ჩვენ მოგიყევით ჩვილი ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მეთოდებზე. შესაძლოა, თქვენ უკვე თითქმის ყველაფერი გააკეთეთ თქვენი პატარას უსაფრთხოებისათვის, სანამ ის პირველ ნაბიჯებს გადადგამდეს. და მაინც, მოსიარულე ბავშვები მეტად მიდრეკილნი არიან ხიფათისაკენ, ვიდრე ისინი, რომლებიც დახოხავენ. ამიტომ, დამატებით გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
დააწესეთ საზღვრები საფრთხის შემცველი ოთახებისთვის. თუ მთელი ოთახი (მაგ. სააბაზანო ან სამრეცხაო) საფრთხის შემცველია, უბრალოდ გადაკეტეთ ის. გამოიყენეთ ჭიშკრები ან დაკეტეთ კარი და გამოიყენეთ კარის სახელურის დამცავი, რათა ბავშვმა ვერ შეძლოს მისი გაღება.
დაამატეთ საკეტები. შეიძლება ადრე არ გიფიქრიათ ფანჯრების და ქურის ჩაკეტვაზე, მაგრამ ახლა როცა თქვენი შვილი ორივეს სწვდება, მოგიწევთ ასე დაიცვათ.
გაიხედეთ გარეთ. ბავშვებმა არ უნდა ითამაშონ გარეთ მეთვალყურეობის გარეშე. მაგრამ დამატებითი უსაფრთხოებისათვის, დაფარეთ გარეთ გამავალი კარის სახელური. თუ თქვენი ეზო შემოღობილია, დარწმუნდით რომ ღობე ყოველთვის დაკეტილია.
მოაწყვეთ უსაფრთხო სივრცეები. თუკი თქვენი ბავშვი გამუდმებით ხიფათში ეხვევა, უმჯობესია მოაწყოთ სრულიად დაცული სივრცე, იქნება ეს ოთახის ნაწილის შემოსაზღვრა ან კარჩაკეტილ ოთახში დარჩენა. თუკი ბავშვს ერთ სივრცეში ამყოფებთ, დარჩით მასთან მთელი დროის განმავლობაში.
ქვემოთ მოცემულია რჩევები, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი წლისაა თქვენი შვილი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც თქვენი ყურადღება სამუშაოზე ნაწილდება:
ასწავლეთ თქვენს პატარას, რა არის საზიანო. გამოიყენეთ გამაფრთხილებელი სიტყვები ან ფრაზები საშიში საგნების ან სიტუაციებისთვის (მაგალითად „ცხელია“, „ფრთხილად“). რაც არ უნდა მცირე ასაკის იყოს ბავშვი, ეს მაინც დაეხმარება სიფრთხილის სწავლაში.
ყურადღებით იყავით შინაურ ცხოველებთან. ბავშვებმა შეიძლება შემთხვევით მოქაჩონ ყურზე ან კუდზე. თუ არ შეგიძლიათ მუდმივი მეთვალყურეობა, როდესაც თქვენი კატა ან ძაღლი ოთახშია, მაშინ განაცალკევეთ ისინი.
ფრთხილად იყავით სახიფათო ნივთებთან. ეცადეთ, გამოსაჩენ და ბავშისთვის ხელმისაწვდომ ადგილას არ დადოთ სანთებელა, ასანთი, დანა. ასევე, თუ იარაღი სახლში გაქვთ, ყოველთვის შეინახეთ დაკეტილ საცავში (იქნება ეს სპეციალური სეიფი თუ საკეტიანი ყუთი ), მიუწვდომელი და განმუხტული.
გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ვერ შეცვლის თქვენს ყურადღებას. მაშინაც კი, თუ ბავშვის უსაფრთხოებისათვის ყველაფერი გააკეთეთ, ბავშვი ყოველთვის თქვენს თვალსაწიერში უნდა იყოს.
სახლიდან მუშაობა ჩვილის ან მცირეწლოვანის მოვლასთან ერთად ადვილი არ არის, თან თუ მიმდინარე სიტუაციის სტრესი და გაურკვევლობაც ემატება. გახსოვდეთ, რომ თქვენ თავს გაართმევთ ამ გამოწვევას და ამით უფრო ძლიერი მშობელი გახდებით.
წყარო: https://www.whattoexpect.com/news/family/working-from-home-babies-toddler-safety-coronavirus/