Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალბედა მშობლებისთვის ხშირად რთულ გამოწვევად ითვლება დაეხმარონ შვილებს ახალი ჩვევის დასწავლა-ათვისებაში. ერთ-ერთი მათგანია სათამაშოების დამოუკიდებლად დალაგების უნარის გამომუშავება. ალბათ, ბევრ ოჯახში, სადაც ბავშვია, ხშირად ვხვდებით არაორგანიზებულ საბავშვო სათამაშო სივრცეებს და ხშირად სტუმრის მოსვლასთან ერთად გვემატება ღელვა იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ მოკლე დროში ყველაფრის მოწესრიგებას. თუ უფროსი მასწავლებლის დიანა მაკალათიას ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებთ, ეს პროცესი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდება.

დავიწყოთ იმით, რომ უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, ბევრი სათამაშოს ქონა ბავშვისთვის სასარგებლო რამეს სრულებითაც არ წარმოადგენს, პირიქით, შესაძლოა ბევრი უარყოფითი შედეგის მომტანი გახდეს და თუ რატომ – ამას მოკლედ აგიხსნით.

ყველამ ვიცით, რომ სათამაშო ბავშვის განვითარების პროცესში დიდ როლს თამაშობს, თუმცა  რა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტად ბევრი ნივთის ქონამ?

რა ხდება მაშინ, როცა თქვენს შვილს ბევრი სათამაშო აქვს?

  • მას უჭირს  სხვებისთვის გაზიარება – ბავშვები მესაკუთრეები არიან და რაც უფრო მეტი სათამაშო აქვთ, უფრო მეტად უნდათ ყველას დასაკუთრება, ამიტომ ხშირად კამათობენ იმაზე, თუ ვის რომელი შეხვდება. როცა არჩევანი ნაკლებია, მაშინ გაზიარება თავისთავად ხდება და თამაშიც იოლად არის შესაძლებელი.

 ბავშვებში ზედმეტად ბევრი სათამაშოს ქონა სტრესთან არის დაკავშირებული, ეს  კი მათ აცლის განტვირთვისა და დაცულობის შეგრძნებას, რაც საბოლოოდ იმით სრულდება, რომ მათ არ უნდათ საკუთარი სათამაშოების სხვებისთვის გაზიარება.

  • შფოთვის შეგრძნება იზრდება – ბავშვებში შფოთვას იწვევს ისიც, რომ სხვასთან გაზიარების პროცესში მათ ხშირად უწევთ დიდი რაოდენობის სათამაშოებიდან ერთის არჩევა, ეს არჩევანი და გადაწყვეტილების მიღების პროცესი კი მათთვის საკმაოდ  დამღლელია.
  • შემოქმედებითობის დონე იკლებს – ჯოშუა ბეკერი თავის წიგნში („Clutterfree with Kids“) „მშვიდად ბავშვებთან“ გვიყვება ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც გერმანიის რამდენიმე საბავშვო ბაღში ჩაატარეს: სამი თვის მანძილზე საკლასო ოთახებიდან გააქრეს ყველა ტიპის სათამაშო. შედეგად აი, რა მოხდა: ბავშვებმა მაშინვე ახალი თამაშების გამოგონება დაიწყეს, სადაც ჩართეს თავიანთი უსაზღვრო ფანტაზიები.
  • მზრუნველობის დონე მცირდება – როცა ბავშვები უსაზღვრო რაოდენობის საგნებს ფლობენ, მათ ნაკლებად შესწევთ უნარი დააფასონ ეს საგნები. იმას კი, რასაც არაფრად აგდებ, პატივისცემის ან ზრუნვის ღირსად არ თვლი. ბავშვები ვერასდროს დააფასებენ საგნებს, თუ ეცოდინებათ, რომ მათი ჩანაცვლება მარტივია და რომ ერთის გატეხის შემდეგ, მშობელი მას მეორეს აუცილებლად უყიდის.
  • პრობლემის გადაჭრის უნარი ქვეითდება – როცა ბავშვებს ბევრი სათამაშო აქვთ, მათ პრობლემის გადაჭრის უნარი უქვეითდებათ. შეგიძლიათ დააკვირდეთ: როცა ის ირჩევს ე. წ. კონსტრუქტორ  სათამაშოს და ვერ ახერხებს მის სწორად აწყობას, ის იმწუთშივე იწყებს მარტივი გამოსავლის პოვნას – სხვა სათამაშოს ძებნას. იმის ნაცვლად, რომ უფრო დიდი დრო დაეთმო იმ კონკრეტული სათამაშოს ასაწყობი მექანიზმის გარკვევაში.
  • ფიზიკური აქტივობა მცირდება – ბავშვები, რომლებიც გარეთ მეტ დროს ატარებენ არამხოლოდ ჯანმრთელები არიან, არამედ უფრო ბედნიერებიც, ფიზიკური აქტივობა ასევე ძილის პრობლემებსაც აგვარებს, ამიტომ სახლში უამრავ სათამაშოსთან დიდი დროის გატარებაზე სასარგებლო ბავშვების გარე აქტივობებით დაკავებაა.
  • თანატოლებთან კამათის სიხშირე მატულობს – ბავშვებს ხომ ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ნერვული სისტემა აქვთ და ამიტომ ბევრი სტიმულის ერთბაშად მიღება/გადამუშავება უჭირთ. ეს ფაქტი მათ აღგზნებულ მდგომარეობაში აგდებთ, რაც ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უნარს უქვეითებთ. შედეგად, ისინი ხშირად ჩხუბობენ თანატოლებთან.
  • ეზრდება უკმაყოფილების განცდა – ბავშვს უფრო მეტად უჩნდება დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, როცა უამრავი სათამაშო ახვევია გარს, რადგან ისინი როგორც კი იღებენ ახალ ნივთს, იმ წუთშივე უნდებათ მეორეც. პირად მაგალითსაც მოგიყვებით, შობას მეგობართან სტუმრად ვიყავი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, ამ დღესთან დაკავშირებით უამრავი საჩუქარი მოუვიდა, გოგონას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა  პირველი ყუთი გახსნა, თუმცა არ იცოდა, რომ კიდევ ელოდა უამრავი სიურპრიზი. დაიწყო სხვების გახსნაც და იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაფერს მისთვის სიხარული გამოეწვია, პირიქით – მოიწყინა, რადგან მიხვდა, რომ ბოლო ყუთს ხსნიდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ შეეცვალა განწყობა, როცა გააცნობიერა, რომ საჩუქრების გახსნის პროცესი დასრულდა, ამ მომენტმა ისე დაასევდიანა…  არც კი შეუხედავს ნაჩუქარ ნივთებზე.

