როგორ დავიცვათ ბავშვების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა ახალი კორონავირუსის პირობებში? – ინტერვიუ ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვთან
ძირითად საპრევენციო ღონისძიებად ახალი კორონავირუსის პირობებში კვლავ ჰიგიენის დაცვა რჩება. გვესაუბრეთ რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს ინფექციებთან ბრძოლის დროს?
ახალი კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი ვირუსია და წვეთებით ვრცელდება, ცემინებისა და ხველის შედეგად, ამიტომ ეს წვეთები ზედაპირებზე ძალიან დიდი ხანი რჩება და თუ მზის პირდაპირი სხივი არ ეცემა, შვიდი-რვა დღე ცოცხლობს. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ სივრცეებში, სამსახურებში ვეცადოთ ნაკლებად შევეხოთ ზედაპრებს, მაგალითად: იდაყვით ჩავაქროთ შუქი ოთახში, ან იდაყვით ჩამოვწიოთ კარის სახელური, რადგან ნებისმიერი სახელური შესაძლებელია იყოს ვირუსის გადამტანი. ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ სივრცეებზე, მაგრამ ამ ელემენტარულ ჩვევებს საერთო ჯამში, ძალიან დიდი სიკეთის მოტანა შეუძლიათ, რადგან ჰიგიენას აქვს ძალიან დიდი და პრინციპული მნიშვნელობა ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლის დროს.
ძირითადი საპრევენციო ზომები, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის:
- ხელების ჰიგიენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხშირად დაიბანეთ ხელები და დაბანეთ ბავშვებს ხელები ოცი წამის განმავლობაში.
- მოერიდეთ და მოარიდეთ ბავშვები უცხოეთში ნამოგზაურებ ადამიანებს, განსაკუთრებით რისკ ჯგუფის ქვეყნებიდან.
- მოერიდეთ საჯარო სივრცეებს, სადაც დიდია დაინფიცირების რისკი.
- გაციების და ავადმყოფობის შემთხვევაში დარჩით სახლში.
- შეზღუდეთ ცხოველებთან კონტაქტი.
როგორ გავძლიერდეთ და როგორ გავაძლიეროთ ჩვენი შვილების იმუნური სისტემა ამ ვითარებაში?
ამ დროს და არა მარტო ამ დროს, ჩვენ – ყველას და განსაკუთრებით ბავშვებს, იმუნური სისტემის გაძლიერება სჭირდება. მშობლებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ამის მიღწევა პრეპარატით შეუძლებელია. ბევრი წამალი არსებობს მსოფლიოში, რომელიც იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლზე მოქმედებს, მაგრამ უნივერსალური იმუნური სისტემის გამაჯანსაღებელი მედიკამენტი, რომელსაც დავლევთ და არასოდეს ავად არ გავხდებით, ასეთი პანაცეა მედიცინას არ აქვს. იმუნური სისტემის გაჯანსაღება განსაკუთრებით ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დგას რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
პირველ რიგში ეს არის: ბავშვის ფიზიკური განვითარების უზრუნველყოფა.
ბავშვის სწორ განვითარებაში ფიზიკურ განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფიზიკური აქტივობა ბავშვს არამარტო ფიზიკურად აჯანსაღებს, ის მოქმედებს ძვლის სისტემაზე, კუნთოვან სისტემაზე, ფსიქო-სოციალურ ფაქტორზე და მერე ყველა ერთად იმუნურ სისტემაზე.
მშობლებმა შვილები ღია სივრცეებში, პარკებში, ბაღებში დიდ ხანს უნდა ასეირნონ. ასეთი სივრცეები გვაძლევს ერთი-ორი მეტრი დისტანციის საშუალებას და ასეთ დროს ვირუსი არ არის ისე საშიში, ამიტომაც ბავშვების სეირნობას რეგულარული ხასიათი უნდა მივცეთ.
როგორ ვიზრუნოთ ბავშვების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში და რას ურჩევდით მშობლებს?
ახლა, ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში, ყველა – დიდი თუ პატარა დასტრესილია შიშის გამო. ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა ეს ინფექცია. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვების ორგანიზმი ამ ვირუსისადმი არის რეზისტენტული, მაგრამ არსებული განწყობები ბავშვებზეც აისახება და ისინიც თავისებურად განიცდიან ამ სიტუაციას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირდაპირ მოუწოდებს მშობლებს, რაც შეიძლება მეტი დრო გამოჰყონ შვილებისთვის და მეტი იურთიერთონ საკუთარ შვილებთან. დადგენილია, რომ ბედნიერი ბავშვი არის ნაკლებად მოავადე, ამიტომ ბავშვებს რაც შეიძლება მეტი ბედნიერება უნდა მივანიჭოთ, რომ მათი იმუნური სისტემა იყოს უფრო ძლიერი და ყოჩაღი. ამისთვის კი მშობლებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ შვილებს, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება მათი იმუნური სისტემის მზადყოფნა.