Baby Led Weaning მეთოდით კვებაზე გვიყვება ანა სირბილაძე.
რა არის BLW მეთოდით კვება?
Baby Led Weaning (BLW, სამწუხაროდ, პირდაპირი თარგმანი არ გვაქვს) არის ბავშვის კვების მეთოდი, რომელიც გულისხმობს, რომ ბავშვი თავიდანვე თვითკვებით იწყებს მყარი საკვების მიღებას. მეთოდი პოპულარული გახადა ინგლისელმა მედდამ ჯილ რიპლიმ, რომელმაც შესთავაზა მშობლებს მყარი კვების ტრადიციული გაცნობის ალტერნატივა, სადაც ქილის, საბავშვო საჭმელი მთლიანად გამოტოვებულია. კვების ეს მეთოდი უფრო მეტად პოპულარულია იმ მშობლებში, ვინც მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს “უჭმელი” ბავშვი მომავალში, ასევე მშობლებში, ვინც მონტესორის აღზრდის მეთოდს მისდევს, რაც ბავშვის სრულ დამოუკიდებლობას ითვალისწინებს.
BLW მეთოდი მოიცავს იდეას, რომ ყველა ბავშვი დამოუკიდებელია, მშობელი ელოდება მზაობის ყველა ნიშანს, სანამ მყარი საკვების შეთავაზებას დაიწყებს, ბავშვი ჯდება საოჯახო მაგიდასთან, საკუთარი ხელით იღებს საჭმელს და თავად იკვებება. მას ენდობიან, რომ შეჭამს იმ რაოდენობას, ცოტას თუ ბევრს, რაც მას სჭირდება. ამ მეთოდით მყარი კვების გაცნობის შემდეგ, ბავშვები ჩვეულებრივ აგრძელებენ ძუძუთი ან ბოთლით კვებას.
ჯერჯერობით ბევრი კვლევა არ არსებობს ამ მეთოდის შესახებ, თუმცა მონაცემები ნელ-ნელა გროვდება, რომელიც გვანახებს რომ BLW მეთოდის გამოყენებისას ბავშვები გაცილებით ნაკლებად არიან “პრეტენზიული მჭამელები” (picky eaters).
რა უპირატესობები აქვს BLW მეთოდით კვებას?
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ BLW მეთოდით კვება ყველა ბავშვსა და ოჯახს შეიძლება არ ერგებოდეს. ზოგიერთი ოჯახისა და ბავშვისთვის საუკეთესო არჩევანი შეიძლება „ტრადიციული“ კვება იყოს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ BLW მეთოდის უპირატესობებს ორი კვების სპეციალისტის პროფესიული პოზიციიდან:
- BLW ხელს უწყობს ჭამას, როგორც ოჯახურ აქტივობას, ვინაიდან ბავშვს შეუძლია თვითკვება და საოჯახო სუფრიდან საჭმლის მიღება, მისი ოჯახის კვების პროცესში ჩართვა ადვილია, ის ჭამს მაშინ, როცა უფროსებიც ჭამენ;
- თვითკვება ხელს უწყობს ბავშვის განვითარების შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. 6 თვის ასაკისთვის თქვენი ბავშვი უკვე ვარჯიშობდა სხვადასხვა საგნისა და სათამაშოს ხელში აღებასა და პირში ჩადებაში, ახლა მას შეუძლია ეს პრინციპი საჭმელზეც მოსინჯოს. ის ხედავს, როგორ ჭამენ უფროსები და ახლა უკვე შეუძლია თავადაც სცადოს;
- ამ მეთოდზე ხელმისაწვდომი კვლევების მიხედვით, BLW მეთოდით კვება ისეთივე უსაფრთხოა, როგორც „ტრადიციული“ მეთოდი (როცა ბავშვს უსაფრთხოდ დაჭრილ და მომზადებულ საჭმელს ვთავაზობთ). ამავე კვლევების მიხედვით, BLW მეთოდი გვეხმარება ე.წ. ბაშვის უჭმელობის პრობლემის გადაჭრაშიც;
