Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალშობილთა აკნე ძალიან გავრცელებულია – ის ახალშობილების დაახლოებით 20-40% აღენიშნება. შესაძლოა, დაბადებისთანავე შეამჩნიოთ ბავშვს ან მოგვიანებით, 2-3 კვირის ასაკში გაუჩნდეს.

რა არის ახალშობილთა აკნე?

ახალშობილთა აკნე თინეიჯერების აკნეს მსგავსია – წითელი ან თეთრი ფერიმჭამელები, რომელთა გარშემოც კანს შეიძლება მოწითალო შეფერილობა ჰქონდეს. როგორც წესი, ისინი ვრცელდება ლოყებზე და ზოგ შემთხვევაში –  შუბლზე, ნიკაპზე, გულ-მკერდსა და ზურგზეც კი. ის შეიძლება უფრო ჩანდეს მაშინ, როცა თქვენი პატარა გაბრაზებულია ან ნერწყვით, რძით, უხეში ან ძლიერი სარეცხი საშუალებით გარეცხილი ქსოვილით კანის გაღიზიანების შემთხვევაში. შედარებით ფერმკრთალდება, როცა ბავშვს სძინავს ან მშვიდადაა.

რა იწვევს ახალშობილთა აკნეს?

თინეიჯერების აკნეს მსგავსად, მეცნიერებმა ახალშობილთა აკნეს გამომწვევი მიზეზიც ზუსტად არ იციან. ვარაუდობენ, რომ ეს არის

  • დედის იმ ჰორმონების დამსახურება, რომელთაც ახალშობილები ორსულობის ბოლოსკენ იღებენ.
  • მეძუძური დედის ან თვითონ ბავშვის მიერ მიღებული წამლის შედეგი.
  • ბავშვის კანის მოვლის საშუალებებზე რეაქცია, განსაკუთრებით თუ ის ზეთოვანია, რადგან ფორების დახურვას უწყობს ხელს.

რამდენ ხანს გრძელდება ახალშობილთა აკნე?

ახალშობილთა აკნე გაქრება რამდენიმე კვირაში, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება თვეებიც დასჭირდეს.

რა არ უნდა გავაკეთო ახალშობილთა აკნეს დროს?

  • არ გამოიყენოთ აკნეს სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც იყიდება რეცეპტის გარეშე.
  • არ „გახეხოთ“ ბავშვი. აკნე არ არის ჭუჭყის შედეგი და ხშირი დაბანა, პირიქით, კანს აღიზიანებს, ამიტომ, არ გადაამეტოთ.
  • არ წაუსვათ ზეთოვანი კრემები, რადგან ამან შეიძლება გაამწვავოს აკნე. ზოგიერთი მშობელი აღნიშნავს, რომ არაზეთოვანი კრემები ხელს უწყობს მის გაქრობას. თუ რამეს წაუსვამთ ბავშვს სახეზე, დააკვირდით მისი კანის რეაქციას და თუ გაუარესდა მდგომარეობა – შეწყვიტეთ.

რა უნდა გავაკეთო ახალშობილთა აკნეს დროს?

  • დაბანეთ სახე თბილი წყლით და კარგად გაამშრალეთ.
  • ნაზად მოწმინდეთ სახეზე დორბლი, რადგან შეიძლება მან გააღიზიანოს კანი.
  • წაუსვით დედის რძე. ზოგიერთი დედა ამბობს, რომ ეს შველის აკნეს. მართალია, არ არსებობს ამის დამადასტურებელი კვლევები, მაგრამ რადგან დედის რძეს გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, შეგიძლიათ სცადოთ.
  • გამოიყენეთ უსუნო დასაბანი საშუალებები და ლოსიონები. რადგან სურნელმა შეიძლება გაამწვავოს აკნე.
  • ბავშვის სარეცხისთვის გამოიყენეთ რბილი, უსუნო სარეცხი საშუალებები, რადგან ქიმიკატებმა შეიძლება ადვილად გააღიზიანოს თქვენი პატარას ნაზი კანი.
  • ჩააცვით ბავშვს რბილი ქსოვილის ტანსაცმელი.
  • გამოიჩინეთ მოთმინება. აკნე პატარას არ აწუხებს და არ დაუშვათ, რომ თქვენ შეგაშფოთოს.

როდის უნდა მივმართო ექიმს?

  • თუ 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება გამონაყარი ან ღელავთ მის გამო, შეატყობინეთ ექიმს. ის გაარკვევს, რამე სხვა მიზეზი ხომ არ აქვს აკნეს (რაც იშვიათია)
  • თუ გამონაყარი ფერიმჭამელებს დაემსგავსა და იწვევს ქავილს, რადგან ეს შეიძლება ანთებაზე მიუთითებდეს.
  • თუ თქვენს პატარას აკნე (ან ნებისმიერი გამონაყარი) გაუჩნდა რომელიმე წამლის მიღების ან ავადმყოფობის შემდეგ.
  • თუ თქვენს პატარას გამონაყარი გაუჩნდა 6 კვირის შემდეგ, რათა გამოირიცხოს კანის ინფექცია, ეგზემა და კანის სხვა პრობლემები.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5