“დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
სკოლამდელი ასაკი მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის ფიზიკური თუ ფსიქო–სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის. გვესაუბრეთ იმ საკითხებზე, რასაც ამ პერიოდში უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება?
ყველა ასაკი, ზრდასრულობამდე, მნიშვნელოვანია განვითარების შესაფასებლად, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სკოლამდელ ასაკს, ორ წლამდე და წლამდე ასაკი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ მოტორული, ფსიქო-სოციალური, ემოციური და კოგნიტიური თვისებების შეძენას, რაც ბავშვს გამოადგება შემდგომ სკოლაში და არ გაუჭირდება სკოლის პირობებში სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, ახალი უნარებისა და ცოდნის ათვისება.
ფიზიკური განვითარების კუთხით რომელ აუცილებელ ნიშანსვეტებს გამოყოფდით, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს 4 წლის ბავშვი?
ფიზიკური განვითარების მხრივ მნიშვნელოვანია თუნდაც ისეთი მარტივი ასპექტების გამოყოფა, როგორიცაა წონა და სიმაღლე, რომელსაც მშობელიც ადვილად მიადევნებს თვალს სახლის პირობებში.
ასევე არსებობს კონკრეტული მოტორული ნიშანსვეტები, რომლებსაც 4 წლის ასაკისთვის ბავშვი უნდა ასრულებდეს და რომელსაც შეიძლება მშობელი დააკვირდეს სახლის პირობებში: კიბეზე ცოცვა, დახმარების გარეშე, ცალ ფეხზე ხტომა, 6 ნაწილისგან შემდგარი ადამიანის ხატვა, უბრალო ჯვრის ხატვა, საშუალო ზომის ღილების შეკვრა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მშობელმა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ შეძენილი მოტორული თუ არამოტორული უნარების რეგრესი ანუ კარგვა ანუ უკუგანვითარება არ მოხდეს.
როგორი უნდა იყოს 4 წლის ბავშვის მეტყველება ამ ასაკში და რა ნიშნებზე დაყრდნობით უნდა ვიეჭვოთ მეტყველების შეფერხებაზე?
ამ მხრივაც მშობლის როლი არის ძალზედ მნიშვნელოვანი. არსებობს კონკრეტული უნარები, რომლებიც 4 წლის ასაკისთვის უნდა ჰქონდეს განვითარებული ბავშვს (დეტალურად იხილეთ ცხრილში), მაგალითისთვის: 200-ზე მეტი სიტყვა ლექსიკონში, 3-სიტყვიანი წინადადებების გამოყენება, უცხოსთვის 75% უნდა იყოს გასაგები. აქაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უკვე შეძენილი უნარები არ იყოს უკუგანვითარებული, რაც განგაშის ნიშანი უნდა გახდეს.