- BLW ასწავლის თქვენს ბავშვს, ჭამოს იმ რაოდენობით საჭმელი, რაც მის ორგანიზმს სჭირდება, რაც თავიდან აგაცილებთ ზედმეტის ჭამას. ბავშვი აკონტროლებს საჭმლის რაოდენობას და სწავლობს, მოუსმინოს თავისი შიმშილისა და სიმაძღრის ნიშნებს, რომელიც მას უკვე ჩამოუყალიბდა ძუძუთი ან/და ბოთლით კვებისას. მშობლები კი, თავის მხრივ, აგრძელებენ, ენდონ ბავშვის შესაძლებლობებს, თავად აკონტროლოს საჭმლის მიღების პროცესი;
- თვითკვება ბავშვს სთავაზობს სენსორულად მდიდარ გამოცდილებას, რომელიც უზრუნველყოფს არეულ, ქაოტურ თამაშს საჭმლით, რაც იმაშიც ეხმარება ბავშვს, რომ შეეჩვიოს სხვადასხვა ტექსტურის შეხებას ხელებით;
- BLW ეხმარება ბავშვს, მიიღოს საკმაო რაოდენობის დედის რძე/ფორმულა, პარალელურად კი იექსპერიმენტოს საჭმლით და დახვეწოს ჭამის უნარ-ჩვევა. ამ მეთოდით მყარი საკვების მიღება ხდება ნელ-ნელა, საკმაოდ ნელი პროცესით, რაც საშუალებას აძლევს ბავშვის საჭმლის მომნელებელ სისტემას, ნელ-ნელა და თანდათან შეეგუოს მყარ საკვებს;
რატომ არის თვითკვება მნიშვნელოვანი, მიუხედავად კვების მეთოდისა?
აღსანიშნავია, რომ გვახსოვდეს თვითკვების მნიშვნელობა მიუხედავად კვების მეთოდისა, თუ თქვენ პიურეებითა და ქილის საკვებით გააცანით ბავშვს მყარი საკვები, აუცილებელია ბავშვი მაინც მიაჩვიოთ თვითკვებას, რათა მან ადვილად მიაღწიოს კვების განვითარების ეტაპებს.
კვების მხრივ, სასურველია, რომ ბავშვი ჰქონდეს შემდეგი უნარები:
0-3 თვე:
- წოვს თითს და ნივთებს, როცა ისინი მის პირთან ახლოს არის;
- კვებისას კიდებს ხელებს ბოთლს;
- აქვს ჩვილის რეფლექსები (გულისრევის, წოვის და ყლაპვის).
4-6 თვე:
- აღებს პირს, თუ კოვზით სთავაზობთ საჭმელს;
- იყენებს მთლიან ხელს, რათა აიღოს საჭმელი ან ნივთები;
- უჭირავს სათამაშოები, სხვადასხვა ნივთები, კოვზები და იდებს პირში მათი გამოკვლევის მიზნით;
- იხრება კოვზისკენ, თუ სთავაზობთ საკვებს.
7-9 თვე:
- უჭირავს ბოთლი დამოუკიდებლად;
- შეუძლია ღია ჭიქიდან წყლის დალევა, თქვენი დახმარებით;
- აქვს ნივთების ხელში აღების პინცეტისებური უნარი, რაც გამოიხატება ორი თითით რბილი, მყარი საკვების აღებასა და თვითკვებაში;
- შეუძლია ენის მოძრაობა, ისე რომ საჭმელი გადაიტანოს ენის ცენტრიდან გვერდით და პირიქით;
- იწყებს ღეჭვის უნარის განვითარებას;
9-12 თვე:
- მიაქვს კოვზი და ჭიქა პირამდე, დამოუკიდებლად;
- იყენებს კონტროლირებად მოკბეჩის უნარს და შეუძლია რბილი, მყარი საკვების პატარ-პატარა ნაკბეჩებით ჭამა;
- იწყებს საწრუპიანი ჭიქიდან დალევას;
როგორ ვამზადებთ საკვებს?
