“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ნინო სხირტლაძე.
როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს, ისეთ რთულ თემებზე, როგორიც არის განქორწინება, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება და ა.შ. რა სტრატეგია უნდა აირჩიოს მშობელმა მსგავსი საკითხების განხილვისას?
ზრდასრულებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ბავშვებს არ ესმით რთული საკითხები, ვერ გაიგებენ და უფრთხიან, უმალავენ და “უფუთავენ” ასეთ თემებს. მართალია, ერთ-ერთი სტრესული და ბავშვებისთვის რთულად ასახსნელი საკითხია განქორწინება, თუმცა თუ მშობელი მშვიდად აუხსნის ბავშვს ამ საკითხს მისთვის გასაგებ ენაზე, ეს ბავშვისთვისაც გასაგები გახდება. განქორწინების საკითხს ფსიქოლოგები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ყოფენ: სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, როდესაც მათი მშობლები შორდებიან, უჩნდებათ იმის შიში, რომ თუ დედიკომ და მამიკომ ერთმანეთის სიყვარული შეწყვიტეს და გადაუყვარდათ ერთმანეთი, ერთ დღეს შეიძლება ისინიც გადაუყვარდეთ. 10-11 წლამდე ასაკის ბავშვებს კი ასეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს მათ რაიმე დააშავეს და მერე, როდესაც მშობლები შორდებიან, (ჩვენთვის უფროსებისთვის ცოტა ალოგიკურია რატომ უნდა იფიქროს ბავშვმა ასე), მაგრამ მშობლების დაშორების შემდეგ ბავშვები თავს იდანაშაულებენ იმაში, რომ მათი ბრალია მშობლების დაშორება. რა უნდა ვუთხრათ ასეთ დროს ბავშვებს, ამის ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, რადგან ყველა სტრატეგია და მიდგომა ინდივიდუალურად უნდა ავარჩიოთ სიტუაციიდან გამომდინარე. თინეიჯერებში ასეთ დროს ბრაზი არის წამყვანი ემოცია და ის ბრაზდება ორივე მშობელზე, ან რომელიმე მშობელზე და მას ადანაშაულებს ასეთი შედეგის დადგომაში. განქორწინების პროცესში მყოფი ადამიანებისთვის ძალიან ცუდია ერთმანეთის დადანაშაულება და განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ბავშვი მოჰყვება ამ დაპირისპირებაში. თუ ერთი მშობელი ცდილობს მეორის ბრალეულობა დაამტკიცოს ბავშვთან, დაადანაშაულოს მეორე მხარე რაიმეში, ეს ბავშვზე ძალიან მძიმედ აისახება. ასევე არსებობს გამონაკლისები, როდესაც მშობლების განქორწინება ბავშვისთვის შვებაა, თუ ძალიან კონფლიქტური და სტრესული იყო მისთვის ის გარემო, რაშიც უწევდა ცხოვრება. ზოგჯერ თავად ბავშვები სთხოვენ მშობელს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი არის, რომ დროულად მიიღოს დაშორების გადაწყვეტილება, რადგან ასეთი ცხოვრება ყველასთვის ძალიან სტრესულია. მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იცოდნენ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ მას, ველაპარაკებით, აზრსაც ვეკითხებით და მათი აზრი ჩვენთვის ღირებულია. ბავშვმა უნდა იცოდეს და ამაში მშობლებმაც უნდა დაარწმუნონ ის, რომ თუ მშობლები ერთმანეთს შორდებიან, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი შეწყვეტს მის სიყვარულს ან მასზე ზრუნვას.
რას ვეუბნებით ბავშვს საყვარელი ადამიანის გარდაცვალების დროს?
ასევე რთული საკითხია მშობლებისთვის, როგორ უნდა აუხსნან ბავშვებს ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ჩემთან ხშირად მოდიან ამ საკითხით მშობლები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ხომ არ ჯობია, რომ მოატყუონ ბავშვი ან დაუმალონ ბავშვს ეს ამბავი. ასეთ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან ბავშვი მაინც გაიგებს ამ ფაქტს და გაუჭირდება მისი მონელება, რადგან მისთვის გასაგებ ენაზე რომ აეხსნათ ყველაფერი, ნაკლებად ტრავმული იქნებოდა. 12 წლის ასაკის ბავშვებს გარდაცვალების ფენომენი ისე ესმით, როგორც ზრდასრულებს. უფრო პატარა ბავშვებს კი შეგვიძლია მხატვრულად ავუხსნათ, რომ მაგალითად “ცაში გაფრინდა, რომ იქიდან გვიყურებს”, ასეთი მარტივი ენით, მაგრამ აუცილებელია ამის თქმა. ფსიქოლოგების აზრი ორად იყოფა, უნდა დაესწროს თუ არა ბავშვი პროცესიას, მაგრამ იმას, რომ მშობელმა სიმართლე აუცილებლად უნდა უთხრას ბავშვს, ალტერნატივა არ აქვს. რადგან, როდესაც სამი წლის შემდეგ ბავშვი იგებს, რომ უცხოეთში კი არ წავიდა ახლობელი ადამიანი, არამედ გარდაიცვალა, ძალიან ტრავმული და სტრესული იქნება ეს მისთვის. ბავშვთან საუბარი გვეხმარება გავიგოთ, რას გრძნობს ის და რა ემოციები აქვს. თუ ბავშვს არ ეტყვიან, ის მაინც გრძნობს რაღაცას და ხვდება, რომ დაკარგა ახლობელი ადამიანი და ამ ტრავმის მარტო გადატანა უწევს, როცა შეიძლება ერთად გამოიგლოვონ ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, რაც გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე საკუთარ განცდებთან მარტო დარჩენა. თუ არ შედგა ასეთი დიალოგი მასთან, ზრდასრულები ვერასდროს გავიგებთ ბავშვის გულში რა ხდება ამ დროს.