ბრონქიოლიტი არის ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში გავრცელებული ფილტვის ინფექცია. ის იწვევს ანთებას და შეშუპებას ფილტვის მცირე სასუნთქ გზებში (ბრონქიოლებში) და თითქმის ყოველთვის გამოწვეულია ვირუსით. როგორც წესი, ბრონქიოლიტის პიკის დრო ზამთრის თვეებშია.
ბრონქიოლიტი იწყება გაციების მსგავსი სიმპტომებით, მაგრამ შემდეგ პროგრესირებს ხველებამდე, ხიხინამდე და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებამდე. მისი სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან კვირამდე. ბავშვების უმეტესობა გამოჯანმრთელდება სახლში მკურნალობის შემდეგ, მცირე ნაწილი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
ბრონქიოლიტის სიმპტომები:
პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ბრონქიოლიტის ნიშნები და სიმპტომები გაციების მსგავსია:
- სურდო;
- გაჭედილი ცხვირი;
- ხველა;
- უმნიშვნელო ცხელება (ყოველთვის არ ახლავს თან).
ამის შემდეგ შეიძლება ერთი კვირა ან მეტი ბავშვს ჰქონდეს სუნთქვის გაძნელება ან ხმაურიანი სუნთქვა.
ბევრ ჩვილს ასევე აქვს ყურის ინფექცია (შუა ყურის ოტიტი).
აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ
- ბავშვს აქვს ხმაურიანი სუნთქვა;
- სუნთქვის სიხშირე წუთში 60-ზე მეტია ან გაიშვიათებულია;
- ამჩნევთ რეტრაქციებს(კანისა და კუნთების ჩადრეკა ნეკნთაშუა არეებსა და კისრის მიდამოში);
- ბავშვი მოდუნებულია და ძილს თავს ვერ ართმევს;
- სითხის და საჭმლის მიღებაზე უარის თქმა;
- კანის გალურჯება, განსაკუთრებით ტუჩების და ფრჩხილების.
ბრონქიოლიტის გამომწვევი მიზეზები:
ბრონქიოლიტის შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით (RSV). RSV არის გავრცელებული ვირუსი, რომელიც აინფიცირებს თითქმის ყველა ბავშვს 2 წლამდე ასაკში. ის ვრცელდება ყოველ ზამთარს და შესაძლებელია ხელახლა დაინფიცირება, რადგან წინა ინფექცია არ ტოვებს ხანგრძლივ იმუნიტეტს. ბრონქიოლიტი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ვირუსებით, მათ შორის გრიპით ან გაციებით.
ბრონქიოლიტი ხდება მაშინ, როდესაც ვირუსი აინფიცირებს ბრონქიოლებს, ყველაზე პატარა სასუნთქ გზებს ფილტვებში. ინფექცია იწვევს ბრონქიოლების შეშუპებას და ანთებას. ლორწო გროვდება მათში, რაც ართულებს ჰაერის თავისუფალ მიმოსვლას ფილტვებში.
ბრონქიოლიტი ჩვეულებრივ გავრცელებულია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. 3 თვემდე ჩვილები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათი ფილტვები და იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განვითარებული.
სხვა ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვილებში ბრონქიოლიტის გაზრდილ რისკთან:
- დღენაკლულობა;
- გულის ან ფილტვის დაავადებები;
- იმუნოდეფიციტი;
- პასიური მწეველობა;
- დედის რძის არმიღება (ძუძუთი კვების დროს ჩვილები დედისგან იღებენ იმუნურ სარგებელს);
- კონტაქტი ბევრ ბავშვთან, მაგალითად, ბაღში;
- დროის გატარება ხალხმრავალ გარემოში;
- და-ძმების ყოლა, რომლებიც დადიან სკოლაში ან ბაღში და სახლში მოაქვთ ინფექცია.
ბრონქიოლიტის გართულებები:
- ცისფერი ტუჩები ან კანი (ციანოზი), გამოწვეული ჟანგბადის ნაკლებობით.
- სუნთქვაში პაუზები (აპნოე), რაც ყველაზე ხშირად გვხვდება დღენაკლულ ან 2 თვემდე ბავშვებში.
- გაუწყლოვნება.
- ჟანგბადის დაბალი დონე (დაბალი სატურაცია) და სუნთქვის უკმარისობა.
ბრონქიოლიტის პრევენცია
იმის გამო, რომ ბრონქიოლიტის გამომწვევი ვირუსები ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება, ამის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხელების ხშირი დაბანა – განსაკუთრებით ბავშვის შეხებამდე, როცა გაციებული ხართ ან სხვა რესპირატორული დაავადება გაქვთ. ამ დროს მიზანშეწონილია პირბადის ტარება.
- მოარიდეთ ბავშვი იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გაციების სიმპტომები, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებული ან 2 თვემდე ბავშვები.
- რეგულარულად დაასუფთავეთ ზედაპირები, რომელსაც ბავშვი ეხება. განსაკუთრებით, თუ ოჯახის წევრი ავადაა.
- აიფარეთ ცხვირსახოცი ან იდაყვი ცემინებისა და დახველების დროს. დაიბანეთ ხელები შემდეგ ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით.
- არ გაუზიაროთ ჭიქა ოჯახის წევრებს.
- აწოვეთ ძუძუ, თუ ეს შესაძლებელია (სასუნთქი გზების ინფექციები გაცილებით ნაკლებად ემართებათ იმ ბავშვებს, რომლებსაც ძუძუთი კვებავენ).
წყარო: www.mayoclinic.org