Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დედამიცისს” ესაუბრება პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეონა ტაბატაძე.

რა დაავადებაა ბრონქიტი და ბავშვთა რა ასაკში გვხვდება ყველაზე ხშირად?

მწვავე ბრონქიტი ბრონქული ხის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რომელიც გამოვლინდება ხველით.

გვიანი გაზაფხული და ადრეული ზაფხული გაციების ვირუსებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, რინოვირუსი, ადენოვირუსი  საყვარელი პერიოდია. სწორედ ეს ვირუსებია  მწვავე ბრონქიტების ხშირი მიზეზი. გაციების გამომწვევ ვირუსებს ასაკობრივი ზღვარი არ აქვს და 0 თვიდან 15 წლამდე შეუძლია  დააზიანოს სასუნთქი გზები და ამიტომ ვეძახით რესპირაციულ ვირუსებს.

რა სიმპტომებით ვლინდება ბრონქიტი?

ამ ვირუსის პირველი ჩივილი შემაწუხებელი ხველით იწყება, შემდეგ უკვე გადადის სველ, ნახველიან ხველაში. ადრეული ასაკის ბავშვები ნახველს ყლაპავენ, რასაც შეიძლება მოჰყვეს ღებინება და მშობლის შიში და ღელვა. დინამიკაში ნახველი თანდათან თხიერდება და 5-10 დღეში ხველა გაივლის. ზოგადად, ბრონქიტის სიმპტომები ორ კვირამდე გრძელდება, თუმცა, იშვიათად, შეიძლება გახანგრძლივდეს 4-6 კვირა.  მშობლებს ძალიან აშფოთებთ, რომ ბავშვი დიდი ხანია ახველებს.

როგორ მკურნალობენ ბრონქიტს?

მედიკამენტოზური მკურნალობა ხველას არ სჭირდება, თუ მას არ დაერთვის ცხელება ან ბრონქოსპაზმი. მკურნალობა უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ ეს არის სპაზმური ხველა, რა დროსაც საჭიროა ალერგიისგან გამოწვეული ბრონქოსპაზმის კუპირება ანუ მოხსნა.

ბრონქოსპაზმის დროს  უნდა მივმართოთ ექიმს, რომ დანიშნოს მკურნალობა  სპაზმით განპირობებული  ხველის მოსახსნელად. ბრონქოსპაზმი შეგვიძლია ამოვიცნოთ ასე: თუ ბავშვთან ახლოს მივალთ და მოვუსმენთ მის სუნთქვას, გავიგონებთ მსტვინავი ხასიათის ხმიანობას. ამ დროს პატარას ამოსუნთქვა გაძნელებული აქვს.

როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა ხველა საშიში არის თუ არა?

თუ ხველა იწყება უცაბედად, სპაზმურად და პატარა მიირთმევდა საკვებს, ამ დროს ეს შეიძლება იყოს გადაცდენით გამოწვეული სპაზმური ხველა, ასეთ დროს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს მშობელმა. ამ ეტაპზე აქტუალურ რინოვირუსს და ადენოვირუსს პნევმონიის სახით გართულება ყველაზე ნაკლებად ახასიათებს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, მშობელი იყოს გაფრთხილებული სუნთქვის გახშირებასთან დაკავშირებით. თუ პატარას არ აქვს ცხელება, მოსვენებულ მდგომარეობაშია და მისი სუნთქვა გახშირებულია, ამ შემთხვევაშიც, სასურველია, რომ მიმართოს ექიმს. რაც შეეხება მკურნალობას, ხველის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყება თვითნებურად არ არის მიღებული პედიატრიულ ასაკში.

გვესაუბრეთ როდის სჭირდება ბავშვს ე.წ. ამოსახველებელი მედიკამენტები?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პირდაპირ აკრძალულია ბავშვებში ამოსახველებელი საშუალების დანიშვნა.  რეკომენდებულია მხოლოდ თბილი სითხეები. ერთადერთი რა დროსაც 2 წლამდე ასაკში ვიყენებთ ხველასთან დაკავშირებულ მედიკამენტს,   ეს არის ბრონქოსპაზმის დროს სპაზმის მოსახსნელი მედიკამენტები.

რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მწვავე ბრონქიტის (ბრონქოსპაზმის) თავიდან ასარიდებლად?

მშობლები შეძლებისდაგვარად უნდა ეცადონ, რომ ბავშვი მოარიდონ ალერგენებთან კონტაქტს – როგორიც არის, მაგალითად, ოთახის მტვერი,  თამბაქოს სუნი; უზრუნველყონ, რომ ბავშვი არ იყოს პასიური მწეველის პოზიციაში, რადგანაც თამბაქოს კვამლი დამატებით აღიზიანებს სასუნთქ გზებს და ახანგრძლივებს ხველის პერიოდს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5