“ეს ყველაზე კარგი დროა. ეს ყველაზე ცუდი დროა” – ასე ფიქრობს დედების 60-80% მშობიარობიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ამის მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებით გამოწვეული მდგომარეობაა, რომელსაც „ბეიბი ბლუზი“ (Baby blues) შეარქვეს, მას თან ახლავს უეცარი სევდა და გაღიზიანებადობა, ტირილის და შფოთვის ეპიზოდები. მოულოდნელი იმიტომ, რომ როგორც წესი, ბავშვის დაბადებას ბედნიერება უნდა მოჰქონდეს და არა სევდა.
სინამდვილეში, ადვილი გასაგებია რატომ ხდება „ბეიბი ბლუზი“, თუ ობიექტურად შეხედავთ, რა ხდება ამ დროს თქვენს ცხოვრებაში, ორგანიზმსა და ემოციებში: ჰორმონების დონის სწრაფი ცვლილებები (ესტროგენი და პროგესტერონი სწრაფად ეცემა მშობიარობის შემდეგ); იმედგაცრუების განცდა (შესაძლოა, თქვენ გინდოდათ წამლების გარეშე მშობიარობა, მაგრამ ტკივილმა გაიძულათ ეპიდურალური გაუტკივარება მოგეთხოვათ); დანაშაულის განცდა თქვენს რეაქციაზე მის დანახვასთან დაკავშირებით (თქვენ მოელოდით პუტკუნა, ვარდისფერ ახალშობილს და მიიღეთ წითელი და შეშუპებული არსება); ძუძუთი კვების სიძნელეები (ნატკენი ძუძუსთავები, ჩამაგრებები); საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება (რატომ ვგავარ 5 თვის ორსულს და რატომ ვერ ვეტევი ორსულობამდელ ჯინსებში?); სტრესი პარტნიორთან ურთიერთობის შესახებ (გაგრძელდება ჩვენი რომანტიული ცხოვრება?).
„ბეიბი ბლუზი“ გაქრება რამდენიმე კვირაში, როცა თქვენ შეეჩვევით ახალ ცხოვრებას და უფრო დაისვენებთ. მანამდე, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები, რომ ამ მშობიარობის შემდგომ მდგომარეობას თავი წარმატებით გაართვათ:
დასწიეთ თამასა. გადაღლილად და არაადეკვატურად გრძნობთ თავს? შესაძლოა დაგეხმაროთ იმის ცოდნა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მანამდე კი, ნაკლები მოითხოვეთ საკუთარი თავისგან (და თქვენი პატარასგან). შემდეგ – უფრო ნაკლები. აქციეთ ეს თქვენს მანტრად (მას შემდეგაც კი, პროფესიონალი მშობელი რომ გახდებით): არ არსებობს იდეალური მშობელი ან იდეალური ბავშვი. ბევრის მოლოდინი იმედგაცრუებას გამოიწვევს. უბრალოდ, გააკეთეთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგიძლიათ. ამ დროისთვის ეს შესაძლოა, იმაზე ნაკლები იყოს, ვიდრე გინდათ, მაგრამ ეს ნორმალურია.
დაიხმარეთ ახლობლები. ძალიან დამთრგუნველია მარტო დარჩენა მტირალი ახალშობილის, სარეცხის გორის, გასარეცხი ჭურჭლის ცათამბჯენის და კიდევ ერთი უძილო ღამის მოლოდინის პირისპირ. ამიტომ სთხოვეთ დახმარება პარტნიორს, დედას, დას, მეგობრებს ან დასუფთავების სამსახურს.
იზრუნეთ საკუთარ თავზე. ფილმის ყურება ან ვახშამი თქვენს პარტნიორთან, 30 წუთიანი მანიკიური, ლამაზად ჩაცმა, მსუბუქი მაკიაჟი ან ხანგრძლივი შხაპი, – სცადეთ ყველაფერი, რაც თავს უკეთ გაგრძნობინებთ. დროდადრო პრიორიტეტი საკუთარ თავს მიანიჭეთ. თქვენ ამას იმსახურებთ!
გადით სახლიდან. შეეცადეთ სახლიდან დღეში ერთხელ მაინც გახვიდეთ: გაასეირნეთ ბავშვი პარკში, წადით მეგობრებთან (თუ ეს მეგობრები ახალი დედები არიან, გაცვალეთ ისტორიები), სავაჭრო ცენტრში (მოლში).
იმოძრავეთ. ვარჯიში ზრდის კარგად ყოფნის ჰორმონების, ენდორფინების რაოდენობას. შეუერთდით მშობიარობისშემდგომი ვარჯიშების ჯგუფს (სასურველია, ბავშვების წაყვანაც იყოს შესაძლებელი), შეასრულეთ ნებისმიერი ვარჯიში, ან, უბრალოდ, ისეირნეთ მაინც.
წაიხემსეთ. ხშირად ახალი დედები ისე დაკავებულნი არიან ბავშვის გამოკვებით, რომ საკუთარი თავი ავიწყდებათ. შედეგად – ნაკლები შაქარი სისხლში, რაც არა მხოლოდ ენერგიის დონის, არამედ განწყობის სწრაფ ვარდნას იწვევს. ფიზიკური და ემოციური სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, ხელმისაწვდომად მოიმარაგეთ ადვილად დასაღეჭი საკვები: ყველის ჩხირები, დაჭრილი ბოსტნეული, ახალი ხილი – მაცივარში, მშრალი ბურღულის პარკები – საფენების ჩანთაში, მზესუმზირის მარცვლების ჯამი – სკამთან ახლოს. შოკოლადის ფილა გირჩევნიათ? ზოგჯერ ამასაც არა უშავს, განსაკუთრებით, თუ შოკოლადი გაბედნიერებთ, თუმცა არა ძალიან ხშირად, რადგან შაქრით გაზრდილი შაქარი სისხლში მალევე ეცემა.
იცინეთ და იტირეთ. თუ გეტირებათ – იტირეთ, მაგრამ შემდეგ ჩართეთ თქვენი საყვარელი კომედიური ფილმი ან სერიალი და იცინეთ. სიცილი საუკეთესო წამალია.
მაინც ლურჯია სამყარო? ისევ მოწყენილი ხართ? მიუხედავად ყველაფრისა, რასაც აკეთებთ? შეახსენეთ თავს, რომ ეს შეგრძნებები 1-2 კვირაში გაივლის. თუ ისევ გაგრძელდება, შეიძლება მშობიარობის შემდგომი დეპრესია გქონდეთ და მიმართეთ სპეციალისტს.
წყარო: https://www.whattoexpect.com/first-year/ask-heidi/week-3/baby-blues.aspx