პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ექიმი, კლინიკური ფსიქოლოგი ირინა სელეპანოვა.
გვესაუბრეთ, რა მითები უკავშირდება ბავშვის გაზრდის, აღზრდის და განვითარების საკმაოდ გრძელვადიან პროცესს, რა შეცდომებს ვუშვებთ ამ დროს?
ბავშვის გაზრდა და აღზრდა რთული, საინტერესო, პასუხისმგებლობიანი პროცესია. ყველაზე დიდი მითი, ალბათ, ისევ მშობელს უკავშირდება, რომ “მშობლობა ბუნებრივია, მას სწავლა არ სჭირდება, ადამიანი (უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ დედა იგულისხმება), მშობელი რომ ხდება, იცის ყველაფერი გაზრდაზე და აღზრდაზე. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასე არ არის. მშობელი უნდა “იზრდებოდეს” და ვითარდებოდეს ბავშვთან ერთად, მხოლოდ ასე შეძლებს ის, რომ აღზარდოს სოციუმის ღირსეული წევრი და შემდგარი პიროვნება.
პირველი, რაც მითის გარდა, გარკვეული დანაშაულიც არის, არის მოსაზრება, რომ “ბავშვს 6თვიდან/9თვიდან/წლიდან დედის რძე არ სჭირდება“.
სინამდვილეში, დედის რძე არის უნიკალური, საუკეთესო და სტერილური საკვები ბავშვისთვის, ჯანმო-ს რეკომენდაცია, რომ ბუნებრივი კვება განხორციელდეს დაბადებიდან პირველი საათის განმავლობაში (15წთ-60წთ) და გაგრძელდეს მინიმუმ ორ წლამდე, ზედა ზღვარი არა აქვს (თუმცა აქაც უკიდურესობებში არ უნდა გადავიდეთ). ასევე 6 თვემდე ბავშვი უნდა იყოს ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე (თუ არ არის უკუჩვენება ან სხვა პრობლემა). მითია, რომ ზოგი დედის რძე არ არის ნოყიერი, არ ჰყოფნის (უიშვიათესია, თუ სწორად არის წარმართული კვების პროცესი), მტკივნეულია (არ არის მტკივნეული, თუ არის სწორი მოჭიდება), მითია, რომ საათობრივად უნდა განხორციელდეს, სინამდვილეში ბავშვის მოთხოვნის მიხედვით.
ბუნებრივი კვება ხელს უწყობს მჭიდრო ემოციური კავშირის ჩამოყალიბება ბავშვისა და დედას შორის, ნაწლავების მიკროფლორის ჩამოყალიბებას, იმუნიტეტის გაუმჯობესებას, გონებრივ განვითარებას, ასევე ხელს უწყობს ზრდის დღეებისა და ასაკობრივი კრიზისის უფრო მარტივად გადალახვას.
მითი 2
“იტირებს და გაჩერდება“, “ხელებს არ მიაჩვიო“.
დავიწყოთ იმით, რომ ტირილი ახალშობილისთვის არის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება, შემდგომ დედა სწავლობს ამ ტირილის ინტერპრეტაციას, თუ რის გამო ტირის ბავშვი. ჩვილის ტირილის იგნორირება დაუშვებელია, ძირითად ბავშვები ტირიან თუ რამე აწუხებთ (კოლიკა, სშია, პამპერსი სველია, სცხელა, სცივა და ა. შ). მაგრამ არსებობენ მძიმეტემპერამენტიანი ბავშვები, რომლებიც არ გაჩერდებიან, თუ მშობელი არ მიიხუტებს და მის სითბოს ვერ იგრძნობს.
ბავშვებს, რომლებმაც მიიღეს საკმარისი სითბო, უფრო დიდხანს ატარებდნენ დროს დედასთან/მამასთან, მათი ასაკობრივი მოთხოვნილება იყო დაკმაყოფილებული, უფრო დიდ ასაკში უყალიბდებათ სანდო მიჯაჭვულობა და არ უჭირთ სეპარაციის (გამოყოფის) პროცესი, თვითონ ხასიათდებიან უფრო ძლიერი პიროვნული თვისებებით.
მითი 3
ახალშობილს სცივა, ხელები, ფეხები, ცხვირი ცივი აქვს. ჩვილი სითბოში უნდა გყავდეთ. ზოგი გარეთაც არ ურჩევს გაყვანას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მითია.
ზოგადად, რაც უფრო თხლად მივაჩვევთ ბავშვს ჩაცმას, მით უკეთესია მისი ორგანიზმისთვის, სეირნობა არაქარიან ამინდში შეიძლება პირველივე დღეებიდან, მზე აუცილებელია ბავშვისთვის, ჩვილს სცივა თუ სცხელა უნდა გავიგოთ, ჩვენი ხელისგულის მიდებით მის ზურგზე. თუ ის არ არის ცივი/ოფლიანი, ე. ი. ბავშვი კომფორტულად არის.
