15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ყოველწლიურად, 0-19 წლის დაახლოებით 400 000 ბავშვსა და მოზარდს უსვამენ კიბოს დიაგნოზს.
ბავშვებში კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპებია: ლეიკემია, თავის ტვინის სიმსივნეები, ლიმფომები, ნეირობლასტომა და ვილმსის სიმსივნე.
მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, კიბოს მქონე ბავშვების 80% -ზე მეტი იკურნება. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში (LMIC) კი – დაახლოებით 15-45%.
ზოგადად, ბავშვთა კიბოს პრევენცია ან გამოვლენა ვერ ხერხდება სკრინინგის საშუალებით. მათი განკურნება ძირითადად ხდება ჯენერიკული მედიკამენტებით და მკურნალობის სხვა ფორმებით, მათ შორის ქირურგიული ჩარევით და სხივური თერაპიით.
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ბავშვთა კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზებია დიაგნოზის არარსებობა, არასწორად დასმული ან დაგვიანებული დიაგნოზი, სამედიცინო დახმარების შეფერხება, მკურნალობის შეწყვეტა, მკურნალობის გვერდითი მოვლენები და რეციდივის მაღალი მაჩვენებლები.
რა იწვევს ბავშვთა კიბოს?
კიბო გვხვდება ყველა ასაკის ადამიანში და შეიძლება გავლენა იქონიოს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. იგი იწყება ცალკეულ უჯრედებში გენეტიკური ცვლილებით, შემდეგ იქცევა სიმსივნედ, შეიჭრება სხეულის სხვა ნაწილებში და თუ მკურნალობას არ ექვემდებარება, იწვევს სიკვდილს. მოზრდილების კიბოსგან განსხვავებით, ბავშვთა კიბოს აბსოლუტური უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი არ არის დადგენილი.
ზოგიერთი ქრონიკული ინფექცია, როგორიცაა შიდსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი და მალარია, წარმოადგენს ბავშვთა კიბოს რისკ ფაქტორებს. ისინი განსაკუთრებით აქტუალურია LMIC–ებში. სხვა ინფექციებმა შეიძლება გაზარდოს ბავშვთა კიბოს განვითარების რისკი მოზრდილებში, ამიტომ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია (B ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ, ღვიძლის კიბოს თავიდან ასაცილებლად და ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან ასაცილებლად) და სხვა მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ადრეული გამოვლენა და კიბოს გამომწვევი ქრონიკული ინფექციების მკურნალობა.
ამჟამინდელი მონაცემები ცხადყოფს, რომ კიბოთი დაავადებული ბავშვების დაახლოებით 10% -ს აქვს მიდრეკილება გენეტიკური ფაქტორების გამო. საჭიროა დამატებითი გამოკვლევები ბავშვებში კიბოს განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების დასადგენად.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ბავშვთა კიბოს შედეგების გასაუმჯობესებლად?
იმის გამო, რომ შეუძლებელია ბავშვებში კიბოს პრევენცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ყველაზე ეფექტური სტრატეგია ბავშვებში კიბოს სიმძიმის შესამცირებლად და შედეგების გასაუმჯობესებლად არის ფოკუსირება სწრაფ, სწორ დიაგნოზზე, რასაც მოჰყვება ეფექტური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპია.
ადრეული დიაგნოზი
ადრეული გამოვლენის შემთხვევაში კიბოს დამარცხების მეტი ალბათობაა. სწორი დიაგნოზი აუცილებელია კიბოთი დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ, რადგან თითოეული კიბო მოითხოვს მკურნალობის სპეციფიკურ სქემას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ქირურგიულ ჩარევას, რადიოთერაპიასა და ქიმიოთერაპიას.
ადრეული დიაგნოზი შედგება 3 კომპონენტისგან :
- ოჯახებისა და პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების მიერ სიმპტომების ცოდნა;
- ზუსტი და დროული კლინიკური შეფასება;
- სწრაფი მკურნალობის ხელმისაწვდომობა.
მკურნალობა
სწორი დიაგნოზი აუცილებელია დაავადების ტიპისა და მასშტაბის შესაბამისი თერაპიის დასადგენად. სტანდარტული თერაპიები მოიცავს ქიმიოთერაპიას, ქირურგიულ ჩარევას და / ან სხივურ თერაპიას.
პალიატიური მზრუნველობა
პალიატიური მზრუნველობა ამსუბუქებს კიბოთი გამოწვეულ სიმპტომებს და აუმჯობესებს პაციენტების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხს. კიბოთი დაავადებული ყველა ბავშვის განკურნება ვერ ხერხდება, მაგრამ ტანჯვის შემსუბუქება ყველასთვის შესაძლებელია.
წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია www.who.int