Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი ომი რეალური და მიმდინარე ხდება?

ბრძოლებისა და ომების შესახებ ბავშვებს ინფორმაცია აქვთ ზღაპრებიდან, ანიმაციური ფილმებიდან, მოთხრობებიდან. თუმცა არაერთი ბავშვის ცხოვრებაში ომი სინამდვილის დრამატული ნაწილი ხდება. ეს იწვევს ეგზისტენციალურ კრიზისს. ბავშვს უეცრად ემსხვრევა წარმოდგენა თავისუფლების, ხელშეუხებლობისა და ამბის კეთილი დასასრულის შესახებ. სამყარო, რომელსაც ის საოცარი იმედით და ნდობით უმზერდა თურმე არც ისეთი ფერადი ყოფილა, როგორც ეს მის წარმოდგენებში იყო. ირღვევა უსაფრთხოების განცდა, რომელიც ადამიანური არსებობისთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა. უეცრად შეცვლილი, არაპროგნოზირებადი სიტუაციისადმი ბავშვები შიშს განიცდიან. ისინი საფრთხეს ელიან ყველგან, იქაც, სადაც რეალურად რისკები მცირეა. განსაკუთრებული სიფხიზლის რეჟიმში არიან, აქტიურდება წარმოსახვის უნარი, სურთ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ იმ საკითხებზე, რომლებიც ასე ძლიერ აღელვებთ. უჩნდებათ კითხვები, ცდილობენ მიიღონ უკუკავშირი. თუკი ამ დროს ბავშვის შეკითხვებზე თავის არიდებას ვეცდებით და უპასუხოდ დავტოვებთ, ის კიდევ უფრო გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ერთი მხრივ, იქნება მძიმე რეალობა, რომლის შესახებაც მცირეწლოვანი გარკვეულ წარმოდგენებს ფლობს, მეორე მხრივ მისთვის ყველაზე საიმედო ადამიანი, რომელიც ცდილობს ვარდისფერი სათვალე მოარგოს და ამ გზით დაიცვას. მსგავსი ქცევით ბავშვში შიშს, შფოთვას ვამძაფრებთ და ყოვლისმომცველს ვხდით. ემოციური მხარდაჭერა არ ნიშნავს ინფორმაციული ვაკუუმის შექმნას. იმისთვის, რომ შფოთვის ხარისხი შევამციროთ საჭიროა რეალისტები ვიყოთ. განვსაზღვროთ რა არის ჩვენი კონტროლის ზონაში, რა რესურსი გვაქვს უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, მდგომარეობის დასაძლევად. ამ საკითხების შესახებ ბავშვს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ყოველგვარი აბსტრაქტული, მაღალფარდოვანი, ორაზროვანი ტექსტების გარეშე. ახლოს ვიყოთ მათთან როგორც სხეულებრივად, ასევე ემოციურად. შევინარჩუნოთ დღის წესრიგი. განსაკუთრებით ვეცადოთ ძილისა და კვების რეჟიმის დაცვას. თუკი ეს შესაძლებელია მივყეთ ყოველდღიურ რუტინას არსებითი ცვლილებების გარეშე, რათა პატარებმა თავი სტაბილურად იგრძნონ.

როგორი უნდა იყოს ამ დროს ზრდასრულთა ქცევა?

ასეთ დროს გადამწყვეტია ზრდასრულთა ემოციური მდგომარეობა. ბავშვები ოჯახის წევრებზე დაკვირვებით სიტუაციის შეფასებას იწყებენ. ისინი აკვირდებიან ჩვენს ქცევას, რეაქციას, შეფასებებსა და მოლოდინებს. უფროსებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, თუ რას და როგორი ფორმით განიხილავენ ერთმანეთში, პანიკის შექმნა ნებისმიერი ასაკის ადამიანს დააზარალებს და სიტუაციაზე კონტროლს დააკარგვინებს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვების ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დავიცვათ?

● მოვარიდოთ სანახაობრივად მძიმე კადრებს;

● შევინარჩუნოთ სიმშვიდე;

● ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა გამოხატონ ემოციები, დასვან კითხვები;

● გავიგოთ თავად რა წარმოდგენები აქვთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ იმას, რაც მოისმინეს;

● ვეცადოთ რეალური და რაციონალური პასუხები გავცეთ;

● გავაცნოთ კრიტიკულ სიტუაციაში მოქცევის გეგმა, მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ალტერნატიული საშუალებების შესახებ (უსაფრთხო ადგილას გადანაცვლება), რომლითაც თავდაცვა შეგვიძლია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5