Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მოტორული უნარები  საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ყოველდღიური მოძრაობები და ამოცანები. წვრილი (ნატიფი) მოტორიკა არის ის, რაც მოითხოვს კონტროლის და სიზუსტის მაღალ ხარისხს ხელის პატარა კუნთებში (მაგალითად, ჩანგლის გამოყენება). მსხვილი (უხეში) მოტორული უნარები მოიცავს  სხეულის დიდ კუნთებს და პასუხისმგებელია უფრო ფართო მოძრაობებზე, როგორიცაა სიარული და ხტომა.

როგორც წესი, ბავშვებს  გარკვეული მოტორული უნარები კონკრეტულ ასაკში უვითარდებათ, მაგრამ ყველა ბავშვი ზუსტად ერთსა და იმავე დროს ვერ აღწევს ეტაპებს. მოტორული დარღვევების მქონე ბავშვს უჭირს შეთანხმებული მოძრაობები. თუ თქვენი შვილი აგვიანებს წვრილი ან უხეში მოტორული უნარების განვითარებას, შესაძლოა დასჭირდეს ფიზიკური ან ოკუპაციური თერაპია.

წვრილი მოტორული უნარები

წვრილი მოტორული უნარ-ჩვევები მოიცავს ხელის მოხერხებულობას და ხშირად საჭიროა ხელების და თითების თვალებთან შეთანხმებული მოძრაობა. ამას ხელისა და თვალის კოორდინაცია ეწოდება.

ნატიფი მოტორიკა მოიცავს საგნების დაჭერის და მანიპულირების შესაძლებლობას, ორივე ხელის გამოყენებას დავალების შესასრულებლად და თითების გამოყენებას რამის ასაღებად.

ქვემოთ ჩამოთვლილია  წვრილი მოტორიკის რამდენიმე მაგალითი, რომლებიც, როგორც წესი, გვხვდება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე:

0-დან 3 თვემდე

უყურებს საკუთარი ხელების მოძრაობას  და პირისკენ მიაქვს.

3-დან 6 თვემდე

  • იწყებს საგნების ერთი ხელიდან მეორეზე გადატანას;
  • შეუძლია მისწვდეს სათამაშოებს ორივე მკლავის გამოყენებით.

6-დან 9 თვემდე

  • იწყებს საგნების, მაგ. ბოთლის ხელის ჩავლებას და დაჭერას;
  • ხელს უჭერს საგნებს;
  • თავისკენ „მოიხვეტავს“ სათამაშოებს.

9-დან 12 თვემდე

  • იწყებს ერთი ხელის უპირატესობის გამოვლენას მეორესთან შედარებით;
  • შეუძლია პატარა საგნების ჩასმა ჭიქაში ან კონტეინერში;
  • შეუძლია წიგნის რამდენიმე გვერდის ერთდროულად გადაფურცვლა;
  • იწყებს საჩვენებელი და ცერა თითებით ნივთების დაჭერას;
  • შეუძლია ხელში მიცემული საკვების  „finger food” ჭამა.

12-დან 18 თვემდე

  • შეუძლია ორი კუბისგან კოშკის აშენება;
  • შეუძლია კოვზით ან პატარა ნიჩბით  საგნების მოფხეკა;
  • შეუძლია ტაშის დაკვრა;
  • ჯღაბნის ფანქრებით ფურცელზე;
  • ხელებს გიქნევთ დამშვიდობების დროს.

18 თვიდან 2 წლამდე

  • იწყებს ფანქრის დაჭერას თითისწვერებით და ცერა თითით;
  • შეუძლია კოშკის აშენება 3-4 კუბიკით;
  • შეუძლია გახსნას შეფუთული პაკეტები ან კონტეინერები;
  • შეუძლია წიგნის თითოეული გვერდის გადაფურცვლა;
  • შეუძლია რგოლების ჯოხზე ჩამოცმა.

2 წელი

  • შეუძლია კოშკის აშენება 9 კუბიკით;
  • შეუძლია კარის სახელურის ჩამოწევა;
  • შეუძლია დამოუკიდებლად დაიბანოს ხელები;
  • შეუძლია მსხვილი ელვა-შესაკრავის გახსნა და დაკეტვა;
  • თამაშობს პლასტელინით.

