Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.

გვესაუბრეთ ყველაზე გამოკვეთილ და გავრცელებულ აღზრდის სტილზე, რომელთაც მშობლები მიმართავენ ბავშვის აღზრდის პროცესში. რა დადებითი და უარყოფითი თავისებურებები ახასიათებს თითოეულ მათგანს და რომელია ყველაზე ეფექტური მათ შორის?

ოჯახი მნიშვნელოვანი სოციალური სისტემაა, სადაც ბავშვი პირველ  ნაბიჯებს დგამს, სწავლობს მეტყველებას, იძენს სხვადასხვა უნარ-ჩვევებს, გადის სოციალიზაციის პერიოდს. ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვს მომავალი ცხოვრებისათვის ამზადებენ. ეს აღზრდის ერთი-ერთი მთავარი დანიშნულებაა – დაეხმაროს  ადამიანს დამოუკიდებელ, პასუხისმგებლობიან, გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებაში. დროთა განმავლობაში პატარები იწყებენ საკუთარი სურვილების, წარმოდგენებისა და იდეების გახმოვანებას. პირველი სოციალური კამათიც ოჯახში ხდება. ისინი გამოთქვამენ პროტესტს, ცდილობენ  დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, გააკეთონ არჩევანი და გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები. ყოველივე ამაში ზრდასრულთა მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ.

არსებობს აღზრდის რამდენიმე გამოკვეთილი სტილი, რომელთაც მშობლები ხშირ შემთხვევაში სრულიად გაუცნობიერებლად მიჰყვებიან. მაგრამ იმისთვის, რომ პატარებს სოციალიზაციაში, პიროვნულ განვითარებაში დავეხმაროთ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ როგორი მეთოდებით ვხელმძღვანელობთ, როგორია ჩვენი კომუნიკაციის სტილი, რამდენად  ჯანსაღია ჩვენი მიდგომები, რეალურად სასიკეთოა მათთვის თუ პირიქით დამაზიანებელი.

ავტორიტარული აღზრდის სტილი:

  • მკაცრი ხელმძღვანელობა;
  • დისციპლინის მორჩილების მოთხოვნა;
  • ინიციატივის ჩახშობა;
  • ფიზიკური დასჯის მეთოდის გამოყენება;
  • მუქარის შინაარსის შემცველი საუბარი;
  • მუქარის შესრულება;
  • ძალის დემონსტრირება.

აღნიშნული მეთოდი სრულიად სცდება ბავშვის ინტერესებს. მშობელი, რომელიც არადემოკრატიულია, ცდილობს დაამტკიცოს, რომ ურთიერთობაში დომინანტი პირია, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. უფროსის ქმედებები განპირობებულია მოტივით, წარმოაჩინოს თავისი უპირატესობები. ბავშვებს, რომლებსაც ასეთი მოპყრობის გამოცდილება აქვთ, მომავალში დაბალი თვითშეფასების გამო საკუთარი უნარების, პოტენციალის არ სჯერათ. მათში ყალიბდება აგრესია, რომლის გადატანასაც თანატოლთა წრეში ცდილობენ. 

ლიბერალური აღზრდა:

  • მშობლები ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევენ;
  • არ არსებობს აკრძალვები, წესები, დისციპლინა.

ასეთი მშობლები ხშირად ჰიპერმზრუნველნი ხდებიან. მათი არსებობა მოცულია ბავშვის ცხოვრებით. ხშირად ასეთი დამოკიდებულებით საკუთარი წარუმატებლობის კომპენსირებას ცდილობენ, რის გამოც ბავშვს არ აჩვევენ ავტონომიურობას. როდესაც ბავშვის ყველა ,,მინდა’’ სრულდება, მისი სოციალური განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მნიშვნელოვანია, პატარებს ვასწავლოთ თავიანთი სურვილების, მოთხოვნების გადავადება. სხვაგვარად პრობლემები ექნებათ სკოლაში, მეგობართა წრეში, ზრდასრულ ასაკში სამსახურში, პირად ურთიერთობებსა და ოჯახში.

ინდიფერენტული აღზრდა:

  • მშობელი ფსიქოლოგიურად დისტანცირებულია;
  • გაუცხოებულია;
  • დაგვიანებით ან საერთოდ არ პასუხობს ბავშვის სურვილებს, ემოციურ საჭიროებებს;
  • მშობელსა და შვილს შორის არ არის ემოციური კონტაქტი.

უფროსი, რომელიც გულგრილ დამოკიდებულებაშია ბავშვთან, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად თავს არიდებს მასთან ინტერაქციას. ასეთ შემთხვევებში მცირეწლოვანი ცდილობს საკუთარი თავი გაიხალისოს. რა დროსაც ჩნდება რისკები, რომ ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს გაატარებს ეკრანთან, ან შესაძლოა დაიწყოს გადაჭარბებული დოზით ტკბილეულის მიღება. ის გაუცნობიერებლად მოძებნის ალტერნატივას, რათა სტრესისგან გამოწვეული დაძაბულობა განმუხტოს. ხშირად სიამოვნების წყარო მისთვის დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ბავშვებს, რომლებიც გაუცხოებულნი არიან მშობლებთან, მარცხის, წარუმატებლობის, უარყოფის ძლიერ ეშინიათ, რადგან  არ აქვთ ემოციურად მხარდამჭერ გარემოში ცხოვრების გამოცდილება. ბავშვს სჭირდება გულისხმიერი მშობელი, რომელიც დაეხმარება  განახორციელოს იდეები, გამოცადოს თავისი შესაძლებლობები, მიიღოს ემოციური უკუკავშირი. 

ავტორიტეტული აღზრდა:

  • მშობელსა და შვილს შორის არსებობს ემოციური კავშირი;
  • ჯანსაღი კომუნიკაცია;
  • მშობელი ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს, რესურსებს, ასაკობრივ თავისებურებებს და მხოლოდ ამ ყველაფრის გათვალისწინებით უყენებს მას გარკვეულ მოთხოვნებს;
  • ბავშვის პიროვნებისადმი უპირობო მიმღებლობა აქვს, აფასებს მხოლოდ ქცევას;
  • ემპათიურია ნებისმიერ შემთხვევაში;
  • არსებობს დისციპლინა, წესები, რომელსაც მშობელი ბავშვთან ერთად მიჰყვება.

მშობელი, რომელიც დემოკრატიული მეთოდებით ურთიერთობს შვილთან, პირველ რიგში, თავად არის საუკეთესო მოდელი ბავშვისათვის. პოზიტიური აღზრდა ითვალისწინებს ბავშვის საჭიროებებს, ასაკისთვის დამახასიათებელ უნარ-ჩვევებს და პიროვნულ რესურსებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით მშობელს აქვს ადეკვატური მოთხოვნები შვილთან. ის ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, ცდილობს პატარას დაეხმაროს იდეების განხორციელებაში, უჩვენოს უკეთესი ქცევითი სტრატეგიები, გაიზიაროს მისი შეხედულებები და ინტერესები. ავტორიტეტული აღზრდის მეთოდი არ გულისხმობს აკრძალვებისა და წესების არარსებობას. არამედ არსებობს დისციპლინის საკითხები, რომელთა დაცვას მშობელი თავისი მაგალითის მიცემით სთხოვს შვილს. რაც უფრო ნათელს ხდის ბავშვისთვის, რატომ არსებობს ესა თუ ის აკრძალვა, რა დანიშნულება აქვს დისციპლინას. მშობელი არ ცდილობს ძალაუფლების იდეალის წარმოჩინებას, არამედ ის სამართლიანი და ემპათიურია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5