17 წლის ბერმა, ანდრიამ, რომელიც სოლიდური სიმსივნით იყო დაავადებული, გარდაცვალების წინ მშობლებს დაუბარა, ეზრუნათ ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებზე. ბერის მშობლებმა, ემზარ მილორავამ და თინათინ ჩხვიმიანმა, შვილის თხოვნა შეასრულეს. ისინი დღეს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 47 ბავშვზე ზრუნავენ და მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრს აშენებენ.
მოგვიყევით, როგორი იყო მამა ანდრიას სიცოცხლის ბოლო წელი…
როდესაც მამა ანდრია, მაშინ ჯერ კიდევ ნუგზარ მილორავა, ავად გახდა, საავადმყოფოში დაგვაწვინეს, სადაც გაატარა მამაომ სიცოცხლის ბოლო წელი. იქ ყველაფერს გაუაზრებლად ვაკეთებდით. მამა ანდრია ცუდად იკვებებოდა, ონკოლოგიურ განყოფილებაში კი ბევრი ბავშვი იყო, მთელი განყოფილების ბავშვებისთვის ძალიან ბევრ და გემრიელ სადილებს ვაკეთებდი. ჩემთვის ბედნიერება იყო, სასადილოში დაცარიელებული ქვაბების ნახვა, ისე მიხაროდა, თითქოს ნუგზარიც ჭამდა. საავადმყოფოში ბავშვებს გვარებით მოიხსენიებდნენ და ბავშვებიც ასე ლაპარაკობდნენ ერთმანეთზე. დედებს სთხოვდნენ მილორავასთან გაგვიშვი სათამაშოდო, რადგან ნუგოს ბევრი სათამაშო ჰქონდა, უყვარდათ ჩვენთან სტუმრობა და გართობა. როდესაც ბერად აღკვეცეს, განყოფილების ბავშვები უკვე “მილორავას” აღარ ეძახდნენ, მშობლებს სთხოვდნენ მამა ანდრიასთან გაგვიშვიო, იცოდნენ, მამაოს ყოველთვის ჰქონდა მათთვის საჩუქრები. ხარობდა მამაო მათ გახარებულ სახეებს რომ უყურებდა.
როგორ გაჩნდა “ბერი ანდრიას ფონდის” შექმნის იდეა?
მამა ანდრია გარდაცვალებამდე თავად ზრუნავდა ამ ბავშვებზე. გარდაცვალების წინ, გვთხოვა არ დაგვეტოვებინა ეს ბავშვები უყურადღებოდ, გვეზრუნა მათზე. მამა ანდრიას გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელით სიკეთეს ვაკეთებდით, კვირაში ერთხელ მივდიოდით ონკოლოგიურში და ბავშვებისთვის საჩუქრები მიგვქონდა. ვიკრიბებოდით იმ ოთახში, რომელშიც მამა ანდრია ცხოვრობდა და შემდეგ , სამლოცველოდ გადაკეთდა. საავადმყოფოდან გაწერილ ბავშვებს ხელდამშვენებულები ვაკითხავდით სახლში, მიგვქონდა საჭირო წამლები, პროდუქტები, შეძლებისდაგვარად ვეხიდებოდით მათ მშობლებს. ბავშვებს ხშირად ვეკითხებოდით როგორ სახლში უნდოდათ ცხოვრება ქიმიოთერაპიის შემდეგ, სადაც რეაბილიტაციას გაივლიდნენ. ასე დაიბადა ფონდის შექმნის იდეა და ასე, გადავწყვიტეთ გვექირავა სახლი, სადაც ბავშვები შეძლებდნენ ეცხოვრათ ქიმიოთერაპიის შემდეგ. ვიქირავეთ სახლი და უკვე შვიდი წელია აქ ვართ. ათი წელია ვეხმარებით სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. 10 წლის მანძილზე ფონდმა იზრუნა 573 მეტ ბავშვზე. ამ ეტაპზე 47 ბავშვზე ვზრუნავთ და ამ ბავშვების რაოდენობა იცვლება… ეს სიცოცხლის მოყვარული ბავშვები ძალიან დიდ ძალას მაძლევენ, რომ ვიბრძოლოთ. მე ასე მგონია, ყველა ბავშვს უნდა ვუყურებდეთ ისე, რომ ის აუცილებლად გადარჩება და მორჩება, რადგან უფლის გარდა არავინ იცის, ვინ როგორ იქნება… მე მყოლია ბავშვები, რომლებზეც უთქვამთ, რომ ვერ გადარჩებოდნენ, მაგრამ ღვთის ნებით და წყალობით დღეს ისინი კარგად არიან. ყოველ მათგანში ჩემს ერთადერთ შვილს ვხედავ, ვიბრძვი მათთან ერთად, არ მინდა დავმარცხდე მათთვის ბრძოლაში.
