“დედამიცისს” ესაუბრება პედიატრი ეკა კუცია.
რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა ბავშვის ფსიქო–მოტორული განვითარების შესახებ ორი თვის ასაკისთვის, რა არის საგანგაშო ნიშნები ამ ასაკის ბავშვისთვის და როდის მივმართოთ პედიატრს?
ყველა ბავშვი ინდივიდუალური და განსხვავებულია, თუმცა არის ნორმალური განვითარების გარკვეული საერთო ნიშნები ყველა ბავშვისთვის:
2 თვის ასაკში:
მოძრაობა–მოტორიკა:
- თავის დაჭერა უფრო ხანგრძლივად; თავს ამოძრავებს მარჯვნივ და მარცხნივ ზურგზე წოლისას. თავს აყოლებს საგნებს, რასაც ხედავს და აინტერესებს. უფრო აინტერესებს კონტრასტული ფერები და ნაცნობი ადამიანების სახეები.
- აქტიურად ამოძრავებს ფეხებს და ხელებს, ფეხებით ველოსიპედის მოძრაობას აკეთებს. საგნებს ხელს უტყაპუნებს და ცდილობს მოეჭიდოს, თუმცა ჯერ ვერ კიდებს და ვერ იჭერს ხელში.
- მუცელზე წოლისას ცდილობს თავის აწევას რამდენიმე წამით და აბრუნებს ორივე მხარეს.
- ზურგზე წოლისას, როცა თქვენ უახლოვდებით ცდილობს მხრების და კისრის მოძრაობით თქვენკენ წამოიწიოს.
- ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში როცა გიჭირავთ ვერ უჭირავს თავი სტაბილურად. თუმცა უფრო სტაბილურია, ვიდრე 1 თვის წინ.
- გვერდზე წოლისას შეიძლება შემთხვევით გადატრიალდეს ზურგზე (დაეცეს ზურგზე, ამიტომაც ნუ გათამამდებით და უმეთვალყურეოდ ნუ დატოვებთ ნურც ერთ პოზიციაში, ამ ასაკში იმდენს მოძრაობს ბავშვი, რომ თავისუფლად შეიძლება გადაადგილდეს).
- აქვს უნებლიე მოძრაობები ჯერაც, რადგან, რა თქმა უნდა, ჯერ სრულად მომწიფებული არ არის და ყველაფერს ვერ აკონტროლებს.
ნატიფი მოძრაობა:
- თვალს აყოლებს მისგან 30 სმ-ით დაშორებულ მოძრავ საგანს.
- ხელები ისევ მუჭად აქვს შეკრული, ნელ-ნელა იწყებს გახსნას.
- აქტიურად ამოძრავებს ხელებს, მაგრამ ჯერ არ ეჭიდება საგნებს.
კომუნიკაცია და ემოცია:
- თავის ემოციას გამოსცემს სხვადასხვა ბგერებით და სხვადასხვა ტონალობის ტირილით.
- შეუძლია თავისით დამშვიდდეს მატყუარას ან ცერის წოვით.
- მას უფრო ართობს აქტივობები ადამიანებთან, ვიდრე სათამაშოები.
- აქვს საპასუხო ღიმილი.
- უყვარს და სიამოვნებს, როცა მასთან ხართ და ეთამაშებით, უმღერით ან უბრალოდ ესაუბრებით, უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
ინტელექტუალური განვითარება:
- იწყებს ღუღუნს.
- რეაგირებს იმაზე, რაც ესმის, რასაც ხედავს და რასაც ეხება.
- ამჩნევს, რომ სხვადასხვა მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია, მაგალითად დედა ნაზად ესაუბრება ხელში აყვანამდე.
- იწყებს ნაცნობი სახეების და ხმების გარჩევას/ცნობას.
როგორ დავეხმაროთ პატარებს ამ ასაკში ფსიქო–მოტორულ განვითარებაში?
- როცა ღვიძავს, დააწვინეთ მუცელზე, დარჩით მის გვერდით და მიეცით საშუალება თავისუფლად იმოძრაოს (რაც დაეხმარება ზურგის, კისრის, ხელ-ფეხის კუნთების განვითარებაში, საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში, გაზების და ბოყინის გაადვილებაში, მუცლის დისკომფორტის შემცირებაში).
- მუცელზე დაიწვინეთ მუცლით თქვენსკენ (ის გათვალიერებთ სხვა კუთხით და ასეთ დროს ავარჯიშებს კისრის კუნთებს).
- ხელზე ნაზი შეხებით შეეცადეთ გახსნათ მისი მუშტი, მისი გახსნილი ხელებით მოეფერეთ თქვენს სახეს (შეეხეთ თქვენს თვალებს, ცხვირს, პირს), ამით ხელს უწყობთ მისი ხელების პროგრესულად გახსნას და ავარჯიშებთ მის ნატიფ მოტორიკას.
- ამოძრავეთ საგანი ან თქვენი სახე მის წინ, ახლოს, ასე თქვენი პატარა ავარჯიშებს კოორდინაციას-მხედველობა-მოტორიკას (თვალს/თავს აყოლებს მოძრავ საგანს).
- თქვენი ცერა ან საჩვენებელი თითით შეეხეთ მის ხელისგულს, ის შეეცდება მოეჭიდოს.
- ეცადეთ გამოიცნოთ მისი არტიკულაციით მისი ემოცია და საჭიროება და შესაბამისად მოიქეცით (უპასუხეთ, რათა დააკმაყოფილოთ მისი საჭიროება), ამით ის უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს და დაკმაყოფილებულია და უფრო მეტად ეცდება თქვენთან კომუნიკაციას. უჩნდება მიჯაჭვულობის და სიმშვიდის განცდა, როდესაც თქვენს მას უგებთ.
- აჩვენეთ სხვადასხვა ემოცია მიმიკებით, თან ესაუბრეთ და აუხსენით თითოეული ემოცია, ის ეცდება გაიმეოროს.
- აუხსენით და ელაპარაკეთ, რაც შეიძლება მეტი. მაგ.”აი ეს ხმაური, რამაც შენ დაგაფრთხო, აგატირა არის ხმა, რომელსაც გამოსცემს დიდი მანქანა, რომელმაც სახლის წინ ჩაიარა, შენ უსაფრთხოდ ხარ.”
- გაახმოვანეთ და აკეთეთ ერთი და იგივე ჟესტები და რიტუალები ყოველდღე, ერთი და იმავე თანმიმდევრობით, ამით ის ისწავლის რის შემდეგ რა მოდის და იქნება მეტად მშვიდად და უსაფრთხოდ
- მოუყევით ამბები, ზღაპრები, უმღერეთ, გაახმოვანეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ. ელაპარაკეთ რაც შეიძლება მეტი.
- იყავით ფიზიკურად და გონებრივად მასთან, როცა მასთან ხართ (ანუ არ დაკავდეთ პარალელურად ტელევიზორის ყურებით ან თქვენი ტელეფონით), რეალური კონტაქტი, რეალური ღიმილი მხოლოდ მისკენ მიმართული, რეალური ყურადღება, ეს სჭირდება მას განვითარებისთვის.