BLW მეთოდით კვებისას ბავშვებს ვთავაზობთ ხელში დასაჭერ საკვებს, რომელიც არის სწორად დაჭრილი და მომზადებული. დაჭრის წესი გულისხმობს, რომ ყველა საკვები დაჭრილია მშობლის თითის სიგრძე-სიგანეზე. ასე ბავშვი ადვილად მოახერხებს საკვების აღებას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბოსტნეული აუცილებლად უნდა მომზადდეს ისე, რომ იყოს რბილი, ჩანგლით შეიძლებოდეს მისი დაჭყლეტვა. მომზადების საუკეთესო გზაა ორთქლზე მომზადება. ასევე აუცილებელია გვახსოვდეს, რომელი საკვები ზრდის გადაცდენის რისკს, მაგალითად უმი ბოსტნეული, მყარი ხილი, არასწორად დაჭრილი საკვები. ასევე აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მიუხედავად მყარი საკვების გაცნობის მეთოდისა, ბავშვებს არ უნდა მივცეთ მთლიანი თხილეული, პოპკორნი 4-5 წლამდე.
იზრდება თუ არა გადაცდენის რისკი BLW მეთოდით კვებისას?
ამ საკითხზე დარწმუნებით შეგვიძლია ვისაუბროთ. არსებობს რამდენიმე, საკმაოდ ფართო კვლევა, რომელიც გვაჩვენებს რომ კოვზით კვებასთან შედარებით ამ მეთოდით მყარი საკვების შეთავაზება არ ზრდის გადაცდენის რისკს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ გადაცდენა შეიძლება მოხდეს ნებისმიერი საკვების მიღებისას, ამიტომ აუცილებელია მშობელმა იცოდეს, როგორ მოიქცეს. სასურველია პირველადი დახმარების კურსის გავლა, თუ პანდემიის პირობებში ეს შეუძლებელია, მაშინ სახლში ვიდეოების ნახვა.
როგორ განვასხვაოთ გადაცდენა გულისრევის რეფლექსისგან?
ბავშვებს, ისევე როგორც უფროსებს, აქვთ გულისრევის რეფლექსი, რომელიც პატარაობაში შედარებით წინ არის პირის ღრუში. გულისრევის რეფლექსი დამცავი სისტემაა, თუ ბავშვმა დიდი ლუკმა მოკბიჩა ან ცდილობს გადაყლაპოს საჭმელი და არ გამოსდის, გულისრევის რეფლექსით ის დაცულია გადაცდენისგან, აქ იგულისხმება ის უსაფრთხოდ მომზადებული საჭმელი, რაზეც მაღლა ვისაუბრეთ.
გულისრევის რეფლექსისას ბავშვი ცდილობს ამოახველოს, ისმის ხველების ხმა, ბავშვი სახეზე წითლდება და თავლები უცრემლიანდება. საშიშად ნამდვილად ჟღერს, მაგრამ ამ დროს უნდა ენდოთ ბავშვს და ის აუცილებლად მოახერხებს საჭმლის ამოღებას, ასევე ნორმალურია თუ გულისრევის რეფლექსს მცირე გულისრევა მოჰყვება.
გადაცდენა გულისრევისგან განსხვავებით, საშიშია და საჭიროებს პირველად დახმარებას. გადაცდენის დროს ბავშვი ჩუმადაა, არ ისმის ხველების ხმა, ბავშვის ტუჩებს და/ან სახეს ლურჯი ფერი გადაჰკრავს, ამ დროს აუცილებელია დროული დახმარება.
გულისრევის რეფლექსი ძალიან ხშირია, განსაკუთრებით მყარი კვების დაწყებისას. გადაცდენა არის ძალიან იშვიათი და მისი შიშის გამო ბავშვს არ უნდა დავუგვიანოთ ხელში ასაღები საჭმლის შეთავაზება.
გამოყენებული წყაროები:
www.solidstarts.com
https://www.feedinglittles.com
https://www.fortifiedfam.com/babyled-weaning-about