პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა.
ბატონო ლაშა, გვესაუბრეთ ბავშვთა ჰიპოთირეოზზე. თანდაყოლილია თუ შეძენილი ეს პათოლოგია და რა გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე?
ჰიპოთირეოზი შესაძლებელია იყოს თანდაყოლილიც და შემდეგ, მოზარდობის პერიოდში განვითარებულიც. ჰიპოთირეოზი ეს გახლავთ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია ანუ მისი ჰორმონების დაქვეითება ორგანიზმში, თიროიდული ჰორმონები მონაწილეობს ყველა სახის ნივთიერებათა ცვლაში, მეტაბოლიზმში, სითბოს წარმოქმნაში. მათი ნორმალური დონე აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის, თვითონ დასახელებიდან ცხადია, რომ თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი ვლინდება ახალშობილებში, ხოლო შეძენილი ვითარდება მოზარდებში და ზრდასრულ ასაკში.
რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციისთვის ორსულობის დროს მკურნალობა და ამ პრობლემის დროულად გამოვლენა?
ორსულობის დადგომამდე დედის ორგანიზმში უნდა იყოს თიროიდული ჰორმონების ნორმალური დონე. ქალებს, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, ექიმები მოვუწოდებთ, მიმართონ ენდოკრინოლოგს და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევა ჩაიტარონ. თუ დარღვევა გამოვლინდა, ენდოკრინოლოგი შეაფასებს ორსულობის შესაძლებლობას და დაგეგმავს მკურნალობას, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპოთირეოზის არასასურველი გავლენა როგორც ორსულობასა და მშობიარობაზე, ისე ნაყოფის განვითარებაზეც.
მთელ მსოფლიოში, მათ შორის – ჩვენს ქვეყანაშიც, ახალშობილებს დაბადებიდან მესამე დღეს უტარდებათ სისხლის ანალიზი რამდენიმე თანდაყოლილი დაავადების გამოსავლენად. ერთი მათგანია თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი. სკრინინგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი დროულად გამოვლენისა და მკურნალობისთვის. მიზეზები მრავალფეროვანია. ერთ-ერთი მათგანია იოდის დეფიციტი, რადგან ვიცით, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის აუცილებელია იოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში და, მაშასადამე, გარემოში, ნიადაგსა და საკვებში ეს ელემენტი საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს. იოდის დეფიციტი იწვევს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმებს, ასევე – ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას, ენდემურ ჩიყვს. დღესდღეობით იოდის დეფიციტით გამოწვეული ჰიპოთირეოზის წილი მკვეთრად შემცირდა, რადგან მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ იოდის დეფიციტის პრობლემა მოაგვარა და მათ შორის არის საქართველოც, როდესაც 1994 წელს კანონმდებლობით გაიწერა, რომ საქართველოში იმპორტირებული ყველა მარილი უნდა იყოს იოდიზებული, რამაც მკვეთრად შეცვლა საქართველოში იოდდეფიციტის მდგომარეობა.
რა არის ბავშვთა ჰიპოთირეოზის გამომწვევი მიზეზები?
თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის ძირითად მიზეზებს შორისაა ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის ანომალიები, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი ასევე შეიძლება იყოს თიროიდული ჰორმონების სინთეზის დარღვევის, დედის მიერ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღების, იშვიათად თავის ტვინის, კერძოდ, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემის არასრულფასოვანი ფუნქციონირებაც შეიძლება იქცეს თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის მიზეზად.
რა სიმპტომები მიგვანიშნებს ბავშვებში იოდის დეფიციტზე?
ზრდის შეფერხება; უმადობის, კვების რაციონისა და რეჟიმის ცვლილების მიუხედავად სხეულის მასის მატება; კანის სიმშრალე, თმის ცვენა; ანემია; ყაბზობა; მცივანობა; მეხსიერების დაქვეითება. ხანდახან დაავადებას თან ახლავს განწყობის ცვლილებები, ღამით უძილობა, დღისით კი ძილიანობა, ემოციური ლაბიალურობა და ფარისებრი ჯირკვლის გადიდება – ჩიყვი. თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის მქონე ახალშობილთა უმრავლესობას კლინიკური ნიშნები არ აქვს გამოხატული, მაგრამ თუ დედას ორსულობისას ჰიპოთირეოზი ჰქონდა, დაბადებისთანავე იქცევს ყურადღებას მშრალი კანი, შედარებით დიდი ენა, ანემია, ყაბზობა, გახანგრძლივებული სიყვითლე, ჭიპის თიაქარი და დიდი ყიფლიბანდი.
რა დიაგნოსტიკური კვლევები არის საჭირო და როგორ ხდება მკურნალობა?
ექიმთან ვიზიტის დროს დაავადების გამოსავლენად ტარდება სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური კვლევა. თავდაპირველად ექიმი გამოჰკითხავს პაციენტს და მის მშობელს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკის მიმართულებაში, შეკრებს ანამნეზს, შემდეგ პალპაცია (ხელით ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის შეფასება), მერე კი იწყება დიაგნოსტიკური კვლევები: ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, თიროიდული ჰორმონები და ჩივილებიდან გამომდინარე ასევე შესაძლებელია გახდეს დამატებითი კვლევებიც საჭირო (მიკრო-მაკროელემენტების და ვიტამინების განსაზღვრა).
რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვებას?
ბავშვთა ჰიპოთირეოზი იწვევს ფიზიკური განვითარების, ზრდის შეფერხებას, სხეულის მასის სიჭარბეს, ნივთიერებათა ცვლის, მათ შორის – ცხიმოვანი ცვლის, მოშლას, კანისა და კანქვეშა ქსოვილების შეშუპებას, სქესობრივი მომწიფების დაგვიანებას, იშვიათად – ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მოზარდ გოგონებში – მენსტრუალური ციკლის დარღვევას, თანდაყოლილი ფორმის შემთხვევაში წინა პლანზე არის ნევროლოგიური პრობლემები, გონებრივი განვითარების მძიმე დარღვევა – კრეტინიზმი.
რას ურჩევდით მშობლებს პრევენციისთვის?
მშობლებს, განსაკუთრებით კი მომავალ დედებს, ვურჩევ, დაორსულებამდე ენდოკრინოლოგს მიმართონ თიროიდული სტატუსის შესაფასებლად, მშობიარობის შემდეგ კი მუდმივი კავშირი ჰქონდეთ პედიატრთან ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სქესობრივი განვითარების დინამიკაზე დასაკვირვებლად.