პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მენტალ ჰაბის” კლინიკური ფსიქოლოგი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი ელენე ბაჩიაშვილი.
ელენე, გვესაუბრეთ, რა გავლენას ახდენს ორ ან მეტ ენაზე საუბარი და აზროვნება ბავშვის განვითარებაზე და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს, რომელთა საკომუნიკაციო გარემოში ერთზე მეტი ენა ისმის?
თანამედროვე კვლევების მიხედვით ჩამოყალიბდა ხედვა, რომ ორ ან მეტ ენაზე საუბარი და აზროვნება დადებით გავლენას ახდენს თავის ტვინზე, კერძოდ, უმჯობესდება აღმასრულებელი ფუნქციის – დაგეგმვის, ორგანიზების, პრობლემის გადაჭრის უნარები, ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნება, ინფორმაციის შენახვა და მისი შესაბამისი გამოყენება მრავალფეროვანი ამოცანების შესრულებისას.
ენის ათვისება გულისხმობს, რომ ბავშვებს არა მხოლოდ ესმოდეთ ენა, არამედ ჰქონდეთ საკომუნიკაციო გარემოში პრაქტიკის გამოცდილება. რაც უფრო მეტი ინტერაქციის შესაძლებლობა აქვს ბავშვს, მით უფრო ფართოა ენის ანალიზისა და დასწავლის არეალი, მდიდარია ლექსიკა და სინტაქსური უნარები.
მშობლები და მზრუნველები, რომლებიც აქტიურად წამოიწყებენ საუბრებს, სვამენ კითხვებს, ავრცობენ და ამრავალფეროვნებენ შვილის მიერ წამოწყებულ საუბრებს, ყველაზე უკეთ ეხმარებიან მათ ენის ათვისებაში.
მუცლადყოფნის პერიოდში და ახალშობილ ჩვილებს აქვთ უნარი აღიქვან და დაიმახსოვრონ სამეტყველო ბგერები ნებისმიერ ენაზე. ისინი აღიქვამენ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ბგერის სიმაღლე, რიტმი. რეალურად ადამიანის ტვინი განწყობილია, რომ აითვისოს ნებისმიერი ენა, თუმცა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კონკრეტული ენობრივი გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება.
განასხვავებენ ბილინგვიზმის ორ ტიპს. როდესაც ბავშვის დედა ინგლისურენოვანია, ხოლო მამა ესპანურენოვანი, ბავშვი დადის ინგლისურ ბაღში და ამის პარალელურად სხვა სივრცეში (მაღაზია, გასართობი პარკი) ესმის ესპანური, ამ შემთხვევაში ბავშვი პარალელურად, სიმულტანურად (ერთდროულად) დაისწავლის ორივე ენას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდება 3 წლამდე პერიოდში, რომელიც ენის ათვისების სენსიტიურ პერიოდად ხასიათდება. ბავშვს უწევს შეამჩნიოს, აღიქვას, ისწავლოს და სხვადასხვა ენის მახასიათებლები ერთდროულად და მათი დისკრიმინაცია შეძლოს. აღსანიშნავია, რომ თანაბრად ორივე ენის ათვისება, ძირითადად, არ ხდება. ენა, რომელიც დომინანტურია ბავშვის ბუნებრივ გარემოში, უკეთ არის ათვისებული. თუ ბავშვი ახერხებს მინიმალურ დონეზე საკუთარი სურვილების, საჭიროებების გამოხატვას და შეუძლია მარტივი დიალოგის წარმოება მეორე ენაზე, ეს უკვე ბილინგვიზმის შემთხვევად განიხილება.
ბილინგვიზმის მეორე ტიპია, როდესაც ბავშვი მეორე ენის ათვისებას იწყებს მას შემდეგ, რაც პირველი ენა უკვე ჩამოყალიბებულია როგორც მშობლიური. მაგალითად, ბავშვი იზრდება ქართულენოვან ოჯახში, სადაც ოჯახის ყველა წევრი საუბრობს ქართულად, თუმცა ცხოვრობს გერმანიაში, სადაც ყველა გერმანულად საუბრობს და 3 წლიდან დადის ბაღში, სადაც ყველა გერმანულად საუბრობს. ბავშვი უკეთ შეძლებს გერმანული ენის დაუფლებას, თუ პირველადი, მშობლიური ენა კარგად აქვს ათვისებული, ანუ ამ ენაზე საუბრობს, აზიარებს თავის აზრებს, ესმის ასაკის შესაბამისი ინფორმაცია და ა.შ.
ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ ენის ათვისება ბუნებრივ გარემოში, ძალდაუტანებლად და საგაკვეთილო რეჟიმის გარეშე უნდა მოხდეს. ამისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი ენობრივი გარემო, ზღაპრების და ამბების მოყოლა, სიმღერა, ბავშვთან მუდმივი კომუნიკაცია, მისი მოსმენა, მისი ინტერესების მიყოლა და გათვალისწინება, ასაკობრივი განვითარების შესაბამისი თამაშების დაგეგმვა და განხორციელება. გასათვალისწინებელია ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები: მისი ათვისების ტემპი, ტემპერამენტი, ინტერესი ენების ათვისების მიმართ და ა.შ.
მნიშვნელოვანია მშობლებს ახსოვდეთ, რომ ენისა და მეტყველების განვითარება ხანგრძლივი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი ორ ენას ეუფლება. გარკვეულ ასაკში შესაძლებელია გაჩნდეს გრამატიკული სტრუქტურების ჩამოყალიბების სირთულე, მაგალითად ბავშვს ორი ენის სიტყვები ერთმანეთში აერიოს, თუმცა ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის ენას ეუფლება და შეუძლია ორი ენის დისკრიმინაცია.
მშობლები ხშირად ინტერესდებიან უნდა ატარონ თუ არა ბავშვი ბაღში, სადაც უცხო ენას ასწავლიან, უნდა ჰყავდეთ თუ არა საათობრივი ძიძა, რომელიც უცხო ენაზე საუბრობს, ან თავად მშობლებიდან რომელიმე ესაუბროს თუ არა რომელიმე კონკრეტულ ენაზე. ყველა შემთხვევაში აუცილებელია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. ენა კომპლექსური მექანიზმია და უცხო ენაზე დაზეპირებული ლექსების და სიმღერების ან ხელოვნურად დაგეგმილი დიალოგების ფონზე მისი ათვისება არ ხდება. ბავშვისთვის აუცილებელია სივრცე, სადაც მისი კომუნიკაციური პარტნიორი საუბრობს მისთვის ბუნებრივ ენაზე, არაშეზღუდული ენობრივი რესურსით. უმჯობესია ბავშვი ითვისებდეს ენას ისეთ ბუნებრივ გარემოში, სადაც მნიშვნელოვანია სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური, შემოქმედებითი და შემეცნებითი უნარების განვითარება; სადაც ბავშვს ეთამაშება უფროსი, ესაუბრება, უმღერის, უკითხავს წიგნს, აცნობს ბავშვს ენის კულტურულ ნაწილს და ეხმარება მას როგორც მშობლიური, ასევე მეორე ენის დაუფლებაში.