პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედა ზირაქაშვილი.
მოახლოვდა სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების დაწყების დრო. სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვის წასვლა სერიოზული გამოწვევაა როგორც ბავშვისთვის, ასევე მისი ოჯახისთვისაც. რატომ ეძნელებათ ბავშვებს ბაღში მისვლა, რისი ეშინიათ და რა ასაკის ბავშვი არის მზად ბაღისთვის?
ეძნელებათ, რა თქმა უნდა, გაურკვევლობის გამო, რადგან არ იციან რას მოელიან ახალ სივრცეში, ეს ხომ პირველი მაკროსოციუმია, სადაც მიკროგარემოდან ხვდებიან. “ერთ-ერთობას”, ნამდვილად სჯობს ერთადერთობა, ვერაფერს იტყვი.
საყვარელ ადამიანებთან განშორებისას, ” მათ რომ რამე დაემართოთ? ან მე რომ დამემართოს რამე მათ გარეშე?” – ბევრი ასეთი კითხვა უჩნდება პატარა ბავშვს. შესაბამისად მზადება ახალი გარემოსთვის ოჯახმა მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა დაიწყოს.
კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ოჯახმა, რომ ბავშვს გაუადვილოს ბაღში წასვლის პროცესი?
მნიშვნელოვანია დავიწყოთ განრიგის დაცვა, რუტინა დავაწესოთ: თუ ბავშვს ეცოდინება, რის შემდეგ რა მოელის, ეცოდინება ყოველ დაგეგმილ ეტაპზე წინასწარ ყველაფერი და გაუჩნდება დროის შეგრძნება და პარალელურად მის სწორად მენეჯმენტსაც შეძლებს თავისებურად. სასურველია ხშირად გავატაროთ ბაღთან, ვაჩვენოთ სად მდებარეობს ბაღის შენობა, რას გააკეთებს იქ და რა გარემო დახვდება. ნუ ჰკითხავთ ხშირად და ნუ გაუმახვილებთ ყურადღებას, ხომ არ ეშინია? თუმცა თუ ხედავთ, რომ შფოთავს უთხარით, რომ მასთან შორიახლოს იქნებით და თუ საჭიროება ექნება მასთან გაჩნდებით… კარგი იქნება თუ შევთავაზებთ როლურ თამაშებს საკუთარი სათამაშოების ჩართვით. როლები გაუნაწილეთ. თამაშის პერსონაჟები მიდიან ბაღში, მათ ყოველთვის დროულად აკითხავენ მშობლები და სახლში უსაფრთხოდ აბრუნებენ, თან ბაღის თავგადასავლებს ჰყვებიან.
როგორ მოვიქცეთ უშუალოდ ბაღში მიყვანის დღეს?
გააღვიძეთ ჩვეულზე უფრო ადრე, რომ არ დააჩქაროთ.
ერთად ჩაალაგეთ ჩანთა, განსაზღვრეთ საჭიროებები.
ამოურჩიეთ მისი საყვარელი სათამაშო, რომლის წაღების საშუალებას მისცემთ, რომ უთქვენობა დაუკომპენსიროს.
ყოველ დასმულ შეკითხვაზე მშვიდად და აუღელვებლად უპასუხეთ.
მისვლისას, აუცილებლად მისი თანდასწრებით გამოელაპარაკეთ მასწავლებელს, ესაუბრეთ თბილად, აჩვენეთ რომ ის ადამიანია, რომელსაც თქვენ ენდობით და მოგწონთ.
შეიმუშავეთ დამშვიდობების რიტუალი.
არასდროს შეყოვნდეთ დიდხანს ამ მომენტზე.
დამშვიდობება უნდა იყოს ხანმოკლე და მუდმივად ერთფეროვანი.
დედა არ უნდა “გაქრეს” უეცრად და გაუფრთხილებლად ბაღიდან. 20 წუთი უნდა დაკავდეს ბავშვთან ურთიერთობით, შესაძლოა არც კი შევიდეს ინტერაქციაში, უბრალოდ შორიახლოს იყოს და თვალთახედვაში. როგორც კი ბავშვი გაერთობა, უნდა დაემშვიდობოს და დატოვოს ბაღის სივრცე.
ყოველთვის ხაზი გაუსვით ფაქტს, რომ ბაღის გარკვეული აქტივობის შემდეგ მიაკითხავთ, ხოლო დაბრუნებული კი აუცილებლად მიანიშნებთ, რომ დაპირებისამებრ დაბრუნდით მის წასაყვანად.
ბაღში მიყვანისთვის ოპტიმალური დრო ინდივიდუალურია ყველა ბავშვისთვის, თუმცა გავრცელებულია მოსაზრება, რომ სასურველია ბაღში ბავშვის წაყვანა მოხდეს, როდესაც ის 3 წლისაა. რატომ არის ეს კარგი დრო ბავშვისთვის?
ამ პერიოდში ბავშვი მეტად ისწრაფვის ავტონომიურობისკენ.
უმძაფრდება ინტერესი გარემოსადმი.
სხვებთან ინტერაქციის მეტი გამოცდილება აქვს.
აკვირდება და ადვილად სწავლობს იმიტაციის ხარჯზე.
მეტყველება უკეთაა განვითარებული, აზრს გამოხატავს და აზიარებს.
მშობელთან განშორების შფოთვა შემცირებულია.
შედარებით ადვილად თმობს ოჯახის წევრებს.