ალბათ, ბევრჯერ გაღიზიანებულხართ მოუწესრიგებელ ოთახზე, სადაც უამრავი სათამაშო ყრია და საკუთარი თავისთვის დაგისვამთ შეკითხვა-„რატომ არის ჩემს სახლში ამდენი სათამაშო?“ დაიმახსოვრეთ, თქვენ ხართ მშობელი და თქვენ აწესებთ საზღვრებს.

  • შეწყვიტეთ ბავშვისთვის ყველა უახლესი/ტრენდული სათამაშოს შეძენა. გაესაუბრეთ თქვენს ნათესავებსაც იმის შესახებ, რომ მიიღეთ გადაწყვეტილება შეამციროთ სახლში სათამაშოების რაოდენობა, ამის შემდეგ ისინი სხვა ალტერნატიულ საჩუქრებს მოიფიქრებენ თქვენი ბავშვისთვის. მაგალითად, მშვენიერი ალტერნატივაა ისეთი საჩუქრები, რომლებიც გამოცდილების მომტანნი არიან: კინოს, ზოოპარკის ან გასართობი ცენტრების აბონემენტები.
  • სივრცითი ლიმიტაცია – შეამცირეთ ის სივრცე, რომელიც სათამაშოებისთვის გქონდათ განკუთვნილი. როცა ფიზიკური სივრცის ლიმიტაციას ვაკეთებთ, ჩვენ ვასწავლით ჩვენს შვილებს, რომ თუ ისინი ახალ სათამაშოს მიიღებენ, ძველს უნდა შეელიონ ანუ მოხდეს ჩანაცვლება. ამით ბავშვი წინდახედულად მოქმედებასაც ისწავლის.
  • შეამცირეთ სათამაშოების რაოდენობა – გააქრეთ ყველა ძველი სათამაშო, რომელსაც უკვე ნაკლებად იყენებს, მოიშორეთ ყველა „შემთხვევითი“, დაზიანებული, გატეხილი ან ორი იდენტური ნივთი. ახლა, დაიწყეთ დიდი ზომის სათამაშოების მოძიება, რომელიც დიდ სივრცეს იკავებს, თუ რეგულარულად არ ერთობა ამ ნივთებით, ისინიც შეინახეთ. დარჩენილი ნივთების მოწესრიგების პროცესში კი ჩართეთ თქვენი შვილი და დაელაპარაკეთ იმაზე, თუ რატომ გსურთ შეამციროთ მისი ნივთების რაოდენობა, ასევე დაიმახსოვრეთ, თუ რომელია მისთვის განსაკუთრებით საყვარელი სათამაშო. ამის შემდეგ, მიეცით საშუალება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ სათამაშოს დატოვებს და რომელს არა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ყველას დატოვება მოგთხოვოთ, ამიტომ სპეციფიკური არჩევანის წინაშე დააყენეთ. მაგალითად, აიღეთ 4 ან 5 სათამაშო და სთხოვეთ აქედან აირჩიოს 1 ან 2, ამით თქვენ მას ფიქრის უნარს განუვითარებთ და ასწავლით გადაწყვეტილების მიღებას.
  • გამოიმუშავეთ დალაგების რეგულარული დრო/რუტინა – იქონიეთ წიგნაკი ან კალენდარი, სადაც ჩაინიშნავთ დღეს, საათს, რომელიც სათამაშოების დალაგების პროცესს გულისხმობს. მაგ. მე გენერალურ დალაგებას ვიწყებ დღესასწაულების წინ, როცა ვიცი, რომ ბავშვს შეიძლება ახალი სათამაშოები მოუტანონ საჩუქრად. (მაგ, ახალ წელს, დაბადების დღეს.)
  • ფოკუსირდით პოზიტიურზე – დალაგების შემდეგ შეაქეთ ბავშვი და მისი თანდასწრებით აღნიშნეთ, თუ რა პოზიტიური შედეგი დადგა, როგორ გალამაზდა და გასუფთავდა მისი სათამაშო სივრცე. ასევე,  აღნიშნეთ რომ მისი მონდომების შედეგად დაგრჩათ დამატებით დრო და შეგიძლიათ ეს დრო მასთან ერთად განსაკუთრებულად გაატაროთ. შექმენით სასიამოვნო გამოცდილება მისთვის. წაიყვანეთ ნაყინის საჭმელად, სასეირნოდ და ა.შ.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5