ცნობილი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “დედამიცის” ესაუბრება “ფაიზერის” ვაქცინაზე, ღია სივრცეში ნიღბის გამოყენების აუცილებლობაზე და კოვიდით ინფიცირებაზე ბავშვებში.
გვესაუბრეთ “ფაიზერის” ვაქცინაზე, რომელმაც 90 %-იანი კლინიკური ეფექტურობა აჩვენა. გვაძლევს თუ არა ეს ვაქცინა იმედის საფუძველს კორონავირუსთან ბრძოლაში?
“ფაიზერის” საბოლოო ფაზა დასასრულებელია, ეს არის შუალედური შედეგები და ამას უნდა დაველოდოთ. ასეთი ტიპის ვაქცინა თითქმის 10-ია მსოფლიოში დაწინაურებული და “ფაიზერის” ვაქცინამ ჯერჯერობით დაასწრო სხვებს შუალედური მონაცემებით. ვფიქრობ, კიდევ იქნება სხვა წარმატებული ვაქცინები. ყველა ვაქცინა თავისებურია, ზოგს ფასი ექნება განსხვავებული, ზოგს შენახვის პირობები, ზოგიერთს ქვეყნები სიძვირის გამო ვერ იყიდიან. ჯერჯერობით “ფაიზერის” ვაქცინა დამაიმედებელია, რომ ბიოლოგიური თვალსაზრისით, იმუნური თვალსაზრისით სისტემამ უპასუხა და გვერდითი მოვლენები 44000 ადამიანში არ იყო ძალიან სერიოზული. სტანდარტული ვაქცინებისგან განსხვავებული პირობები თუ არ ექნება ახალ ვაქცინას, საქართველო ამისთვის მზად იქნება. ასევე ერთ-ერთი დაწინაურებული კორონა ვაქცინებიდან არის jonson-ის ვაქინა, რომელსაც გაყინვა არ სჭირდება და შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ ამ ტიპის ვაქცინა იყიდოს. ეს ყველაფერი თანდათან გაირკვევა.
როგორ შეაფასებთ ამ ეტაპზე არსებულ მდგომარეობას და რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ვირუსმა ძალა დაკარგა?
სექტემბრის თვეში საერთო შემთხვევების უმეტესობა იყო მსუბუქი, იმიტომ რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, ახალგაზრდები დაავადნენ სოციალური აქტივობის გამო. ახლა ევროპის უდიდესი ნაწილის თითქმის 100 %-ში მეორე ტალღა დადგა და გაიზარდა ასაკობრივი ჭრილი. გამოჩნდა, რომ ამ ვირუსს შინაარსობრივად არავითარი ძალა არ დაუკარგავს, შემთხვევებიც მაღალია, ჰოსპიტალიზაციაც მაღალია, სიკვდილობა არ არის ისეთი მაღალი, როგორიც დაფიქსირდა აპრილის და მარტის თვეში, მაგრამ სიკვდილობის შემცირებას, უფრო მეტად ჰიპოთეზურად უკავშირებენ მკურნალობის შესაძლო ტაქტიკის გაზრდას, რეანიმაციის დახვეწას, დექსამეტაზონის ჩართვას მკურნალობის პროცესში და ა.შ. იმის თქმა, რომ ვირუსმა დაკარგა ვირულენტობა, ასე არ არის. მიიჩნევა, რომ ვირუსი ისევ არის ვერაგი და ცბიერი და არანაირი ცვლილება მას არ განუცდია. ამიტომ, ისევ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს, ჰიგიენის ნორმები დაიცვას და ატაროს ნიღაბი, სადაც მოეთხოვება.
გვესაუბრეთ ღია სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობაზე. რამდენად გამართლებულია ასეთი პრევენცია?
მოსახლეობას ჯარიმა არ გამოეწერება, თუ ის პარკში დადის განმხოლოებულად , მაგრამ სადაც კი დავდივარ, პარკებში სხედან ახალგაზრდები ჯგუფებად, მოხუცები ჯგუფებად ერთმანეთის პირისპირ, თამაშობენ ნარდს, ჭადრაკს, უყვირიან ერთმანეთს და საათობით ატარებენ დროს ნიღბის გარეშე. ასეთ დროს რომ რეგულაცია გამოსცე, სად უნდა გაიკეთოს ადამიანმა ნიღაბი და სად არა, უფრო გაართულებდა სიტუაციას. გარეთ ნიღბის ტარებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან გარეთ ადამიანები არ იცავენ დისტანციას და მიაჩნიათ, რომ სუფთა ჰაერზე ვირუსი არ გადაეცემათ. ამ დროს ერთმანეთს გვერდით უდგებიან, ერთმანეთს ესაუბრებიან და ვირუსის გადაცემის რისკი, რა თქმა უნდა მაღალია. თუ ერთი ადამიანი მარტო დასეირნობს ნიღბის გარეშე, მას არავინ დააჯარიმებს, ან თუ დარბის სპორტსმენი და დისტანცია დაცულია, ვირუსი არ გადაედება. მაგრამ, ღია სივრცეში დიდხანს კონტაქტი არის ვირუსით დაინფიცირების რისკი.