3 წელი

  • შეუძლია გაჭრას  ქაღალდი შუაზე;
  • შეუძლია წრის დახაზვა მაგალითის ჩვენების შემდეგ;
  • შეუძლია შეიკრას და შეიხსნას დიდი ღილები.

4 წელი

  • შეიძლება ჩაცმა და გახდა დახმარების გარეშე;
  • შეუძლია ცერით დანარჩენი თითების წვერებს შეეხოს;
  • შეუძლია სწორად გამოიყენოს ჩანგალი.

5 წელი

  • შეუძლია წრის ამოჭრა;
  • შეუძლია გადახატოს სამკუთხედი;
  • სწორად უჭირავს ფანქარი;
  • იკრავს თასმებს.

6 წელი

  • კუბიკებით აშენებს პატარა სტრუქტურას;
  • შეუძლია 16-20 ნაწილიანი ფაზლის აწყობა;
  • კარგად ჭრის მაკრატლით;
  • იცის დანის გამოყენება.

ნევროლოგიური პრობლემების ან განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ წვრილი მოტორული უნარები და დასჭირდეთ ოკუპაციური თერაპია ან სხვა  მეთოდები. აქცენტი უნდა გაკეთდეს განვითარების ეტაპებზე და უნარ-ჩვევებზე, რაც მათ სჭირდებათ სკოლისა და თამაშისთვის.

მსხვილი მოტორული უნარები

უხეში მოტორული უნარები მოიცავს სიარულს,  ხტუნვას, კიბეზე ასვლას და ა.შ. მისი  ზოგიერთი ეტაპი, როგორიცაა ბურთის სროლა ან დაჭერა, ასევე საჭიროებს თვალისა და ხელის კოორდინაციას.

ქვემოთ მოცემულია მსხვილი მოტორული უნარების მაგალითები, რომლებიც, როგორც წესი, გვხვდება განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე:

3-დან 6 თვემდე

  • მუცელზე წოლისას ეყრდნობა ხელებს;
  • სწავლობს გადაბრუნებას;
  • სწავლობს ჯდომას.

6-12 თვე

  • ხოხავს;
  • ახერხებს მჯდომარე პოზიციიდან წამოდგომას;
  • დამოუკიდებლად ზის.

1 წელი

  • აცოცდება დაბალ ავეჯზე;
  • დახმარებით კიბეზე ადის;
  • უბიძგებს ბორბლებიან სათამაშოს;
  • დადის ხელმოკიდებულად.

2 წელი

  • ხტება ორივე ფეხის ერთდროულად გამოყენებით;
  • ადის კიბეზე მოაჯირზე ხელმოუკიდებლად.

3 წელი

  • სამთვლიანი ველოსიპედით სეირნობს პედლების გამოყენებით, დახმარების გარეშე;
  • დარბის  დაცემის გარეშე;
  • ესვრის ბურთს 1.5 მეტრის  მოშორებით მდგარ ზრდასრულს.

4 წელი

  • იჭერს ბურთს ხელებით და სხეულით;
  • შეუფერხებლად დარბის სიჩქარის ცვლილებებით;
  • ადის კიბეზე ფეხების  მონაცვლეობით.

5 წელი

  • იჭერს ბურთს ორი ხელით;
  • ხტება ცალ ფეხზე;
  • ადის და ჩამოდის კიბეზე საგნებით ხელში.

6 წელი

  • ფეხს კრავს მოძრავ ბურთს;
  • 25 სმ-ის სიმაღლის ობიექტებზე ხტება;
  • ატარებს ველოსიპედს დამხმარე ბორბლებით.

შეიძლება ადვილი იყოს იმის შემჩნევა, თუ თქვენი შვილი ვერ აღწევს მსხვილი მოტორიკის ეტაპებს, განსხვავებით ნატიფი მოტორიკისგან. რადგან თქვენ ალბათ მოუთმენლად ელით თქვენი ბავშვის გადაბრუნებას, ხოხვის დაწყებას ან პირველი ნაბიჯის გადადგმას. თქვენ აღნიშნავთ როგორ დარბიან და თამაშობენ და რამდენად კარგები  არიან ფიზიკურ თამაშებსა და სპორტში.

წყარო: verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5