Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მნიშვნელოვანია, რომ ჩვილი მიაჩვიოთ ბოთლით კვებას, იმის მიუხედავად, რომელი ტიპის კვებას ირჩევთ მისთვის.  თუ ბავშვი მხოლოდ ძუძუთი კვებაზეა, შესაძლებელია ზოგჯერ შეგექმნათ ისეთი შემთხვევა, როცა მასთან ახლოს არ ხართ და აუცილებელი გახდეს ბოთლიდან მიიღოს დედის რძე ან ხელოვნური ნარევი. თუ შერეულ კვებას ან  ექსკლუზიურად ფორმულას აირჩევთ, მით უმეტეს, მოგიწევთ ბავშვისთვის ბოთლის შეთავაზება.

როდის უნდა შესთავაზოთ ჩვილს ბოთლი?

თუ ბავშვს მხოლოდ ბოთლით კვებავთ, ცხადია, დაბადებისთანავე უნდა დაიწყოთ. თუმცა, ძუძუთი კვების დროს რეკომენდებულია დაელოდოთ დაახლოებით სამი კვირა, რადგან ბოთლის ადრეულმა შეთავაზებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს წარმატებულ ძუძუთი კვებას. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ თუ უფრო გვიან შესთავაზებთ ბოთლს, შესაძლოა ბავშვი მას ვეღარ მიეჩვიოს.

როგორ შევთავაზოთ ჩვილს ბოთლი?

ზოგიერთი ჩვილი ბოთლიდან წოვას თავიდანვე კარგად ახერხებს, ზოგს კი ამის სწავლა სჭირდება. ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ ბავშვი შეაჩვიოთ ბოთლით კვებას.

ბოთლის მომზადება

ხელოვნური ნარევის მოსამზადებლად წაიკითხეთ მის ყუთზე დატანილი მომზადების ინსტრუქციები და ყურადღებით მიჰყევით მათ. სხვადასხვა ფორმულას შეიძლება დასჭირდეს ფხვნილის ან თხევადი კონცენტრატის სხვადასხვა თანაფარდობა წყალთან, თუ არ იყენებთ მზა ფორმულას.

ბოთლის გასათბობად, ის რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუშვირეთ თბილ გამდინარე წყალს, ან ჩადეთ თბილი წყლით სავსე თასში ან გამოიყენეთ ბოთლის გამათბობელი. არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი, რადგან მას შეუძლია შექმნას არათანაბრად ცხელი წერტილები, რამაც შეიძლება პირი დასწვას პატარას.

ოთახის ტემპერატურაზე შენახული დედის რძე არ საჭიროებს გაცხელებას. მაგრამ მაცივრიდან გამოტანის ან საყინულიდან გალღობის შემდეგ  შეგიძლიათ გაათბოთ ის ისევე, როგორც ფორმულის ბოთლი.

ბოთლის შემოწმება

სანამ კვებას დაიწყებთ, კარგად შეანჯღრიეთ ფორმულით სავსე ბოთლი და ნაზად მოურიეთ დედის რძით სავსე ბოთლს, შემდეგ შეამოწმეთ ტემპერატურა – რამდენიმე წვეთი მაჯის შიდა მხარეს დაიწვეთეთ. თუ  თბილია, შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს ბოთლი.

ბოთლით კვებისთვის კომფორტული პოზის შერჩევა

მოკალათდით მოხერხებულად, გვერდით დაიდეთ ბალიში, რათა მკლავი არ დაგეღალოთ.   დაიჭირეთ ბავშვის თავი 45 გრადუსიანი დახრით ისე, რომ მისი თავი და კისერი იყოს ერთ სიბრტყეზე.

როდესაც ბავშვს აჭმევთ, ბოთლი დახრილი უნდა იყოს. ამ დროს რძე ნელა მოედინება და ბავშვი მეტად აკონტროლებს წოვის პროცესს, რაც დაიცავს მას გადაცდენისგან და ასევე ზედმეტი ჰაერის ჩაყლაპვას უშლის ხელს.

როდესაც ბავშვი ბოთლის ნახევარს გამოცლის, დაიჭირეთ მეორე ხელში, ეს მას შეუცვლის ხედვის არეალს და თქვენს მკლავს დაასვენებს.

პრობლემები, რომლებსაც შეიძლება გადააწყდეთ ბოთლით კვების დროს

თუ თქვენი პატარა იკლაკნება და ტირის ბოთლით კვების დროს, შესაძლებელია მას გაზები აწუხებდეს და ამოქარვება სჭირდებოდეს.

თუ მოგეჩვენათ, რომ პატარამ დაიძინა კვების დროს, ჯერ შეამოწმეთ, ნამდვილად სძინავს თუ წოვით კმაყოფილი გაინაბა. თუ მას მართლაც ჩაეძინა, სცადეთ მისი გაღვიძება (გააშიშვლეთ, დაელაპარაკეთ, შეუცვალეთ მხარი ან გამოუცვალეთ საფენი).

თუ ბავშვი ხშირად იძინებს ისე, რომ კვებას არ ასრულებს, შეუცვალეთ კვების განრიგი.

თუ პატარას ცხვირი აქვს გაჭედილი და ამის გამო ვერ წოვს, ჰკითხეთ ექიმს ფიზიოლოგიური წვეთების ხმარების წესები და გამოიყენეთ ოთახის დამატენიანებელი. განაგრძეთ ბოთლის შეთავაზება. სავარაუდოდ, ის გამოტოვებს მხოლოდ ერთ-ორ კვებას და აინაზღაურებს დაკარგულ კალორიებს, როგორც კი თავს უკეთ იგრძნობს.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5