მითი 4
ბავშვის ჩასმა ბალიშებში, რომ უფრო სწრაფად დაიწყოს დაჯდომა დამოუკიდებლად
ბავშვის ტარება ცალი ხელი ან ორივე ხელით, რომ უფრო სწრაფად აიდგას ფეხი (ეს ორი საერთოდ უშლის ამ პროცესს) .
ორთოპედიული ფეხსაცმლის ჩაცმა თავიდანვე, თუ ბავშვს არ აქვს პრობლემა, არ სჭირდება და ზოგადად (თუ არის შესაბამისი პირობები) ყველაზე კარგია, თუ ბავშვი სიარულის სწავლის პროცესში ივლის ფეხშიშველი, ისედაც არ არის კარგი, რომ ტერფები, თითები მოხრილი რეიტუზებში/რეზინის ჩუსტებში/ ორთოპედიულ ფეხსაცმელში იყოს მთელი დღე.
მითი 5
“ბიჭები არ ტირიან“, “გოგო ხომ არ ხარ”
ალბათ, ეს არის, დღემდე ძალიან აქტუალური მითი და ზრდასრულ ცხოვრებაში არსებული პრობლემების სათავე. ემოციების გამოხატვა ნორმაა, რა თქმა უნდა, არ უნდა შევუწყოთ ხელი მანიპულაციურ ტირილს, წუწუნს და ა.შ . მაგრამ ეს აქტუალურია, როგორც ბიჭისთვის, ასევე გოგოებისთვის.
“გოგო ხომ არ ხარ” – არის ფრაზა, რომელიც თავიდანვე გულისხმობს ერთი სქესის უპირატესობას და თითქოსდა საწყენად არის გამოყენებული სიტყვა “გოგო”.
მითი 6
“ბიჭები უფრო გვიან იწყებენ საუბარს“
“გენეტიკურია, მამამაც და ბიძამაც 4-5 წლის ასაკში დაიწყეს საუბარი”
ესეთი რჩევაც, დანაშაულია, ჩემი აზრით. ბავშვის დედა ელოდება ამ ასაკს და კარგავს ოქროს დროს, შესაძლებელია, არ იყოს სერიოზული პრობლემა და იყოს მხოლოდ მეტყველების განვითარება, მაგრამ, როცა 2-2,5, მითუმეტეს 3 წლის ბავშვი არ ლაპარაკობს და დედისთვის იმ რჩევის მიცემა, რომ ეს ნორმაა და მათთანაც ასე იყო, დაუშვებელია.
ახალბედა მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ კარგ მშობლობასაც სწავლა უნდა და უკვე არსებული ცოდნის გაუმჯობესება, არ არის პრობლემა თუ რამე არ იცით, არ გამოგდით – ეს დროებითი სირთულეა. არსებობს უამრავი ინფორმაცია, წაიკითხეთ სანდო წყაროები, კვლევები, წიგნები და გაზარდეთ და აღზარდეთ დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, კეთილშობილი და განათლებული პიროვნება.
მითი 7
ისტერიკა/ტანტრუმის – ბავშვის ცუდი აღზრდის მაჩვენებელია
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სიხშირე და ხანგრძლივობა, ასევე, რაც მთავარია, ტანტრუმს მანიპულაციის ხასიათი არ უნდა ჰქონდეს ბავშვის მხრიდან (ამისთვის უნდა მოხდეს ტანტრუმის პრევენცია და მშობლის “არა” ნიშნავს “არა”-ს, იქ, სადაც ბავშვს არ ემუქრება საფრთხე და დასაშვებია მისი ნების გათვალისწინება, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ).
ტანტრუმი განვითარების ეტაპია და არ ნიშნავს ცუდ აღზრდას, ხანდახან 6 წლამდე ბავშვებისთვის ტანტრუმი ერთადერთი გზაა განთავისუფლდეს ძლიერი ემოციებისგან.
ძლიერი ემოციები კი უმჯობესია გამოვიდეს სხეულიდან და ფსიქიკიდან.
დათრგუნული ემოცია შეიძლება გადაიქცეს ქრონიკულ სტრესად და ფსიქოსომატურ დაავადებაშიც კი.
ჯობია 5-10 წუთიანი ტანტრუმი ბავშვთა ასაკში, ვიდრე ბურთის შეგრძნება, ამოსუნთქვის გაძნელება ზრდასრულ ასაკში ძლიერი ემოციების დროს.