ადამიანის ძლიერად დაინფიცირება რამდენად არის დამოკიდებულია ვირუსის ნაწილაკების ჭარბ კონცენტრაციაზე?
არსებობს ასეთი კვლევები, რომ რაც უფრო დიდია ინვაზია, ანუ ერთბაშად ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის რაოდენობა, ეს სიმპტომურადაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში შეამჩნიეს. ექიმები, რომლებიც არ იყვნენ კარგად აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით და დაავადებულ ადამიანს უკეთებდნენ ბრონქოსკოპიას, სადაც ქვედა სასუნთქი გზებიდან ვირუსის დიდი რაოდენობა იფრქვეოდა, მათში უფრო მძიმედ მიმდინარეობდა ეს დაავადება. ამიტომ, ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაციაა, რომ პირბადით დაავადების შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ვირუსის ნაწილაკების რაოდენობა იქნება შედარებით ნაკლები. რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ჯანმრთელმა ადამიანმა კოვიდ ინფექცია მსუბუქი მიმდინარეობით გადაიტანოს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ჩვენ ყველა შემთხვევაში მუდმივად გვეფიქრებოდეს დაცვაზე ყველა სიტუაციაში.
რა არის იმუნიტეტის გაძლიერების მთავარი ხელშემწყობი პირობა ბავშვისთვის ამ პერიოდში?
ამ პერიოდში ისევ და ისევ მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება – ბოსტნეულით, ხილით, ხორცეულით და ა.შ სრულფასოვანი კვება არის იმუნიტეტის წყარო და იმუნიტეტისთვის ცალკე სხვა რაიმე წამალი არ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის სუფთა ჰაერზე ყოფნა და ფიზიკური აქტივობა, რა თქმა უნდა ყველა რეგულაციის დაცვით. ახლა მზის ნაკლებობაა და არავითარი პრობლემა არ არის, თუ არ იცის ოჯახმა ანალიზურად D ვიტამინის რაოდენობა და რადგან, საკმაოდ ძვირიანი ანალიზია და ყველა ოჯახი ამას ვერ გასწვდება, მე, როგორც ექიმი რეკომენდაციას ვუწევ ყოველდღიურად დღეში ერთი ან ორი წვეთი D ვიტამინის მიღებას საპროფილაქტოდ. კორონასგან ეს არ დაგვიცავს, მაგრამ D ვიტამინის ნორმალური რაოდენობა, ზოგადად ორგანიზმისთვის, იმუნური სისტემისთვის და ძვალ-სახსროვან სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ ამ რეკომენდაციას ვუწევ, დაბადების პირველივე დღიდან – იქამდე, სანამ ადამიანი არსებობს. რაც შეეხება პირბადეს, ორ წლამდე ბავშვებს ვერ დავავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ ორი წლის შემდგომ სასურველია ბავშვები მივაჩვიოთ ნიღბის გამოყენებას და ამაში ცუდი არაფერია, რადგან ესეც გარკვეულწილად კულტურის ნაწილია.
როგორ ვმართოთ სახლის პირობებში კოვიდი და რა არის ამ დროს მნიშვნელოვანი, რა უნდა გავითვალისწინოთ?
სახლის პირობებში კოვიდი იმართება ზუსტად ისე, როგორც ყველა სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადება. მაგრამ, მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს საშიშროების ნიშნები – ეს არის სუნთქვის გაძნელება, ანუ ქოშინის გამოჩენა, ძილიანობა, ზედმეტი აღგზნებულობა, გულმკერდის არეში შებოჭილობა და გამჭოლი ტკივილის შეგრძნება. ეს ჩივილები თუ აღმოცენდება კოვიდის მიმდინარეობისას, ეს ფილტვის ქსოვილის დიდ დაზიანებაზე მიუთითებს. დანარჩენი 90 %-ი ადამიანების, ბავშვები განსაკუთრებით კოვიდს ძალიან მსუბუქად იტანენ, ამიტომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად სითხეებით დატვირთვა, მეტი მოძრაობა, რაც შესაბამისად იცავს მათ ბევრი სხვა გართულებისგან, რაც შეიძლება კოვიდთან იყოს ასოცირებული. მთავარია ყურადღება გაამახვილონ და არაფერი სანერვიულო მოსახლეობის 90%-ს არ გააჩნია. თუ ბავშვი არის დაავადებული კოვიდით ოჯახის უფროსი წევრები აუცილებლად უნდა მოერიდონ, განსაკუთრებით ბებია-ბაბუები და მათი იზოლაცია მნიშვნელოვანია ასეთ დროს , რადგან ბავშვს იზოლაციას ვერ მოვთხოვთ. არავითარი წამალი კოვიდის მიმდინარეობისას არ შეიძლება მიიღოს თვითნებურად ადამიანმა, ანტიბიოტიკი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენონ, ეს არ არის ისეთი საშუალება, რომ მშობელმა თვითონ გადაწყვიტოს. და გავაგრძელოთ მაქსიმალური სიფრთხილით ცხოვრება.