ფიზიკურ დისტანცირებასა და ხელების კარგად დაბანასთან ერთად, პირბადეები ასევე ეხმარება SARS-CoV-2-ის გავრცელების შეჩერებას, ვირუსისა, რომელიც იწვევს COVID-19-ს. ეს მოიცავს უფრო გადამდებ დელტა ვარიანტსაც. ნიღბები შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ იცრებიან.
4 ოქტომბრიდან სკოლის ყველა მოსწავლემ უნდა ატაროს პირბადე, რის გამოც ზოგიერთი მშობელი შეიძლება შეშფოთებული იყოს და ეს სტატია დაეხმარება მათ. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი გავრცელებული კითხვა ბავშვებსა და ნიღბებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც დაგამშვიდებთ:
შეუძლია ნიღბის ტარებას ჩემს შვილს სუნთქვა გაურთულოს?
არსებობს მოსაზრება, რომ პირბადეებს შეუძლიათ შეამცირონ ჟანგბადის მიღება და შეიძლება გამოიწვიონ ჟანგბადის დაბალი დონე სისხლში, რასაც ჰიპოქსემია ეწოდება. თუმცა, ისინი მზადდება ნაჭრებისგან, რომლებიც ხელს არ შეუშლიან ჟანგბადს, რომელიც თქვენს ბავშვს სჭირდება. ნიღბები გავლენას არ მოახდენენ თქვენი ბავშვის ფოკუსირებისა და სწავლის შესაძლებლობებზე სკოლაში. 2 და მეტი წლის ასაკის ბავშვების უმეტესობას უსაფრთხოდ შეუძლიათ ნიღბების ტარება დროის ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში, როგორიცაა დღე სკოლაში ან საბავშვო ბაღში. ეს ვრცელდება სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობების მქონე ბავშვებზეც.
შეუძლიათ ნიღბებს გავლენა მოახდინოს ბავშვის ფილტვ(ებ)ის განვითარებაზე?
არა, ნიღბის ტარება არ მოახდენს გავლენას თქვენი ბავშვის ფილტვების ნორმალურ განვითარებაზე. ეს იმიტომ, რომ ჟანგბადი თავისუფლად მიედინება ნიღაბში ან მის გარშემო, როცა „იბლოკება“ ნერწყვი და რესპირატორული წვეთები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ვირუსს. თქვენი ბავშვის ფილტვების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია და ეს COVID-19-ის მსგავსი ინფექციების პრევენციასაც მოიცავს.
ხომ არ იჭერს ნიღაბი ნახშირორჟანგს, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ ამოვისუნთქავთ?
არა. არსებობს ყალბი მოსაზრება, რომ ნიღბებს შეუძლია გამოიწვიოს ნახშირორჟანგით მოწამვლა (რასაც ჰიპერკაპნიას უწოდებენ) იმ ჰაერის ხელახლა ჩასუნთქვით, რომელსაც ჩვეულებრივ ამოვისუნთქავთ ხოლმე. მაგრამ ეს არ არის მართალი. ნახშირორჟანგის მოლეკულები ძალიან პატარაა, სასუნთქი გზების წვეთებზე პატარაც კი. მათ ვერ დაიჭერს ნაჭრის ან ერთჯერადი ნიღბები. ფაქტია, ქირურგები მთელი დღის განმავლობაში ატარებენ მჭიდროდ მომდგარ ნიღბებს, რაც მათი პროფესიის ნაწილია, და ეს მათ არ ვნებს.
თუმცა, 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა ატარონ ნიღბები, თუკი არ შეუძლიათ მათი დახმარების გარეშე მოხსნა. ბავშვებს სუნთქვის მძიმე პრობლემებით ან კოგნიტიური დარღვევებით ასევე გაუჭირდებათ ნიღბის ტარება და შესაძლოა უსაფრთხოების დამატებითი ზომები გახდეს საჭირო.
შეუძლია ნიღაბს გამოიწვიოს იმუნური სისტემის დასუსტება სხეულის „დასტრესვით“?
არა. პირბადის ტარება არ ასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას და არ ზრდის თქვენი ავად გახდომის ალბათობას COVID-19-ით დავირუსებისას. ნიღბის ტარება, მაშინაც კი თუკი თქვენ არ გაქვთ COVID-19-ის სიმპტომები, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.
როგორ უშლის ნიღაბი ხელს COVID-19-ის გავრცელებას?
სწორად ტარებისას, ნიღბები ქმნიან წინაღობას, რომელიც ამცირებს ადამიანის ნერწყვისა და რესპირატორული წვეთების გაფრქვევას. ეს წვეთები გადამწყვეტ როლს თამაშობს COVID-19-ის გავრცელებაში, რადგანაც მათ შეიძლება გადაჰქონდეთ მისი გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსი. ნიღბებს ასევე შეუძლია დაგიცვან თქვენ სხვებისაგან, ვისაც შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსი, მაგრამ არ ავლენდნენ სიმპტომებს და ვინც შეიძლება იყოს თქვენგან დაახლოებით 2 მეტრის ფარგლებში (სუნთქვის ნაწილაკები სწორედ ამ მანძილზე ვრცელდება როდესაც ადამიანი აცემინებს, ახველებს, ან ლაპარაკობს
ნიღბების ტარების სხვა სარგებელია ის, რომ ისინი ხელს უშლიან ადამიანებს პირზე ან სახეზე შეხებაში, რაც COVID-19-ის გავრცელების კიდევ ერთი გზაა.
გახსოვდეთ
პირბადე მნიშვნელოვანი იარაღია COVID-ის გავრცელების პრევენციისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი საშიში ვარიანტები ცირკულირებს აუცრელ ბავშვებში. ისინი უსაფრთხო და ეფექტიანია ნებისმიერისათვის 2 წელზე ზემოთ. არ მოგერიდოთ თქვენი შვილის პედიატრთან გასაუბრება, თუკი რაიმე კითხვა გაქვთ თქვენი ბავშვის მიერ ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით.
წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია www.healthychildren.org