაცია თქვენთან და გარესამყაროსთან. ამიტომ მოუსმინეთ საკუთარ გრძნობებს და ესაუბრეთ თქვენს პატარას, რაზეც გსურთ. წაუკითხეთ წიგნები, მოუყევით თქვენი ემოციების შესახებ, თქვენი დღის და იმის შესახებ, თუ რა ხდება ბავშვის ირგვლივ, რას აკეთებს, რას თამაშობს. გაახმოვანეთ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს ან რასაც ერთად აკეთებთ. იყავით თქვენი ბავშვის მეგზური და მეტი ესაუბრეთ მას.
ხშირად ვხვდებით ორი ტიპის ადამიანებს, ერთნი, რომლებიც ესაუბრებიან პატარებს ხმის და ინტონაციის შეცვლით, ცოტა გადაჭარბებით, გაწელვით და უფრო ხმამაღალი და წვრილი ხმით და არიან მეორე ტიპის ადამიანები, რომლებიც ელაპარაკებიან პატარებს დამახინჯებული, ვითომ ბავშვური ენით. რომელი მეთოდია უფრო სწორი? ბავშვებს უნდა ვესაუბროთ მოკლე, გასაგები ფრაზებით, ყოველგვარი სიტყვების დამახინჯების გარეშე, მაგრამ დავამატოთ აქცენტები, ინტონაციები, ხმის ტემბრის ცვლილებები, სიტყვის გაწელვები და ა.შ. ვცვლით ვოკალურ, მუსიკალურ მხარეს, მაგრამ არა სიტყვის ფონეტიკას. ავიღოთ ფრაზა მაგალითისთვის: “ოოჰ, რა გადასარევი ბავშვია”, ასე ვეტყოდით მოზრდილ ადამიანს და მისაღები მეთოდი ბავშვისთვისაც იქნებოდა ასე: ოოოოჰჰ, რა გადასარევიიი ბავშვიააა”, ფრაზა გავწელეთ, დავამატეთ ინტონაცია, უფრო წვრილი ხმა მივიღეთ, ასეთი წარმოთქმით ეს ფრაზა უფრო საინტერესო მოსასმენია ბავშვისთვის, ის აღიქვამს ამა თუ იმ სიტყვებს, ნელ-ნელა იწყებს ამ სიტყვების ცნობას, სიტყვების მუსიკალურობა მას ძალიან იტაცებს. ერთ წლამდე ასაკის ბავშვს ასე უვითარდება კომუნიკაციის, ენის და მეტყველების უნარ-ჩვევები. არასწორი იქნებოდა ეს ფრაზა გვეთქვა ასე:” ოოჰ, ლა გადასალევი ბავსვიაა”. მეცნიერების და ექსპერტების მტკიცებით, ორი დღის ახალშობილს უკვე მოსწონს და სიამოვნებს საუბარი მასთან და მასში ეს დადებით ემოციებს იწვევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ზრდასრული ადამიანები სოციალური მოდელი ვართ ბავშვებისთვის, თუ ჩვენ ბავშვებს ვესაუბრებით ბავშვურ ენაზე, არასრულყოფილი წინადადებებით, დამახინჯებული სიტყვებით, ბავშვი იფიქრებს, რომ სწორედ ეს არის სწორი ფრაზა, სწორედ ეს არის სწორი სიტყვა და ასე დაიწყებს ლაპარაკს. მაგ: თუ ბავშვს ვეტყვით ასე: “ბავშვი ჭამა”, ის იფიქრებს რომ ეს სწორი ფორმაა, სინამდვილეში კი მთლიანი წინადადება შეგვიძლია ძალიან მარტივად ვუთხრათ:” ბავშვმა უნდა ჭამოს”, ან “ ბავშვი ჭამს”.
მეორე და მთავარი დებულება არის: გამოიყენეთ სწორი სიტყვები, სწორად დაწყობილი წინადადებები, ეცადეთ გამოიყენოთ მრავალფეროვანი სიტყვათა ლექსიკონი.
რაზე ვესაუბროთ ახალშობილს?
ბავშვებს მოსწონთ , როცა ისინი ისმენენ ლაპარაკს იმაზე, თუ რას აკეთებენ, რას ხედავენ და რა ესმით იმ კონკრეტულ მომენტში. ბავშვის მეტყველების განვითარების სტიმულაცია არის ძალიან ადვილი. სასურველია, ესაუბროთ ახალშობილს თამაშის დროს ყველაფერზე, სათამაშოზე, როგორი ფერი აქვს, როგორი სტრუქტურა, როგორ მოძრაობს და რას აკეთებს.
გამოიყენეთ სხვადასხვა სიტყვები და სრულყოფილი ფრაზები. თუ ბავშვს ეთამაშებით კუბებით, უთხარით თქვენს პატარას: „აი, ლურჯ კუბს ვდებ მწვანე კუბზე და ასე გამოგვივიდა ორ ნაწილიანი კოშკი. კოშკი არის მაღალი“. გამოიყენეთ ბევრი სიტყვა, წარმოთქვით სხვადასხვა ფრაზები და ყველაფერი ეს იმ თემის გარშემო, რაც ბავშვს აინტერესებს, რადგან ის თამაშობს იმ კონკრეტულ მომენტში ამ სათამაშოთი. შესაბამისად მას აინტერესებს ეს პროცესი, ისმენს და ეს ავითარებს მის მეტყველების უნარებს.
არ არის აუცილებელი რთული და ჩახლართული, სხვადასხვა დროების გამოყენებით შედგენილი წინადადებებით ვესაუბროთ. თუ სიტყვებს და ფრაზებს დამახინჯებით წარმოთქვამს, თქვენ გაუმეორეთ და სწორი ვერსია შესთავაზეთ, უხეშად არ გაუსწოროთ.