პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ორთოპედი ქეთევან გოცირიძე.
გვესაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვილებში მენჯ–ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი გამოკვლევა?
მენჯ-ბარძაყის ულტრაბგერითი გამოკვლევა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში რუტინულ კვლევას წარმოადგენს, ჩვენი რეკომენდაციაც ასეთია: 4-6 კვირის ასაკში ყველა ბავშვს ჩაუტარდეს აღნიშნული კვლევა, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის ენდემურ კერას წარმოადგენს.
რა არის მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილი დისპლაზია?
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ეს არის ამ სახსრის, მისი კომპონენტების ჩამოუყალიბებლობა, განუვითარებლობა, ასაკობრივ ნორმას ჩამორჩენა.
დისპლაზია ძირითადად თანდაყოლილია და მისი პროფილაქტიკა, შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა შეგვიძლია დაბადების პირველი დღეებიდან ხელი შევუწყოთ ამ სახსრების სწრაფად ჩამოყალიბებას, ნორმასთან დაწევას, ბავშვის თავისუფლად ჩაცმით, განზიდვითი ვარჯიშებით, განზიდულ მდგომარეობაში ხელში ჭერით.
რა ვადაზე არის საჭირო დისპლაზიის დიაგნოსტირება ჩვილებში?
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის კონსერვატიულად მკურნალობა 1 წლამდე ასაკში არის შესაძლებელი, შემდეგ მკურნალობის მეთოდი ქირურგიულია, აქედან გამომდინარე, დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობის დროულად დაწყებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რეკომენდაციას ვუწევთ 1-3 თვემდე ბავშვის პირველ ვიზიტს ორთოპედთან.
რა წარმოადგენს მენჯ–ბარძაყის დისპლაზიის რისკ–ფაქტორებს?
• გენეტიკური დატვირთვა.
• ჯდომით ან გარდიგარდმო მდებარეობა მუცლადყოფნის პერიოდში.
• დედის ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობიდან დაბადებულები.
• დედის საშვილოსნოს ტონუსით მიმდინარე ორსულობიდან დაბადებულები ტყუპები.
რა არის მენჯ–ბარძაყის სახსრის დისპლაზიის კლინიკური ნიშნები?
• ბარძაყის წინა ან უკანა ზედაპირზე ნაოჭების ასიმეტრია.
• განზიდვის შეზღუდვა ან პირიქით ჰიპერმობილური სახსარი.
• მარქს-ორთოლანის ნიშანი – განზიდვისას ჩაყენება (ტკაცუნის) ხმით.
• ქვედა კიდურის თვალით შესამჩნევი სიმოკლე.