კორონავირუსის პანდემიამ ხომ არ შეგიქმნათ პრობლემები? როგორ აგრძელებს ფონდი მუშაობას?
კორონავირუსის გამო ჩაკეტილები ვართ, სახლიდან არ გავდივართ, პატარა ეზო გვაქვს და ბავშვები იქ ერთობიან. ფინანსურად ჩვენ მთლიანად ქველმოქმედების იმედად ვართ და ჩარიცხული თითოეული ლარი, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ვაშენებეთ ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვებისთვის კავკასიაში პირველ სარეაბილიტაციო ცენტრს, როგორც ბავშვებმა დაარქვეს „ბედნიერ სახლს“, სადაც იჯარას აღარ გადავიხდით. ცენტრის შენობა უკვე ავაშენეთ, იმ კონდიციამდე მისაყვანად, იქ გადასვლა რომ შევძლოთ გვჭირდება 150000 ლარი, ეს თანხა არ გვაქვს, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, დონაციების მოსაპოვებლად დაგეგმილი ღონისძიებები ვერ ჩავატარეთ. სახლი არის ბავშვების საჭიროებების მიხედვით დაპროექტებული, ევროსტანდარტების გათვალისწინებით აშენებული. „ბედნიერ სახლში“ სოლიდური სენით დაავადებული ბავშვები იქნებიან სრულყოფილად უზრუნველყოფილი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ ბავშვებმა ბედნიერად იცხოვრონ „ბედნიერ სახლში“, სადაც იმაზეც ვიზრუნებთ, რომ ისინი საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ჩამოყალიბდნენ და მორჩენილებმა პრობლემების გარეშე განაგრძონ ცხოვრება.
რა ნიშნის მიხედვით არჩევს ფონდი ბენეფიციარებს?
ფონდის მზრუნველობის ქვეშ არიან სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები, უპირატესად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ოჯახებიდან, რომელთაც არათუ სასიცოცხლოდ საჭირო საკმაოდ ძვირადღირებული კვლევების, არამედ იმის შესაძლებლობაც კი არ აქვთ, რომ ქიმიოთერაპიის შემდეგ იმ აუცილებელი საკვებით გამოკვებონ ბავშვები, რაც სჭირდებათ.
ჩვენ არ გვყავს მუდმივი დონორები და შემომწირველები, რომ სტაბილურად ვიყოთ მატერიალურად უზრუნველყოფილები. ფონდს ძალიან დიდი ხარჯი აქვს, ბავშვების კვლევები, მედიკამენტები, კვება, ჰიგიენის საგნები, სახლის იჯარა, კომუნალურები. მე ვთხოვ ყველა ადამიანს, კომპანიას, ორგანიზაციას, რომ შეძლებისდაგვარად, მცირედით დაეხმარონ ფონდს ვისავ როგორ შეუძლია – თანხით თუ მათივე წარმოებული პროდუქციით.
საკონსერვო საწარმოებმა, საკონდიტროებმა, ხორცპროდუქტების და რძის პროდუქტების მწარმოებლებმა თავიანთი პროდუქცია მოგვაწოდონ. ადამიანებს ვისაც მეურნეობა აქვთ, მოჰყავთ ხილი, ბოსტნეული, აქვთ ფერმები შეუძლიათ თავიანთი პროდუქტით დაეხმარონ ბავშვებს.