“დედამიცის” ესაუბრება პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი
მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს, როგორ შეურჩიოს ერთი წლის შემდეგ ბავშვს რაციონი. Რა იცვლება კვების მხრივ ამ პერიოდში და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?
ამ ასაკში მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვისთვის საჭირო ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით მიწოდება, თუმცა ეს შესაძლოა არ იყოს მარტივი იქიდან გამომდინარე, რომ მეორე წლის ასაკში უკვე მადის ცვალებადობა მკვეთრად იზრდება, რაც ნორმალურია.
რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა, რომ არასწორი კვებით არ დავაზიანოთ ბავშვი?
მეორე წლიდან სკოლის ასაკამდე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ბავშვი მივაჩვიოთ კვების კარგ რუტინას და ჰიგიენას, რაციონით კი, მივაწოდოთ რკინისა და თუთიის საკმარისი რაოდენობა და, ამასთანავე, თავიდან ავიცილოთ დიდი რაოდენობით ტკბილეულის და ტკბილი სასმელების (წვენები და ა.შ.) მიღება.
სამი წლის ასაკამდე კი უნდა ვიცოდეთ, რომ მცირე ზომის მრგვალი ფორმის მყარი საჭმელები შეიცავს გადაცდენის რისკს და მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ.
როგორ უნდა შევუდგინოთ ამ ასაკში ბავშვს მენიუ და რისგან უნდა შედგებოდეს ის?
ბავშვის მენიუ უნდა იყოს დაბალანსებული, რომელშიც იქნება რძის ნაწარმი (2-2.5 ჭიქა რძე დღეში ან 120 გრამი ყველი დღეში), ცილის წყარო (ხორცი და ცხოველური ნაწარმი 50-120 გრამი დღეში), მარცვლეული (50 გრამი – 120 გრამი დღეში), ხილი (ხილის წვენი 1 ჭიქა ან მთლიანი ხილი დღეში), ბოსტნეული (ბოსტნეულის 1 ჭიქა წვენი ან 1 ჭიქის მოცულობის მომზადებული ან უმი ბოსტნეული), ცხიმი (1-3 კოვზი ცხიმის შემცველი პროდუქტი – ზეთი, არაქისის კარაქი, მაიონეზი, მარგარინი და ა.შ.), ტკბილეული მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ.
რა კვებითი უნარების განვითარებას უნდა დააკვირდეს მშობელი ან შეეცადოს, რომ ხელი შეუწყოს?
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ 1 წლის ასაკიდან ბავშვმა უნდა დაწყოს ჭიქის გამოყენება და ორი წლის ასაკში დახვეწოს ჭიქის გამოყენება (ნაკლები დაღვრა), შესაბამისად, ბოთლიდან კვება მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს; 1.5 წლის ასაკიდან უნდა ნელ-ნელა დაიწყოს საკუთარი თავის კვება (საჭმლის ხელით ჭერა და კოვზით დამოუკიდებლად კვება).
ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ საკვებთან თამაში არის ნორმალური და საკმაოდ ცუდად იღებენ ახალ საკვებს ამ ასაკში. Აქედან გამომდინარე ახალი საკვების შეთავაზებისას პირველივე ან მეორე ჯერზე არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი, შესაძლებელია 8-10 შეთავაზების შემდგომ მივიღოთ თანხმობა.
წლის შემდეგ სჭირდება თუ არა ბავშვს რძე, რა ასაკამდე უნდა გაგრძელდეს რძით კვება და რა რაოდენობით?
რძე და რძის პროდუქტი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენტების წყარო, შესაბამისად, არამარტო ბავშვობის, არამედ ცხოვრების ბოლომდე არის შესაძლებელი რძის მიღება ან რძის სხვა პროდუქტების მიღება. Ეს უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მე, მაგალითისთვის, რძის პროდუქტის მომხმარებელი ვარ, თუმცა არ ვიღებ რძეს.
რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვმა ყოველდღიურად მიიღოს ხორცეული და რა რაოდენობით?
ხორცი არის ცილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო და მისი დღიური ნორმა 50 გრამიდან იწყება და სამი წლის ასაკამდე 120 გრამამდე იზრდება.
საკვების დაჯგუფება | ასაკი: 1-2 წელი (რაოდენობა დღეში) | ასაკი: 2-3 წელი (რაოდენობა დღეში) | ასაკი: 4-8 წელი (რაოდენობა დღეში) |
რძის პროდუქტი (რძე, იოგურტი, მაწონი, ყველი და ა.შ.) | 2 ჭიქა რძე ან იოგურტი/მაწონი ან 75-120 გრამი ყველი/ხაჭო/ნადუღი | 2-2,5 ჭიქა რძე ან იოგურტი/მაწონი ან 120-170 გრამი ყველი/ხაჭო/ნადუღი | 2.5-3 ჭიქა რძე ან იოგურტი/მაწონი ან 170-210 გრამი ყველი/ხაჭო/ნადუღი |
ცილის შემცველი პროდუქცია (წითელი ხორცი, ფრინველი, თევზი, ლობიო, კვერცხი, სოიო, თხილეული და ა.შ.) | 60 გრამი | 60-90 გრამი | 90-150 გრამი |
მარცვლეული (ცომეული, ბრინჯი, შვრია, ბურღულეული და ა.შ.) | 60 გრამი | 90-120 გრამი | 120-150 გრამი |
ხილი და ბოსტნეული (ნებისმიერი ხილი/ბოსტნეული ან 100%-იანი ხილის წვენი) | 1 ჭიქა წვენი ან 1 ჭიქის მოცულობის უმი ან მომზადებული ბოსტნეული ან 2 ჭიქა ფოთლოვანი ბოსტნეული | 1.5 ჭიქა წვენი ან 1.5 ჭიქის მოცულობის უმი ან მომზადებული ბოსტნეული ან 3 ჭიქა ფოთლოვანი ბოსტნეული | 1.5-2 ჭიქა წვენი ან 1.5-2 ჭიქის მოცულობის უმი ან მომზადებული ბოსტნეული ან 3-4 ჭიქა ფოთლოვანი ბოსტნეული |
ცხიმი და ზეთი (ცხიმები, ავოკადო, ზეთისხილი, თხილეული, მარგარინი და ა.შ.) | არ შეზღუდოთ | 3 ჩაის კოვზი | 4 ჩაის კოვზი |
კალორიები სხვა პროდუქციისგან (დესერტი, ტკბილეული, ტკბილი დასალევი, ჯემები და ჟელეები) | შეზღუდეთ | 100-150 კკალორია | 100-130 კალორია |
თუ ბავშვი უარს ამბობს ხორცით კვებაზე, რით შეიძლება ჩავანაცვლოთ?
ხორცზე უარის შემთხვევაში მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ლობიოთი, კვერცხით, სოიოთი და თხილეულით. თუმცა, ამ დროს მნიშვნელოვანია მიექცეს ყურადღება B12 ვიტამინის დონეს და მის შევსებას სხვა საჭმელებით, როგორიცაა, მაგალითად, სოკო.
რა რაოდენობის ტკბილეული არის ამ პერიოდში ბავშვისთვის მისაღები ნორმა?
ტკბილეულის მაქსიმალურად თავის არიდებაა საჭირო 1-2 წლის ასაკში, 2-3 წლის ასაკში კი დღიური კალორაჟის 10%-ს ანუ 100-150 კილოკალორიას არ უნდა აღემატებოდეს ამ პროდუქტის მოცულობა.